მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანებისთვის, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს ან შემოსავალი შეუმცირდათ, სახელმწიფოს სოციალური დახმარების მისაღებად რეგისტრაცია პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, სოციალური დამხმარების მისაღებად რეგისტრაციის ვადა, შესაძლოა, შემდეგაც გაგრძელდეს.

"ჩვენ გვქონდა სოციალური დახმარებების მთელი რიგი პაკეტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა მათთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან თვითდასაქმებულები იყვენენ და ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ ან საერთოდ დაკარგეს. ასეთი ადამიანების რეგისრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ეს ვადა პირველ აგვისტომდე იქნება გაგრძელებული და თუ საჭირო იქნება, შემდეგაც გავაგრძელებთ", — განაცხადა გახარიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მთავრობის დახმარება 121 ათასზე მეტმა თვითდასაქმებულმა და 129 ათასზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო.