ადამიანების მსგავსად, გორილები მეგობრებს წინდახედულად არჩევენ — კვლევა
დიდ ჯგუფებში მცხოვრებ გორილებს, შესაძლოა, ბევრი ნაცნობი ჰყავდეთ, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, ისინი უპირატესობას რამდენიმე ახლო მეგობართან ურთიერთობებს ანიჭებენ.
ეს ჩვენ სახეობასთან დაკავშირებული იმ თეორიის მსგავსია, რომლის მიხედვითაც, ტვინის ზომასა და ჯგუფის ზომას შორის კავშირზე დაყრდნობით, ჩვენ მხოლოდ 150 ადამიანთან შეიძლება გვქონდეს სტაბილური ურთიერთობა.
ტვინის ზომისა და დღეში სოციალური აქტივობისთვის განკუთვნილი დროის მიხედვით, პრიმატებს დაახლოებით 50 სტაბილური მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება შეუძლიათ. ახალი კვლევის მიხედვით, ისეთ ჯგუფებში, სადაც 12-20 წევრია, სოციალური ცხოვრება უფრო კომპლექსური არ ხდება.
მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, თუ რატომ არსებობს ეს სქემა, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ეს პრიმატების მიერ სოციალურ ცხოვრებაში დახარჯულ დროსთან და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.
"ჩვენი კვლევის მიხედვით, მრავალფეროვანი სოციალური ურთიერთობა ისეთ ძალიან დიდი ჯგუფებშიც დაბალია, რომლებშიც თითქოს გორილები უფრო მეტ ურთიერთობას უნდა აყალიბებდნენ", — განაცხადა ანთროპოლოგმა რობინ მორისონმა.
მიღებული აზრია, რომ რაც უფრო დიდია ჯგუფი, უფრო კომპლექსური და მრავალფეროვანია ცხოველების სოციალური ცხოვრებაც. თუმცა, შესაძლოა, ჯგუფის ზომასა და ურთიერთობის კომპლექსურობას შორის პირდაპირი კავშირი არ იყოს.
მეცნიერები წლების განმავლობაში გორილების 13 ჯგუფს აკვირდებოდნენ — იმას, თუ რა დროს ხარჯავდა 150 ინდივიდი ფიზიკურ აქტივობაში, კვებაში თუ სხვებთან ურთიერთობაში.
"ძალიან ბევრი პრიმატისთვის სოციალური ურთიერთობა შეიძლება იმით განისაზღვროს, თუ რამდენ დროს უთმობენ ისინი ერთამენეთის მოწესრიგებას, თუმცა გორილები სხვა პრიმატებთან შედარებით მოწესრიგებაში ნაკლებ დროს ხარჯავენ", — განმარტავს მორისონი.
დაკვირვებების მიხედვით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჯგუფის სიდიდე მრავალფეროვანი ურთიერთობების ნაკლებად მნიშვნელოვანი საზომია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების მსგავსად, გორილებს ახლო მეგობრების შესაძენად განსაზღვრული რიცხვი აქვთ. ასევე, ადამიანების მსგავსად, ზოგიერთი გორილა სოციალიზაციას უფრო წარმატებით ახერხებს, ვიდრე სხვები.
აღსანიშნავია, რომ მამრი და მდედრი გორილები თავდაპირველად ურთიერთობის მსგავს მრავალფეროვნებას ინარჩუნებენ, თუმცა როდესაც ისინი იზრდებიან, ეს მაჩვენებელი იცვლება.
მდედრი გორილები სიცოცხლის განმავლობაში შედარებით უფრო მყარ და მუდმივ ურთიერთობებს აყალიბებენ. ხოლო მამრები მომწიფების დროს მეგობრებთან ურთიერთობას, როგორც წესი, წყვეტენ.
"კვლევები, რომლებიც ჯგუფის ზომას, როგორც სოციალური კომპლექსურობის საზომს, ისე განიხილავენ, შეზღუდული იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინდივიდების მიერ გამოცდილი კოგნიტური მოთხოვნების გაგება გსურს. ასევე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სოციალური მრავალფეროვნება სოციალურ კომპლექსურობას სრულად ვერ აღწერს", — ნათქვამია კვლევაში. თუკი პრიმატების სოციალური ცხოვრების კომპლექსურობას გვინდა ჩავწვდეთ, დაკვირვების ბევრად მრავლისმომცველი მეთოდი გვჭირდება — ტვინის ზომისა და ჯგუფის ზომის შედარება ამისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები