პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას აზრით, ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შესატანი ცვლილებები მედიისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ თემაზე კითხვას მან ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა. კანონპროექტში შესატან ცვლილებებს პარლამენტში დღესაც, 10 ივლისსაც კომიტეტზე განიხილავენ.

"ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, მედიის თვალსაზრისით ეს [კანონპროექტი] არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს, მე როგორც ვიცი, საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას, ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, განუკითხაობა, ეს დასასრულებელია, ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა ასევე, სახელმწიფოც პასუხისმგებელია", — თქვა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, სანა სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო იარსებებს, მანამდე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მსგავს მიმართულებებზე. გახარიას შეფასებით, კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობოების და ოპოზიციის კითხვისნიშნები უსაფუძვლოა.

შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს. კომისიისთვის აღნიშნული ბერკეტის მიცემას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.

მედიის სფეროს წარმომადგენლები და იურისტები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიებს, ინტერნეტ ან მობილურ პროვაიდერებს ეხებათ, არამედ ამ ცვლილებების მიზანი მაუწყებლთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობაა.

კომუნიკაციების კომისია ამბობს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები მედიასა და მაუწყებლებს არ ეხებათ. ამის შესახებ On.ge-ს კომინიკაციების კომისიის პრესამსახურში განუცხადეს. მათივე მტკიცებით, ინფორმაცია თითქოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, ტყუილია.

ამ თემზე გუშინ, 9 ივლისს განცხადება გაავრცელა კავკასუს ონლაინმა, მაგთიკომმა და კიდევ ექვსმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ. ისინი მთავრობას მიმართავენ, არ დაუშვან ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა. მათი თქმით, ახალი კანონპროექტი და დროებითი მმართველის დანიშვნა სამართლის პრინციპების უგულებელყოფაა.