მკვლევრებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე უცნაური ახალი სახეობები აღმოაჩინეს
მკვლევრებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე ოთხი ახალი სახეობა და ორი ახალი გვარი აღმოაჩინეს. CCZ გაშლილი და ჩაღრმავებული ზონაა, რომელიც ოკეანის ცენტრალურ ნაწილში 4,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ფარავს. იგი ძვრიფასი ლითონებისა და იშვიათი მინერალების გამო სამთო მრეწველობისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიად ითვლება.
თუმცა იგი განსაკუთრებული მხოლოდ მინერალებით არ არის. ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა რეგიონში რამდენიმე ღრმა წყლის სახეობა დააფიქსირეს, რომლებიც აქამდე მათთვის ცნობილი არ იყო.
ეგზემპლარები Xenophyophorea-ს სახელით არიან ცნობილი. ესაა გიგანტური, ერთუჯრედიან უმარტივესთა განშტოება, რომელიც ფორამინიფერების კლასს ეკუთვნის.
Xenophyophorea CCZ რეგიონში სიცოცხლის ყველაზე გავრცელებული ფორმები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი აღწერა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყეს, მათზე ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი, ამის მთავარ მიზეზს კი რეგიონის ექსტრემალური სიღრმე წარმოადგენს.
ერთ-ერთ ახლადაღმოჩენილ გვარს Abyssalia წარმოადგენს. 2018 წელს ექსპედიციის დროს მკვლევრებმა Abyssalia-ის ორი სახეობა იპოვეს: A. foliformis და A. sphaerica.
Xenophyophorea-ს გარშემო თითქოს ერთმანეთზე მიწებებული, პაწაწინა ნაწილაკებისგან დამზადებული ნაჭუჭი აქვს. Abyssalia-ს შემთხვევაში ნაჭუჭი ღრუბელას სპიკულისგან შექმნილი ბადითაა დაფარული, რომელსაც ზედაპირის მკვეთრი, აშკარა ფენა არ გააჩნია.
A. sphaerica-ს სფერული ფორმა აქვს, A. foliformis-ის კი ბრტყელი, ფოთლისმაგვარი.
კიდევ ერთ ახლადაღმოჩენილ გვარს, Moanammina ეწოდება. სახელი მოანადან მომდინარეობს, რაც ჰავაიურ და მაორის ენაზე ოკეანეს ნიშნავს. ამ არსებას მარაოსებრი ნაჭუჭი აქვს. ხოლო კიდევ ერთი ახალი სახეობა, რომელსაც Psammina tenuis ჰქვია და Psammina-ს გვარს მიეკუთვნება, დელიკატური, თხელი ნაჭუჭით გამოირჩევა.
"განსხვავებული ფორმისა და ზომის Xenophyophorea-ს ოკეანის ფსკერზე ყველგან ვხვდებით. აშკარაა, რომ ისინი CCZ რეგიონის მდიდარი ბილოგიური სამყაროს მნიშნელოვანი წევრები არიან", — განაცხადა ჰავაის უნივერსიტეტის მკვლევარმა კრეიგ სმიტმა, — "სხვა ბევრ საქმესთან ერთად, ისინი სხვა ორგანიზმებისთვის საცხოვრებელ ადგილსა და პოტენციურ საკვების წყაროს წარმოადგენენ. იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გავლენას ახდენს სამთო მრეწველობა ოკეანის ფსკერის სახეობებზე, ამ უცნაურ არსებებზე უფრო მეტი რამ უნდა გავიგოთ".
კვლევა ჟურნალ European Journal of Protistology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები