ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, გორის მერიამ სათამაშო მოედანი ქართული ოცნების კოორდინატორს მიჰყიდა. გორში გამართულ აქციაზე პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ მოედნის ადგილას იმ რესტორნის პარკინგის მოწყობა იგეგმება, რომლის მეპატრონესაც გადასცეს ტერიტორია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციაზე მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ და განაცხადეს, რომ მოშორებით ახალი სტადიონი აშენდება და ეს ყველაფერი მოსახლეობის მოთხოვნით ხდება.

On.ge დაუკავშირდა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს. მისი განმარტებით, მოედანი დაზიანებული იყო და მოსახლეობა ითხოვდა ახალი მოედანი უფრო ცენტრში გაკეთებულიყო.

მერის თქმით, მათ გამოაცხადეს კონკურსი, რის შემდეგაც არსებული სათამაშო მოედანი შეისყიდა კონკრეტულმა რესტორანმა და მან ახალი მოედნის ასაშენებლად 100 ათას ლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღო.

"ეს თვითონ მოსახლეობამაც იცის, მოსახლეობაც საქმის კურსშია და მათი ხელმოწერებიც არის ამაზე. [ნაციონალურ მოძრაობას] სხვა სათქმელი და სალაპარაკო რომ არაფერი აქვთ, მოკრავენ ყურს რაღაცას, ბოლომდე არ შეისწავლიან, გამოდიან და ყვირიან", — აცხადებს თავზარაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ტერიტორია უკვე გამოყოფილია და ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა მალე დაიწყება. ის ამტკიცებს, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგშია და მოედნის გასხვისებით "ბიუჯეტმაც მიიღო სარგებელი და ახალი სტადიონიც აშენდება".