უნდა წაშალოთ თუ არა TikTok? — რას ამბობენ ექსპერტები აპლიკაციაზე, რომლის აკრძალვაც ტრამპს სურს
მაშინ, როცა აშშ-ის მთავრობა ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვას განიხილავს, ამ სტატიაში TikTok-თან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე შეიტყობთ პასუხს
მთელ მსოფლიოში პოპულარული აპლიკაცია, TikTok, შესაძლოა, აშშ-ში აიკრძალოს. ჩინური სოციალური ქსელის საკუთარი თანამშრომლებისთვის აკრძალვას აპირებს რამდენიმე წამყვანი კომპანიაც, მიზეზად კი უსაფრთხოების პრობლემებს ასახელებენ.
რას ნიშნავს ეს? უნდა წაშალოთ თუ არა TikTok თქვენი მოწყობილობიდან?
რა არის TikTok?
TikTok სნეპჩეტისა და ინსტაგრამის მსგავსი ვიდეო-გაზიარების აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარ პროფილზე განათავსოს 15 წამიდან 1 წუთამდე ხანგრძლივობის მოკლე ვიდეო, რომელსაც, როგორც წესი, მუსიკა ან ფილმის ამოჭრილი აუდიო ჩანაწერი ერთვის. ვიდეოები შეგიძლიათ "მოიწონოთ", მოძებნოთ ჰეშტეგებით და გაუზიაროთ სხვებს.
სად არის შექმნილი აპლიკაცია?
TikTok-ის წინამორბედი Musical.ly აპლიკაციაა, რომელმაც პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. მასზე მომხმარებელს ეგრეთ წოდებული lipsync ვიდეოების გაზიარება შეეძლო. ჩინურმა კომპანიამ, ByteDance-მა აპლიკაცია 2018 წელს შეიძინა და მოგვიანებით დამატებით ფუნქციებთან ერთად და ახალი სახელით თავიდან გაუშვა.
მას შემდეგ TikTok-ის პოპულარობამ იფეთქა და მან მსოფლიოში 2020 წლის პირველი სამი თვის ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაციის სტატუსიც მოიპოვა. მთლიანობაში, იგი დაახლოებით 2 მილიარდჯერ ჩამოტვირთეს, ხოლო მომხმარებელთა დიდ ნაწილს, 41 პროცენტს, ახალგაზრდები, 16 წლიდან 24 წლამდე ადამიანები შეადგენდნენ.
რა არის პრობლემის არსი?
რადგან TikTok-ის მფლობელი კომპანია, ByteDance, ჩინეთშია დაფუძნებული, არსებობს შიში, რომ ის მომხმარებელთა მონაცემებს, შესაძლოა, ჩინურ მთავრობას აწვდიდეს. ეს შეიძლება ხდებოდეს გამიზნულად, მონაცემების მოთხოვნით ან უნებლიეთ — სამეთვალყურეო პროგრამის საშუალებით.
მეტწილად გაფრთხილებები სწორედ უსაფრთხოების პრობლემებს შეეხება — იმას, თუ რა რაოდენობის ინფორმაციას აგროვებს TikTok მომხმარებლის მოწყობილობიდან.
"შიშის საფუძველი ისაა, რომ TikTok-ის შეგროვებულ ინფორმაციას შეუძლია იმაზე მეტი დეტალი გასცეს მომხმარებელზე, ვიდრე ეს უკანასკნელი აპირებდა გამხელას, კერძოდ — მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი და საქმიანობა", — ამბობს კრის მორალესი, კიბერუსაფრთხოების კომპანია Vectra-ს უსაფრთხოების ანალიზის ხელმძღვანელი, — "თეორიულად, სამხედრო ბაზით ან სახელმწიფო ტექნოლოგიებით შესაძლებელია, ვიღაცის ადგილმდებარეობის ცვლილებას თვალყური ადევნო".
საფრთხე ასევე უკავშირდება TikTok-ის კოდს. ექსპერტები შიშობენ, რომ იგი, შესაძლოა, უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის პოლიტიკას არღვევდეს. აპლიკაციაში შემჩნეული მთავარი ხარვეზებიდან ერთ-ერთი 2020 წლის იანვარში აღმოაჩინეს. იგი პოტენციურ ჰაკერს საშუალებას აძლევს, მოიპოვოს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა, უნებართვოდ ატვირთოს ვიდეო, არსებული პირადი ვიდეოები საჯარო გახადოს ან წაშალოს ისინი.
რამდენად რეალურია აღნიშნული საფრთხეები?
როგორც სან-ფრანცისკოს მობილური კიბერუსაფრთხოების კომპანიის, Lookout-ის კვლევამ აჩვენა, TikTok ნამდვილად აგროვებს მომხმარებლის ინფორმაციის მნიშვნელოვნად დიდ ნაწილს. დარეგისტრირებისათვის მომხმარებელმა უნდა მიუთითოს საკუთარი ელფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა სოციალურ ქსელში არსებული ანგარიშის ბმული. თვითონ აპლიკაცია ასევე ითხოვს წვდომას მომხმარებლის ადგილმდებარეობაზე, აუდიო და ვიდეო გადაღებასა და მოწყობილობაში არსებულ კონტაქტებზე.
ეს ყველაფერი დიდად აღემატება იმ მონაცემების რაოდენობას, რომლებსაც ტვიტერის და ფეისბუქის მსგავსი კომპანიები აგროვებენ. Lookout-ის უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის მენეჯერი, ჰენკ შლესი, ამბობს, რომ შეგროვებული ინფორმაცია ადვილად შეიძლება გამოიყენონ აპლიკაციის მომხმარებელი ცალკეული პირების იდენტიფიცირებისა და თვალთვალისათვის. "ის ფაქტი, რომ TikTok ჩინურ კომპანიას ეკუთვნის, ამ უსაფრთხოების პრობლემებს მეტად სარწმუნოს ხდის", — დასძენს შლესი.
ჩინეთი სხვა ქვეყნების მთავრობებზე მეტად აიძულებს კომპანიებს მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვებას. TikTok-ის მფლობელ კომპანიას, ByteDance-ს, სინძიანის ადგილობრივ პოლიციასთან თანამშრომლობის გამოცდილებაც კი აქვს. ეს ის მხარეა, სადაც ოფიციალურ პეკინს დაახლოებით 1 მილიონამდე ადამიანის, მეტწილად რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების, საგანმანათლებლო ბანაკებსა და საპატიმროებში დაკავება ედება ბრალად — როგორც ამას 2019 წლის ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის (ASPI) კვლევა ამტკიცებს. კვლევაში ნათქვამია, რომ კომპანია აქტიურ როლს თამაშობს "სინძიანში მმართველი პარტიის პროპაგანდის გავრცელებაში".
TikTok-მა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ისინი ჩინეთის მთავრობას არ აწვდიან ინფორმაციას. მაისში კი, ByteDance-ისგან გასამიჯნად, მთავარ აღმასრულებელ მენეჯერად დისნეის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კალიფორნიელი კევინ მეიერი, აიყვანა.
თუმცა კვლევები საპირისპიროზე მიუთითებს. უსაფრთხოების ერთ-ერთი კომპანიის, Penetrum-ის, კვლევა მოწმობს, რომ აპლიკაციის მიერ შეგროვებული მონაცემები შეიძლება Alibaba-ს ჩინურ სერვერებზე გადამისამართდეს, რომელსაც წარსულში ასევე ჰქონდა უსაფრთხოების ხარვეზები საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკიდან გამომდინარე. სერვერები, რომლებიც ჩინეთშია დაფუძნებული, ჩინეთის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშაა მოქცეული, შესაბამისად, მათი გამოთხოვა ოფიციალური პეკინისთვის უფრო მარტივი იქნება.
"ჩვენი დაკვირვებიდან და აღმოჩენებიდან ჩანს, რომ TikTok მეტისმეტად აკონტროლებს საკუთარ მომხმარებლებს და შეგროვებულ მონაცემებებს ნაწილობრივ მაინც — თუკი მთლიანად არა — ჩინურ სერვერებზე ამისამართებს, რომლებიც Alibaba-ს ეკუთვნის", — ნათქვამია Penetrum-ის განცხადებაში.
თუკი ჩემი მონაცემთა უსაფრთხოება არ მადარდებს?
აპლიკაციასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მის მოდერაციას და იმას ეხება, თუ რამდენადაა იგი ჩინეთის სოციო-პოლიტიკური ნორმებით მოცული. 2019 წლის სექტემბერში The Guardian-მა აღმოაჩინა, რომ TikTok-ის მოდერატორები ბლოკავდნენ ვიდეოებს, სადაც ტიანანმენის მოედანი, ტიბეტის დამოუკიდებლობა და ფალუნგუნის რელიგიური ჯგუფი იყო მოხსენიებული.
მარტში გამოქვეყნებული The Intercept-ის სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მოდერატორებს ნაბრძანები ჰქონდათ, წაეშალათ იმ მომხმარებლების ვიდეოები, რომლებიც შეუხედავი, ღარიბი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იყვნენ. აპლიკაციიდან იშლებოდა ის მასალაც, რომელიც ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ასახავდა.
სად არის აპლიკაცია აკრძალული?
Wells Fargo-მ საკუთარ თანამშრომლებს ორშაბათს განუცხადა, რომ საკუთარი მოწყობილობებიდან TikTok წაეშალათ. იმავე წინადადებით მიმართა ამაზონმა თავის თანამშრომლებს, თუმცა შემდგომში განცხადება გადააკეთა და ახსნა, რომ მითითება შეცდომით გაიგზავნა.
ივნისის თვეში ინდოეთში TikTok და 50 სხვა ჩინური აპლიკაცია აიკრძალა, მიზეზად კი დაასახელეს, რომ ისინი ქვეყნის "ერთიანობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხეს" წარმოადგენდნენ.
გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია "განიხილავდა" აპლიკაციის აკრძალვას იმავე მიზეზებით.
წინა წლის დეკემბერში აშშ-ის არმიასა და საზღვაო ძალებში მომუშავეებს ასევე წააშლევინეს აპლიკაცია სამხედრო მოწყობილობებიდან. მარტში კი ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ფედერალურ თანამშრომლებს სამსახურთან დაკავშირებულ მობილურ ტელეფონებში TikTok-ის გამოყენებას უკრძალავს.
აშშ-სა და ინდოეთს ჩინეთთან რთული ურთიერთობა აკავშირებთ, ვაშინგტონი და პეკინი კი წლებია, სავაჭრო ომში არიან ჩამბული. 2019 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინური კომპანიის, ჰუავეის, პროდუქციის გაყიდვა აკრძალა ქვეყანაში, ამ კვირას კი კომპანიის თანამშრომლებს სანქციებით დაემუქრა.
რაც შეეხება ინდოეთს, იქ TikTok-ის აკრძალვა იმ დაპირისპირებას მოჰყვა, რომელიც ინდოეთის და ჩინეთის სამხედრო ძალებს შორის მოხდა.
"ეს ჩვეულებრივი ქარიშხალია, სადაც ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკური მეტოქეობა ერთმანეთს ერევა", — ამბობს დაგლას შმიდტი, ვანდერბილტის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი, — "ამგვარი პროცესები გეოპოლიტიკურ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებისას ეფექტიან ტაქტიკად გამოიყენება".
TikTok-ს ბრალდებების საპასუხოდ კომენტარის გაკეთების თხოვნაზე არ უპასუხია.
კომენტარები