საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გერმანიის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს. მათივე თქმით, ელჩ ჰუბერტ ქნირში წინააღმდეგ "შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია" ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ემსახურება.

"ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ელჩები წარმოადგენენ საკუთარ სახელმწიფოებს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად მათზე თავდასხმა ამ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა. ელჩების საქმიანობა სწორედ იმ დიდი მეგობრობის და პარტნიორობის ანარეკლია, რაც საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მათ შორის გახლავთ გერმანია, რომელთანაც გვაკავშირებს მაღალი დონის პარტნიორობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა", — ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ელჩი ჰუბერტ ქნირში თავისი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელია და მაღალპროფესიულად ემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებას და საქართველოს დასავლეთთან დაახლოების პროცესს.

"მიგვაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ მსგავსი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება სწორედ ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. უწყებისთვის მიუღებელია მსგავსი სახის უპასუხისმგებლო ქმედებები, რასაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების, მედიის თუ საზოგადოების ცალკეული წარმომადგებლების მხრიდან ადგილი აქვს დიპლომატიური კორპუსის მისამართით", — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რამდენიმე დღის წინ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. ეს განაცხადი მან 26 ივნისს ინტერპრესნიუსის ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა, სადაც ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ორშაბათი, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა გადამწყვეტი იქნება.

"ბატონი რურუა არ არის ნახსნები ამ შეთანხმებაში. ეს ძალიან მკაფიოა, ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. გაკვირვებული ვარ, იმ დისკუსიის გამო, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა, ერთმანეთის დადანაშაულების მცდელობა, როცა ოპოზიცია მმართველ პარტიას ადანაშაულებს კანონპროექტის ჩავარდნაში და პირიქით", — თქვა მან.

ამ განცხადების შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გერმანიის ელჩი ივანიშვილის ლობისტად მოიხსენია და მისი გაწვევა მოითხოვა.

ასევე, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციებმა უპასუხეს. ორგანიზაციები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, ამავე დროს, მათთვის გასაკვირია ელჩის შეფასებები.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი აღნიშნა, რომ იგი შალვა ნათელაშვილის მსგავსად, საქართველოდან გერმანიის ელჩის გაწვევას არ ითხოვს, თუმცა სასურველია, რომ ისეთ ქვეყანას, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს.

29 ივნისს, გერმანიის საელჩომ გაავრცელა განცხადება ინტერნეტ გამოცემა ტაბულას სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ჰუბერტ ქნირშის ძველ ინტერვიუს ეყრდნობოდა.

მასალის სათაური: "კნირში 20 ივნისზე: პოლიციამ ხალხის საქციელის პირდაპირპროპორციულად იმოქმედა" მოგვიანებით შეიცვალა. ტაბულას განმარტებით, ცვლილების მიზეზი იყო ის, რომ სადაო გახდა ნიშნავს, თუ არა ფრაზა "პოლიციის რეაქცია საჭიროების შემთხვევაში გადაჭარბებული არ არის", იმას, რომ გამოყენებული ძალა ელჩის აზრით, პროპორციული იყო. საელჩოს განმარტებით, "სინამდვილეში ელჩმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელი შეიძლება გახდეს, მაგრამ პროპორციული უნდა იყოს".

ამასთან, გერმანიის ელჩის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. მათ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩის წინააღმდეგ პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.