პატრონის ქცევა ძაღლის კომუნიკაციურ უნარებზე პირდაპირ გავლენას ახდენს
მკვლევრების მიხედვით, ძაღლების მოშინაურების 30 ათასმა წელმა ამ ცხოველში კომუნიკაციის ისეთი პრინციპები განავითარა, როგორებსაც ადამიანებთან ვხვდებით.
ამის დასამტკიცებლად მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელიც დამალული ნივთის სავარჯიშოს გამოყენებით ძაღლისა და ადამიანის ურთიერთობაზე გავლენის მქონე ფაქტორებს გამოავლენდა. ექსპერიმენტში მონაწილეობას მეპატრონისა და ძაღლის 30 წყვილი იღებდა. მკვლევრები კომუნიკაციურ ქცევაზე, კერძოდ ძაღლის მიერ მეპატრონისთვის დამალული სათამაშოს ჩვენებაზე ფოკუსირდნენ.
სანამ მეპატრონეები სხვა ოთახში იცდიდნენ, ექსპერიმენტის მწარმოებელი ძაღლის თვალწინ მის საყავარელ სათამაშოს ოთხი ყუთიდან ერთ-ერთში მალავდა. როდესაც პატრონი ოთახში შევიდოდა, ძაღლს უნდა ეჩვენებინა, თუ სად დამალეს სათამაშო. თუკი მეპატრონე სათამაშოს წარმატებით იპოვიდა, წყვილს უფლება ჰქონდა ჯილდოს სახით ეთამაშა. მონაწილეების შემოწმება ორი ტიპის გარემოში ხდებოდა, ერთში, სადაც ყთები უფრო ვიწროდ იყო განლაგებული და მეტად ზუსტი მითითება იყო საჭირო და მეორეში, სადაც ისინი უფრო ფართოდ იყვნენ განლაგებულნი და უბრალოდ მიმართულების მითითებაც საკმარისი იყო.
მკვლევრებმა ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ძაღლები უმცირესი ძალისხმევის პრინციპს (თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანები, ცხოველები და ჭკვიანი მოწყობილობებიც კი მიდრეკილნი არიან ყველაზე მარტივი, წინაღობების არმქონე გზის არჩევისკენ) მისდევდნენ, რადგან ისინი მარტივი დავალების დროს იმავე ენერგიას ხარჯავდნენ, რამდენსაც რთული დავალების დროს. ეს, შეიძლება, ძაღლის ძალისხმევაზე პატრონის გავლენის შედეგი იყოს. ასევე აღსანიშნავია, რომ, მართალია, ძაღლები ორივე დავალების დროს ერთნაირად იქცეოდნენ და ენერგიის ერთნაირ ოდენობას ხარჯავდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სათამაშოს ჩვენების მათეული სტრატეგიები პირობების მიხედვით მეტად ან ნაკლებად ზუსტი იყო.
კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლის ძალისხმევაზე და მისი არჩევანის სიზუსტეზე გავლენის მქონე მნიშვნელოვან ფაქტორს პატრონის ქცევა წარმოადგენს. ძაღლებს, რომლებსაც პატრონები ამხნევებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ სათამაშო ეპოვათ, ძალისხმევა ემატებოდათ, თუმცა საერთო ჯამში მათი სიზუსტე მცირდებოდა.
"აქამდე ჩატარებულ კვლევებში გვინახავს, რომ თუკი ძაღლებს თვალებში ვუყურებთ ან აქტიურად ვესაუბრებით, ისინი მზად არიან, გვემსახურონ. ეს მდგომარეობა ძაღლებს აიძულებთ, რომ ჩვენს ბრძანებებს დაემორჩილონ. შესაბამისად, როდესაც პატრონები ეკითხებოდნენ ძაღლებს: 'აქ არის სათამაშო?', ძაღლებს, შეიძლება, უბრალოდ ნებისმიერი ყუთი ეჩვენებინათ", — განაცხადა კვლევის ავტორმა მელანი ჰენშელმა.
ეს კვლევა პირველია, რომელიც ასახავს, თუ რა გავლენას ახდენენ პატრონები ძაღლის მიერ შესრულებული ამოცანის სიზუსტესა და წარმატებაზე.
"ჩვენ ძალიან გაკვირვებულები ვიყავით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ძაღლების წახალისება მათი მხრიდან სათამაშოს ჩვენების სიზუსტეს ამცირებდა. ამას, შესაძლოა, იმ ძაღლების გაწრთნაზე ჰქონდეს გავლენა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში პროფესიონალებად მუშაობენ. სამომავლო კვლევები ძაღლზე პატრონის გავლენეაზე უნდა ფოკუსირდეს და მწრთვნელებისთვის საუკეთესო სტრატეგია შემუშავდეს", — განაცახადა კვლევის თანაავტორმა, ჯულიან ბრაუერმა.
კომენტარები