TikTok ვიდეოს შემქმნელებისთვის ფულის გადასახდელად $200 მლნ-იან ფონდს ქმნის
რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება TikTok-ის პოპულარობაც, ხოლო სოციალურ ქსელზე ვიდეოების აქტიური შემქმნელები მალევე ცნობილი ადამიანების სტატუსს იმსახურებენ. შედეგად, კომპანია მომხმარებლების წახალისების მიზნით $200 მილიონის გამოყოფას გეგმავს.
TikTok-ის წარმომადგენლის თქმით, ახალი ფონდი აპლიკაციის საშუალებით ამბიციურ მომხმარებლებს თანხის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს. აქამდე ტიკტოკზე მონეტიზაცია მხოლოდ პირდაპირი ჩართვებისას ხდებოდა, თუმცა ამიერიდან ფულის გამომუშავება ვიდეოს შექმნითაც შესაძლებელი ხდება.
ტიკტოკების ავტორები რეგულარულ შემოსავალს წლის განმავლობაში მიიღებენ, ხოლო ფონდი სულ უფრო მზარდი იქნება. ამასთან, კომპანია არ აზუსტებს გადახდილი თანხის მაქსიმალურ ზღვარს. ასევე უცნობია, რა სიხშირით მოხდება თანხის გადახდა და საშუალოდ რამდენს გამოიმუშავებს ტიკტოკერი.
დაფინანსების მოსაპოვებლად ტიკტოკერმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გააგზავნოს. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც მომხმარებელმა უნდა დააკმაყოფილოს, მისი ასაკია — ფულს მიიღებს ის, ვისაც უკვე შეუსრულდა 18 წელი. მონეტიზაციის პროგრამაში ჩასართავად ასევე საჭიროა გყავდეთ მიმდევრების მინიმალურ რაოდენობა, თუმცა კონკრეტული რიცხვი ამჟამად უცნობია. აშშ-ის ტერიტორიაზე მონეტიზაციის ჩართვის მოთხოვნის გაგზავნას მომხმარებლები აგვისტოდან შეძლებენ.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ტიკტოკი ავტორებს ფულის გამომუშავებას სთავაზობს. მაისის თვეში სოციალურმა ქსელმა პლატფორმის გამოყენების ტრენერების დასაფინანსებლად $50 მილიონი გამოყო.
იუთუბისგან განსხვავებით, რომელიც მონეტიზაციას რთავს მაშინ, როცა არხს 1000 გამომწერი ჰყავს და ვიდეოს ყურების დრო ბოლო 12 თვეში 4 ათას საათს აღწევს, ტიკტოკი ინსტაგრამის მოდელს იმეორებს. შემქმნელებს დაფინანსებული ვიდეოს გაშვება თავად შეუძლიათ, თუმცა ეს მოდელი არანაირ კავშირში არაა ტიკტოკის მონეტიზაციის პროგრამასთან.
ტიკტოკის მსგავსი სოციალური ქსელის, Vine-ის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, მან საკუთარი ნიჭიერი ავტორების ნაწილი დაკარგა, რადგან ისინი იუთუბზე სწორედაც რომ მონეტიზაციის შესაძლებლობის გამო გადავიდნენ. მომხმარებლებისთვის რეგულარული მონეტიზაციის შესაძლებლობის მიცემა ტიკტოკს მსგავსი პრობლემის განმეორების თავიდან არიდებაში დაეხმარება.
ეს სტრატეგიული სვლა ტიკტოკისთვის იმ მხრივაც არის მომგებიანი, რომ პლატფორმა თავად გადაწყვეტს, ვინ დააფინანსოს და ამით შეძლებს, თავიდან აირიდოს ისეთი პრობლემები, რაც მონეტიზაციის იუთუბის მოდელს აქვს. შეგახსენებთ, რომ იუთუბზე ხშირად ფულს გამოიმუშავებენ ის არხები, რომლებიც შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული შინაარსის ვიდეომასალას ქმნიან.
ფონდი კომპანიას ასევე დაეხმარება, შეეწინააღმდეგოს აშშ-ის მთავრობას, რომელსაც პლატფორმის აკრძალვა სურს. ტიკტოკმა რამდენიმე თვის განმავლობაში გააკეთა ყველაფერი, რათა ამერიკული კომპანიის სტატუსი მოეპოვებინა — დააფუძნა კამპუსი ლოს-ანჯელესში, აირჩია ამერიკელი გენერალური დირექტორი და უახლოეს მომავალში აშშ-ის ტერიტორიაზე 10 ათასი ახალი თანამშრომლის აყვანასაც აპირებს.
კომენტარები