თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი FBI-ს ექსპერტების ჩართვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან აქციას აანონსებს. როგორც მან გაცემა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში თქვა, აქციის მოწყობას ის ხვალ, 4 აგვისტოს 12 საათზე აპირებს.

"ამდენი ხანია არაფერი ვიცი ჩემი შვილის შესახებ. ამიტომაც მე იძულებული ვარ. FBI-ს ჩართვა მოვითხოვო. ამისთვის ხვალ 12 საათზე ვგეგმავ ფართომასშტაბიან აქციას აშშ-ს საელჩოს წინ. მთელ საქართველოს მივმართავ, ვინც მწერდა მესენჯერში, მისამძიმრებდა, თუკი რამით შეგვიძლია დახმარებაო, აი, დადგა მომენტი, როცა შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება. რაც მეტი ვიქნებით, ქუდზე კაცი თუ გამოვა და დამიდგებით გვერდში და მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ ჩემი შვილი მოკლეს, დიდი მადლობელი ვიქნები", — აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, თუ პროკურატურამ FBI-ს ჩართვაზე უარი განაცხადა, ამით ისინი "საკუთარ თავს გაყიდიან".

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლეოობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იპოვეს და რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს. მათთვის გაურკვეველია, როგორ ვერ იპოვეს მანქანა 4 დღის განმავლობაში, თუკი სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო დრონი. ადვოკატს, ასევე, აქვს კითხვა, რატომ იპოვა მანქანა მწყემსმა და ვერ მოახერხა ეს პოლიციამ.

ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანაში იპოვეს მისი ტელეფონი, რომელიც გამორთული იყო და ამოღებულია სხვადასხვა მედიკამენტიც. რამიშვილს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა პრეპარატებია, თუმცა აცხადებს, რომ ფსიქოტროპული არ არის.

ოჯახი უარყოფს ვერსიას, რომ 23 წლის ქალმა თავი მოიკლა და აცხადებს, რომ ის მოკლეს.

ამავე თემაზე: