ადამიანის მთვარეზე დაშვების ისტორიული კადრები AI-მ გააუმჯობესა
აპოლოს მთვარის მისიების დროს გადაღებული ვიდეოები მართლაც შთამბეჭდავია, რასაც მათ გარჩევადობაზე ვერ ვიტყვით. მართალია, რომ NASA-მ ამ გამოსახულებებიდან განსაკუთრებით პოპულარულების აღდგენასა და გაუმჯობესებაზე იმუშავა, თუმცა აქამდე არსებული შედეგი მაინც უკეთესის სურვილს აჩენდა.
ახლა კი, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ამ გამოსახულებების სრულიად ახალი ხარისხით განახლება გახდა შესაძლებელი. ფირების აღდგენის სპეციალისტმა, რომელსაც სახელით DutchSteamMachine იცნობენ, AI-ის მეშვეობით აპოლოს ორიგინალი ჩანაწერები ისე გააუმჯობესა, რომ შედეგად ბევრად სუფთა და ზუსტი ვიდეოკადრები მივიღეთ.
AI, რომელიც DutchSteamMachine-მა გამოიყენა, ღია წყაროს მქონე პროგრამულ უზრუნველყოფას ეფუძნება, უფასოა და გამუდმებული განახლებისა და გაუმჯობესების პროცესს გადის. მას შემოკლებით DAIN-ს (Depth-Aware video frame INterpolation) ეძახიან.
მოძრაობის ინტერპოლაცია ვიდეოს გადამუშავების ფორმაა, რომლის დროსაც არსებულ კადრებს შორის შუალედური ანიმაციური კადრები გენერირდება, რათა ვიდეო მეტად გამართული და ზუსტი გახდეს.
"პირველ რიგში, არსებულ ვიდეოთა შორის ყველაზე მაღალი ხარისხის მქონეს პოვნას შევუდექი, რაც, საბედნიეროდ, გამომივიდა და ხარისხის პრობლემაც მოგვარდა. მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა ყველაზე ხარისხიან წყაროზე დაიწყო", — განმარტავს ის, — "თუმცა, ვიდეოს გარკვეული ნაწილები მაინც ძალიან უხარისხო იყო, ეს კი იმიტომ, რომ როვერების მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში წამში 12, 6 ან 1 კადრიც კია".
DutchSteamMachine-მა აპოლოს ვიდეოებზე სამსახურისგან თავისუფალ დროს იმუშავა და ისინი მის YouTube არხზე უფასოდაა ხელმისაწვდომი.
"სამომავლოდ აპოლოს უამრავი კადრის გაუმჯობესებას ვგეგმავ", — განაცხადა მან.
ეს ვიდეო აპოლო 16-ის მისიის დროსაა გადაღებული, რომელშიც ასტრონავტები ჩარლი დიუკი და ჯონ იანგი მონაწილეობდნენ. ორიგინალი ვიდეო წამში 12 კადრისგან შედგება, ახლა კი ის წამში 60 კადრამდეა გაზრდილი.
აპოლო 15-ის მისიის დროს გადაღებული ვიდეო, რომელშიც მთვარეზე დაშვების ადგილი მოჩანს.
აპოლო 11-ის მისიის დროს გადაღებული ვიდეო, რომელშიც ნილ არმსტრონგია აღბეჭდილი.
კომენტარები