როგორ და რა შემთხვევაში დაიცავს სტამბოლის კონვენცია ქალებს ძალადობისგან
უკვე ორი წელია, საქართველო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციის, იგივე სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის პროცესშია. 2 წელია ჭიანურდება იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლებიც აუცილებელია კონვენციის რატიფიცირებისათვის და რომელთა დაჩქარება ქალთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ არასმთავრობო ორგანიზაციებს.
5 დეკემბერს, NGO-ებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორგანიზაციის კოალიცია თანასწორობისთვის ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი ცვლილებების მიღება და კონვენციის რატიფიცირება.
რაზე საუბრობენ არასამთავრობოები
სტამბოლის კონვენციის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორს პრეტენზია არ აქვს, თუმცა ისინი რამდენიმე გარემოებას მაინც გამოყოფენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, თამარ დეკანოსიძე ამბობს, რომ კანონმდებლობა არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და უნდა არსებობდეს აღსრულების ეფექტური მექანიზმები იმისთვის, რომ რეალურ ცხოვრებაში მივიღოთ არსებითი თანასწორობა. ამასთან, დეკანოსიძე ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ აღნიშნული კანონმდებლობა ამ ეტაპზე საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ეფექტიან პასუხზე, სახელმწიფოს მხრიდან, საუბარი სრულიად ზედმეტია:
"კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები ხელს უშლის ქალებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და გვაბრკოლებს სახელმწიფოსაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს გავუწიოთ სათანადო დახმარება და დავიცვათ ისინი ყველა ფორმის ძალადობისგან. ფორმალური თანასწორობის არარსებობის პირობებში, სრულებით ნაადრევია საუბარი სისხლის სამართლის პოლიტიკისა და პრაქტიკის გარდაქმნაზე, ამიტომ უნდა დაიწყოს კანონმდებლობის დახვეწა, რათა გვქონდეს ქვეყანაში ფორმალური თანასწორობა. სტამბოლის კონვენცია ჩვენ ასევე მოგვცემს საშუალებას, რომ კანონმდებლობა გამოვიყენოთ როგორც ტრანსფორმაციული ინსტრუმენტი იმისათვის, რათა შევცვალოთ ქვეყანაში არსებული პატრიარქალური სტრუქტურა და ისტორიულად მომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა, რაც ქალთა დისკრიმინაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზია."
ორგანიზაცია საფარის წარმომადგენელი, ბაია პატარაია იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დანაკარგების გარეშე მიიღებს. ამასთან, პატარაია მიიჩნევს, რომ ეს პაკეტი არ მოიცავს რამდენიმე გარემოებასა და მუხლს, რომელთა რეგულირება საჭიროა, მაგალითად, სექსუალური შევიწროება. პატარაიას თქმით, სექსუალური შევიწროება ცალკე სამართალდარღვევად არ ფიქსირდება:
"ის ჩვენ არ გვხვდება არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, არც შრომის კოდექსში და არც ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცალკე მუხლად, ან ცალკე პუნქტად. კონკრეტული მუხლის არარსებობა არის სერიოზული პრობლემა და კონკრეტული საქმის ბედი სასამართლოს ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. მიგვაჩნია, რომ კონკრეტული მოსამართლის ინტერპრეტაციებზე და სხვა კანონების ინტერპრეტაციებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სექსუალური შევიწროება. მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ნორმატიული შინაარსი. ის უნდა იყოს, ჩემი აზრით, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ასევე მიგვაჩნია, რომ ცალკე მუხლი უნდა არსებობდეს შრომის კოდექსში, რომელიც იქნება უშუალოდ დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების შესახებ. სასურველია, რომ, თუ არა სექსუალური შევიწროება, შევიწროება მაინც, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა განსაზღვრული იყოს ანტიდისკრიმინაციულ კანონში."
რა შეიცვლება ქართულ კანონმდებლობაში
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის განმარტებით, ცვლილებების შემდეგ, ქალები დაცული იქნებიან ძალადობისგან არა მარტო ოჯახის კონტექსტში, არამედ ოჯახის მიღმაც, ნებისმიერი ძალადობისგან. ლორთქიფანიძემ მოკლედ ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რაც საკანონმდებლო პაკეტს შეეხება:
"ცვლილებების პაკეტი უფრო ეფექტიანს ხდის ძალადობის მსხვერპლ ქალთა ძალადობისა და დახმარების მექანიზმებს. რა თქმა უნდა, გაფართოვდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო და ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარიმართება არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის, არამედ, ზოგადად, ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე."
- შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის ყველა შემთხვევაში.
- ძალადობისგან დაცვის ქმედითი მექანიზმების უზრუნველსაყოფად შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის გაუქმდება მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება.
- შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში.
- ოჯახური ძალადობის მსხვერპლისათვის გათვალისწინებული უფლება, - ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, ასევე თავშესაფარში ყოფნის უფლება, გავრცელდება ოჯახის მიღმა ძალადობის მსხვერპლ ქალებზეც.
- საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან სხვა ქვეყნის მოქალაქე ძალადობის მსხვერპლი ქალი შეძლებს მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. შეუძლებელი იქნება სამართალწარმოების დასრულებამდე უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია.
- მოძალადის გათავისუფლებიდან 3 თვით ადრე, სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებული იქნება შეატყობინოს საუბნო პოლიციას. პოლიცია კი ვალდებული იქნება ძალადობის მსხვერპლ ქალს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.
- ქალთა მიმართ ძალადობა იქნება ის გამონაკლისი, როდესაც ექიმები, ადვოკატები და მასწავლებლები ვალდებულნი იქნებიან სამართალდამცავებს მიაწოდონ ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ.
- ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება. შეეზღუდებათ, ან აეკრძალებათ სამსახურეობრივი იარაღის ტარებაც. ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში მას იარაღი ჩამოერთმევა.
სისხლის სამართლის კოდექსი:
- მოხდება ახალი დანაშაულის, ადევნების დეფინიცია, რომელიც ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას;
- მოხდება იძულებითი სტერილიზაციის კრიმინალიზაცია;
- მოხდება ქალის გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია;
იცვლება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალიც. კერძოდ, ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება, თუ ის ჩადენილია მეუღლის, ან ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ან მის მიმართ - განმეორებით, ჯგუფურად, იარაღის მუქარით/გამოყენებით, ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით მსგავსი დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირის მიერ.
დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა თამარ ჩუგოშვილმაც. მისი თმით, პარლამენტში არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც გარკვეული პერიოდების განმავლობაში შედარებით აქტიური იყო სხვა დროს კი, - შედარებით პასიური:
"მოხდა გარკვეული ცვლილებების მიღება, რომელმაც გენდერული საბჭოს გარკვეული ფუნქციები გადაიტანა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თუმცა, მგონია, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაქვს გადასააზრებელი - რა მექანიზმები გვჭირდება როგორც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში იმისთვის, რათა გენდერული თანასწორობის საკითხებზე ხელისუფლების ორივე შტო ეფექტიანად მოქმედებდეს. ჩვენ ხელახლა დავაკომპლექტებთ გენდერული თანასწორობის საბჭოს."
ქალთა მიმართ ძალადობის გარდა, სტამბოლის კონვენცია ლესბოსელ, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, შშმ, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენელი ქალების დაცვის საკითხებსაც არეგულირებს.
2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა სტამბოლის კონვენციას. იმისათვის, რომ საქართველოს კონვენციის რატიფიცირება მოეხდინა, პირველ რიგში, საჭირო იყო კანონმდებლობის სრულყოფა.
2014 წლის მეორე ნახევარში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტზე მუშაობა. მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები 2015 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისსა და რეგიონებში.
კომენტარები