ვირზაზუნის ხორცის ჭამის შემდეგ მონღოლეთში 15 წლის მოზარდი შავი ჭირისგან დაიღუპა
მონღოლეთის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ქვეყნის დასავლეთ რეგიონში ბუბონური შავი ჭირისგან 15 წლის ბიჭი დაიღუპა. თინეიჯერს შავი ჭირი ვირზაზუნაზე ნადირობისა და მისი ჭამის შემდეგ დაუდასტურდა, იგი 12 ივლისს გარდაიცვალა.
ვირზაზუნები დიდი მიწის ციყვები არიან — მღრღნელები, რომლებიც ისტორიულად რეგიონში მომხდარ შავი ჭირის აფეთქებებთან არიან დაკავშირებულნი. ტესტებმა დაადასტურა, რომ მოზარდს შავი ჭირი ჰქონდა და ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გობი-ალთაის რეგიონში კარანტინი გამოაცხადეს. კარანტინი, რომელიც 12 ივლისს დაიწყო, 18 ივლისამდე გაგრძელდება. 15 ადამიანი, რომელსაც მოზარდთან ჰქონდა შეხება, უკვე იზოლირებულია და ყველა მათგანი ჯანმრთელია.
მღრღნელები შავი ჭირის გადატანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მაგრამ დაავადება, შესაძლოა, რწყილის ნაკბენისგან ან ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს.
შუა საუკუნეებში შავმა ჭირმა ევროპაში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა დღეს არსებულ ანტიბიოტიკებს გართულებებისა და სიკვდილის რისკის თავიდან აცილება შეუძლია.
ბუბონური ჭირი, რომელიც შავი ჭირის სამი ფორმიდან ერთ-ერთია, ლიმფური კვანძების შესიებასა და ტკივილს იწვევს. სიმპტომებს შორისაა სიცხე და ხველებაც.
მიმდინარე თვის დასაწყისში მონღოლეთში ბუბონური შავი ჭირის ორი შემთხვევა მეზობელ ქალაქ ხოვდში დაფიქსირდა. რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სასაზღვრე არეში მცხოვრებლებს განუცხადეს, რომ ვირზაზუნებზე არ ინადირონ და მისი ხორცი არ ჭამონ.
შავი ჭირი ასევე 7 ივლისს, პეკინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბაიანურშიც დაფიქსირდა. 2019 წელს კი მონღოლეთში წყვილი უმი ვირზაზუნის ხორცის ჭამის შედეგად გარდაიცვალა, რის გამოც მაშინაც კარანტინი გამოცხადდა.
გასულ კვირას კი აშშ-ში, კოლორადოს შტატში ჭირი ციყვს დაუდასტურდა. აშშ-ში ყოველწლიურად შავი ჭირის რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება, 2015 წელს კი შავი ჭირისგან წყვილი დაიღუპა.
WHO-ს მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით ყოველ წელს შავი ჭირის 1 ათასიდან 2 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
კომენტარები