შესაძლოა, როზმარინში აღმოჩენილი ნაერთი ალცჰაიმერის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმაროს

ფოტო: Getty Images
ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობაში, შესაძლოა, სრულიად ახალი მიდგომა დაინერგოს. იგი იმ ქიმიური ნაერთებით იქნება შთაგონებული, რომელიც საყოველთაოდ ხელმისაწვდომ მცენარეებში მოიპოვება.
კარნოზინის მჟავა, რომლითაც მდიდარია როზმარინი და სალბი, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით არის ცნობილი. მიუხედავად ამისა, იგი სუფთა სახით არსებობის შემთხვევაში არასტაბილურია.
კალიფორნიელმა მკვლევრებმა კარნოზინის მჟავის სტაბილური წარმოებულის სინთეზირება შეძლეს, რომელმაც ალცჰაიმერის მქონე თაგვებში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. კერძოდ, მეხსიერების გაუმჯობესება, მეტი სინაფსის წარმოქმნა, ნაკლები ანთებითი პროცესი და იმ ტოქსიკური ცილების ამოღება, რომლებიც ალცჰაიმერთან არის დაკავშირებული.
"წამლის მიღების შემდეგ მეხსიერების შესამოწმებლად სხვადასხვა ტესტი ჩავატარეთ. გაუმჯობესება ყველა მათგანმა აჩვენა. წამალმა მეხსიერების დაკარგვის პროცესი უბრალოდ კი არ შეანელა, არამედ თაგვებს თითქმის ნორმალური მეხსიერება დაუბრუნა", — აღნიშნავს სტიუარტ ლიპტონი, სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის ნეირომეცნიერი.
მკვლევრებისთვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა კარნოზინის მჟავის სტაბილური სახით მიღება იყო. მითუმეტეს იმდენი ხნით შენარჩუნება, რომ ტვინში სასურველი ეფექტები გამოევლინა. უამრავი მცდელობის შემდეგ, მეცნიერები ამ ნაერთის დიაცეტილირებულ ფორმაზე (diAcCA) შეჯერდნენ.
diAcCA კუჭში კარნოზინის მჟავად მანამ გარდაიქმნება, სანამ სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღმოჩნდება, სადაც ის 20%-ით უკეთ შეიწოვება, ვიდრე სუფთა სახის კარნოზინის მჟავა. გარდაქმნის შემდეგ კარნოზინის მჟავა ტვინში თერაპიულ დონეს დაახლოებით ერთ საათში აღწევს.
მკვლევრები ალცჰაიმერის მქონე თაგვებს diAcCA-ს ან პლაცებოს სამი თვის განმავლობაში კვირაში სამჯერ აძლევდნენ. მეცნიერები ტვინის ქსოვილებზე ამ ნივთიერებების ეფექტებს აკვირდებოდნენ და აფასებდნენ, თუ რამდენად კარგ შედეგს აღწევდნენ თაგვები მეხსიერებისა და დასწავლის უნარის შესამოწმებელ ტესტებზე.
diAcCA-ს ნაერთს თაგვებზე ტოქსიკური გავლენა არ მოუხდენია, ალცჰაიმერთან დაკავშირებული ცილების რაოდენობა კი შემცირდა.
"diAcCA-ს ნაერთით ანთებითი პროცესებისა და ოქსიდაციური სტრესის შემცირება ვცადეთ, რამაც ტვინში სინაფსების რაოდენობა გაზარდა. ასევე მოვიშორეთ ისეთი არასწორად დაკეცილი ცილები, როგორებიცაა ფოსფორილირებული ტაუ და ამილოიდ-ბეტა. ეს ცილები ალცჰაიმერის გამომწვევია და დაავადების ბიომარკერის როლსაც სწორედ ისინი თამაშობს", — განმარტავს ლიპტონი.
კვლევა ნამდვილად იმედისმომცემია, თუმცა ეს საკითხი ჯერ ისევ ადრეულ ეტაპზეა. მნიშვნელოვანია კლინიკური ცდების ჩატარება, რათა გავარკვიოთ, აქვს თუ არა diAcCA-ს იგივე ეფექტი ადამიანების შემთხვევაშიც.
კარნოზინის მჟავას ანთების საწინააღმდეგო თვისებები ნამდვილად აქვს, რასაც ადრე ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს. სწორედ ამიტომ, ლიპტონი და მისი კოლეგები იმედოვნებენ, რომ მკურნალობის ეს მეთოდი ანთებით პროცესებთან დაკავშირებული სხვა დარღვევების შემთხვევაშიც გამოდგება, მაგალითად, მეორე ტიპის დიაბეტის ან პარკინსონის დაავადების.
არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ diAcCA-ს შემცველი წამლები ალცჰაიმერის მკურნალობის უკვე არსებულ საშუალებებთან ერთად გამოიყენონ. რადგან ეს ნაერთი კარნოზინის მჟავის მოდიფიცირებული ფორმაა, რომლის მიღებაც სრულიად უსაფრთხოა, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მკურნალობის ეს საშუალება ძალიან სწრაფად განვითარდება.
"მკურნალობის უკვე არსებულ მეთოდს, რომელიც ამილოიდის ანტისხეულებს იყენებს, ჯერ კიდევ მრავალი გვერდითი ეფექტი ახლავს. diAcCA-ს შემცველმა წამლებმა შეიძლება ეს გვერდითი ეფექტები შეამციროს ან საერთოდ აღმოფხვრას", — ამბობს ლიპტონი.
კვლევა გამოცემაში Antioxidants გამოქვეყნდა.
კომენტარები