ჩინეთის ქალაქში ბუბონური შავი ჭირი დაბრუნდა — ადგილობრივი მთავრობა განგაშს აცხადებს
შავი ჭირი ბაქტერიით განპირობებული დაავადებაა, რომელიც ადამიანებს ინფიცირებული ცხოველებისგან გადაეცემათ. ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ ბაქტერიულ ინფექციად ითვლება.
შუა საუკუნეებში შავმა ჭირმა ევროპაში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ბუბონური შავი ჭირი იწვევს ხველებას, ლიმფური ჯირკვლების შეშუპებას და მისი მიმდინარეობა ძალიან მტკივნეულია.
ამჯერად შავი ჭირი პეკინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში, ბაიანურში დაფიქსირდა. რეგიონში მესამე დონის განგაში გამოცხადდა. ჯანდაცვის წარმომადგენლები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და ცხოველებზე ნადირობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
"ამ მომენტში ქალაქში შავი ჭირის გავრცელების საშიშროება არსებობს. საზოგადოებამ თავდაცვის და პრევენციის ზომები უნდა გააუმჯობესოს", — ნათქვამია ჩინეთის ჟურნალში China Daily-ში.
ბაიანურის ადგილობრივი მთავრობა მოქალაქეებს სთხოვს, რომ მკვდარი ვირზაზუნის (მონღოლეთში და ჩინეთში გავრცელებული ცხოველი) პოვნის შემთხვევაში ჯანდაცვის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. აღსანიშნავია, რომ ვირზაზუნა შავი ჭირის ეპიდემიის მიზეზი არაერთხელ გამხდარა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ცხოველემა 1911 წელს, ჩრდილოეთ ჩინეთში შავი ჭირის ეპიდემია გამოიწვია, რამაც 63 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ვირზაზუნაზე ნადირობა ჩინეთში საკმაოდ გავრცელებულია. მისი ტყავი მთელ ქვეყანაში იყიდება.
მიუხედავად იმისა, რომ 1911 წლის ეპიდემიის ლოკალიზაცია 1 წელში მოხერხდა, შავი ჭირის შემთხვევები თავს ათწლეულების მანძილზე იჩენდნენ. წინა კვირას მონღოლეთში ბუბონური შავი ჭირის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
შავი ჭირი ხშირად შუა საუკუნეებთან არის ასოცირებული, თუმცა ის დღემდე არსებობს. WHO-ს მიხედვით, შავი ჭირი ხელახალი გავრცელების შესაძლებლობის მქონე დაავადებაა.
ანტიბიოტიკების მასობრივი წარმოების დაწყებასთან ერთად, შავი ჭირის მკურნალობა შესაძლებელი გახდა — მსგავსი ფუფუნება შუა საუკუნეების ევროპაში ნამდვილად არ ჰქონიათ. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად შავი ჭირი 1 ათასიდან 2 ათასამდე ადამიანს ემართება.
შავი ჭირი რამდენიმეგან, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მადაგასკარში და პერუში ენდემურია. ანუ ის მუდმივად არსებობს და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოს ქმნის. თუმცა შავი ჭირი დასავლეთის ქვეყნებშიც იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, აშშ-ში ყოველწლიურად შავი ჭირის რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება. 2015 წელს კოლორადოში ჭირით 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ბუბონური შავი ჭირი, შესაძლოა, პნევმონიურ შავ ჭირშიც გადაიზარდოს, თუ ბაქტერია ფილტვებს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაქტერიული ინფექცია საკმაოდ საშიშია, ანტიბიოტიკების და სამკურნალო პრეპარატების დროული ადმინისტრაციის შემთხვევაში, მისი ეფექტიანი მკურნალობა სავსებით შესაძლებელია.
კომენტარები