ნაციონალისტები სოციალურ მედიას "ემეგობრებიან"
თბილისის გარეუბანში, საბჭოთა დროინდელ შენობაში 29 წლის, "ულტრა-ნაციონალისტების" დამფუძნებელი თორნიკე ვაშაკიძე ყოველკვირეულად Facebook Live-ს მართავს და ამ ფორმით ათასობით ადამიანს ეკონტაქტება.
Live-ზე გასვლამდე, ოთახის მოსაწყობად, მცირე გადაადგილებებია საჭირო: ოთხფეხა ტუმბოს ოთახის ცენტრში ათავსებს, ზემოდან რამდენიმე წიგნს აწყობს, შემდეგ — ლეპტოპს და მონოლოგისთვის ყველაფერი მზად არის.
2018 წლის 23 მაისს პირველი საცდელი Live წარმატებული აღმოჩნდა, შედეგი —საინტერესო. მას შემდეგ, ხუთშაბათობით, 20:00 საათზე ამ ფორმით მიმართავს თავის აუდიტორიას.
გარესამყაროსთან ვირტუალური კომუნიკაცია თორნიკესა და მისი 40-მდე "თანამებრძოლისათვის" ნორმად იქცა.
"ნაციონალისტების" გვერდები Facebook-ზე ე.წ. "რეპორტების" გამო არაერთხელ დაიბლოკა. ბოლო ასეთი შემთხვევის დროს 15-ათასამდე გამომწერი ჰყავდათ. დღეს ვაშაკიძე "ულტრა-მემარჯვენე" ფეისბუქის გვერდს მართავს. გამომწერების უმრავლესობა საქართველოდანაა, სულ ოთხი ათასამდე.
უცხოენოვან ნაციონალისტებს პირადი Twitter ანგარიშებით ეკონტაქტებიან. Instagram-ს კი ყველაზე ნაკლებად, ან თითქმის საერთოდ არ იყენებენ.
თორნიკე პირველად 2009 წელს Odnoklassniki.ru-ს საშუალებით დაუკავშირდა თანამოაზრეებს. იმ დროს საკუთარ თავს ნაცისტად მოიხსენიებდა. დღეს "ულტრა-მემარჯვენე" სულ 300-მდე ახალგაზრდას, მათ შორის არასრულწლოვნებს, აერთიანებს. ამბობენ, რომ მათი აქტივობები მოხალისეობრივია და არავინ აფინანსებთ.
ულტრა მემარჯვენე მოძრაობაა ქართული მარშიც. საზოგადოებამ მათ შესახებ პირველად 2017 წელს შეიტყო. მოძრაობის წევრების თქმით, სოციალური მედიის გარდა მათ ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალება არ გააჩნიათ. ქართული ტელევიზიები "ბლოკავენ", Facebook-ზე კი ათამდე გვერდს მართავენ.
ქართული მარშის Facebook გვერდის ადმინისტრატორები წარმატებულად იყენებენ ჯგუფების (Group) ფუნქციას.
32 წლის შოთა ხარაბაძემ Facebook ჯგუფ "დიდგორიდან" შეიტყო სავარჯიშო დარბაზის შესახებ. ვინც ქართული მარშის შეხედულებებს იზიარებს, მათთვის აქ ვარჯიში გასაუბრების შემდეგ უფასოა.
სავარჯიშო დარბაზში მოძრაობის ერთერთი წევრი ერმილე ნემსაძე გვეუბნება, რომ უფასო დარბაზის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელეს. 50-მა ადამიანმა უკვე დაიწყო ვარჯიში, 100-მდე რიგშია.
ქართული მარშის ოფისი თბილისის ცენტრში, რუსთაველის 14-ში მდებარეობს. აქ სოციალური მედიის მენეჯერებთან სასაუბროდ ვეწვიეთ, თუმცა ვერ შევხვდით. მოძრაობის წევრების თქმით, სოციალურ ქსელებს რამდენიმე ადამიანი დისტანციურად მართავს.
აქვე ვიგებთ, რომ Facebook გვერდების როგორც მართვის, ასევე Live-ის დროსაც ექმნებათ პრობლემები, რადგან Facebook ადმინისტრაცია აქტიურად ბლოკავს. მათ ბოლო გაუქმებულ გვერდს 20-ათასამდე გამომწერი ჰყავდა.
მედია ექსპერტები ქართველ ულტრა ნაციონალისტებზე
მედია ექსპერტები თანხმდებიან, რომ ქართველ ულტრა მემარჯვენე ძალებს ტრადიციული და სოციალური მედიის ტექნიკები წარმატებით აქვთ ათვისებული და პროპაგანდისთვის იყენებენ. ონლაინ პლატფორმების საშუალებით საზოგადოებას არაერთ ცრუ ინფორმაციას აწვდიან.
თამარ კინწურაშვილი მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია და რამდენიმე წელია, ნაციონალისტების, კერძოდ ქართული მარშის ონლაინ პოზიციონირებას აკვირდება. კინწურაშვილის ინფორმაციით, ულტრა მემარჯვენე ძალები გავლენების მოპოვებას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. ერთერთი ასეთია დასავლური ავტორიტეტული მედია ორგანიზაციების ანალოგი სახელებით ქართული მედია ორგანიზაციების დარეგისტრირება და ინფორმაციის გავრცელება.
თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ბუნდოვანი პოლიტიკა და არაცალსახა, ზოგჯერ ორმაგი თამაშიც, ახალისებს ნაციონალისტების გააქტიურებას. მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საბიუჯეტო დაფინანსებას იღებდნენ ისეთი მედიები, რომლებიც ანტიდასავლურ და სიძულვილის ენას აღვივებენ. თამარ კინწურაშვილის აზრით, არსებობს საფუძველი, რომ ასეთი განწყობები მზარდი გახდეს.
რა სტრატეგიებს იყენებენ ულტრა ნაციონალისტური ძალები სოციალურ ქსელებში საარჩევნო პერიოდში — ამ თემით არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკატიის საერთაშორისო საზოგადოება დაინტერესდა.
კვლევის მიხედვით, Facebook გვერდები სხვადასხვა სიხშირით აქტიურობენ. ზოგიერთი მხოლოდ საარჩევნო პერიოდში აქტიურდება, პროპაგანდისტული გვერდები კი — მთელი წლის პერიოდში. თითოეულს Facebook-ზე კონტენტის განთავსებისა და გავრცელების განსხვავებული სტრატეგია აქვს.
მონიტორინგის შედეგად, გასულ არჩევნებზე მემარჯვენე იდეოლოგიის მხარდამჭერი 52 დროებითი გვერდი აღმოაჩინეს.
საქართველოსგან განსხვავებით, სერბეთში ღიად ეძებენ და ეკონტაქტებიან დასავლელ და რუს თანამოაზრეებს, იღებენ მათგან სუბსიდიებს და ეუფლებიან სხვადასხვა მეთოდს საზოგადოებაში შიშის დამკვიდრებისა და ნაციონალისტური იდეების გაღვივების შესახებ.
ბრიტანელი ჯიმ დოუსონი, ულტრა მემარჯვენე აქტივისტი და პოლიტიკოსი, სერბ მემარჯვენე რადიკალებს არამხოლოდ ფინანსურად და იდეოლოგიურად აძლიერებს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ასწავლის, როგორ გამოიყენონ სოციალური მედია პარტიული საქმიანობისათვის.
ბალკანელი გამომძიებელი რეპორტიორების გაერთიანება (BIRN) BBC-სთან თანამშრომლობით იკვლევდა, კომუნიკაციის რა ფორმას იყენებენ სერბი ნაციონალისტები. ანგარიშიდან ვიგებთ, რომ Facebook-ზე არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ნაციონალისტმა აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა Instagram-ზე გადაინაცვლეს.
კვლევის ერთერთი ავტორის თქმით, ნაციონალისტებისათვის კამპანიებისა და იდეების გავრცელება Facebook წესების განახლების შემდეგ გართულებულია.
იგი გვიყვება, რომ სერბეთში ტროლების კლასიკური ფაბრიკები არ აქვთ:
"სამაგიეროდ, პოლიტიკური პარტიები საჯარო მოხელეებს იყენებენ ამავე მიზნით. ისინი თავს ესხმიან მათ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები თუ იდეები აქვთ. თუკი შეეცდებით, ღიად "დატვიტოთ" რაიმე კოსოვოს თავისუფლებაზე და მხარიც დაუჭიროთ, მმართველი კოალიციის და მემარჯვენე ძალების ტროლების თავდასხმის ობიექტი აუცილებლად გახდებით. თქვენზე დაწერს ყველა მედია და ბოლოს ისე შეშინდებით, რომ გაჩერდებით".
მლადენ ობრადოვიჩი ერთერთი ნაციონალისტია. ბოლოს, ორი თვის განმავლობაში დაუბლოკეს გვერდი. სამაგიეროდ, თამამად შეუძლია გაავრცელოს ინფორმაცია რუსულ Vkontakte-ზე, სადაც არავის ბლოკავენ.
მასალა მომზადებულია მედია პლატფორმა Clickmedia-ს მიერ, ინტერნიუსის მხარდაჭერით. გადაღებები სერბეთსა და საქართველოში მიმდინარეობდა 2019 წლის შემოდგომაზე.
კომენტარები