როგორც ირკვევა, კიბო დინოზავრებსაც ემართებოდათ
პალეონტოლოგებმა 75 მილიონი წლის წინანდელ ქვაში ნაპოვნ ძვალს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და აღმოაჩინეს, რომ დინოზავრი კიბოსგან იტანჯებოდა.
მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა ძვალი ზედმიწევნით შეისწავლა, საბოლოოდ კი ოსტეოსარკომას დიაგნოზამდე მივიდა — ეს ძვლის კიბო დღეს მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს აწუხებს.
დინოზავრის ძვალში ოსტეოსარკომას აღმოჩენას კიბოს ევოლუციური წარმოშობისა და განვითარების შესახებ დაგროვილ ცოდნაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა შეუძლია. პალეონტოლოგ კატერინა ფოსტერის თქმით, თუკი ადამიანებსა და დინოზავრებს ძვლის კიბოს ერთი და იგივე ტიპი ჰქონდათ, ეს ნიშნავს, რომ ძვლის კიბოები ბევრად ადრე, ძუძუმწოვრებისა და რეპტილიების შთამომავლობის გაყოფამდე არსებობდა.
მკვლევრებს ძვალი განცალკევებით არ უპოვიათ, იგი უზარმაზარი გროვის ნაწილია, რომელიც რქიანი დინოზავრის უამრავ ძვალს შეიცავს. ტერიტორია 1989 წელს პალეონტოლოგიის ტაირელის სამეფო მუზეუმმა გათხარა.
წლების შემდეგ კი პალეონტოლოგმა დევიდ ევანსმა და პათოლოგიის სპეციალისტმა მარკ კროთერმა გადაწყვიტეს, რომ ტაირელის მუზეუმში წასულიყვნენ და იქ არსებული ძვლები შეესწავლათ, რათა დაედგინათ, ჰქონდათ თუ არა დინოზავრებს კიბო.
ევანსის თქმით, დინოზავრის ძვლებში კიბო სხვა პალეონტოლოგებსაც უპოვიათ, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ანალიზის მეშვეობით ავთვისებიანი სიმსივნე დადასტურდა.
ცოცხალი დინოზავრები — ჩიტები, სამომავლო კვლევებში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. ოსტეოსარკომა საკმაოდ ბევრ ჩიტში შეინიშნება, ეს კი, შესაძლოა, იმის გაგებაში დაგვეხმაროს, თუ როგორ ვითარდებოდა იგი.
"როდესაც პალეონტოლოგები დინოზავრის ძვლებზე პატარა ამობურცულობებს ხედავენ, ხშირად ამას უბრალო დაზიანებად თვლიან", — განაცხადა პალეონტოლოგმა ენდრიუ ფარკემ.
აღსანიშნავია, რომ უმძიმესი დიაგნოზის მიუხედავად, დინოზავრი კიბოს გამო არ მომკვდარა. იგი წყალდიდობის შედეგად დაიღუპა. ხოლო ის ფაქტი, რომ დინოზავრი დაავადებას დიდი ხნის განმავლობაში უმკლავდებოდა, შესაძლოა, დინოზავრების სოციალური ცხოვრების შესახებ ახალ ინფორმაციას გვაწვდიდეს.
ფარკეს თქმით, ცხოველები ავადმყოფობათა მიმართ იმაზე მეტად გამძლენი არიან, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამის მიუხედავად, ჯანმრთელი ცხოველების მხრიდან ზრუნვა დაავადებული დინოზავრისთვის ნამდვილად სარგებლის მომტანი იქნებოდა.
"თუკი შენ ავადმყოფი რქიანი დინოზავრი ხარ, ცალკე ყოფნის ნაცვლად შენნაირებთან ერთად ყოფნა სიცოცხლეს ნამდვილად გაგიხანგრძლივებდა", — აცხადებს ფარკე.
კომენტარები