მეცნიერებმა თაგვებში სქესობრივი ქცევის განმსაზღვრელი მექანიზმი შეისწავლეს — მიგნებები
შესაძლოა, კვლევა კაცებში სქესობრივი დისფუნქციის აღმოფხვრაში დაგვეხმაროს.

ფოტო: istockphoto.com
მეცნიერებმა ქიმიური ნივთიერებები გამოავლინეს, რომლებიც მამრ თაგვებში სქესობრივი ქცევის სხვადასხვა ეტაპს მართავს. ახალი კვლევა, შესაძლოა, ადამიანებში სქესობრივი დისფუნქციის ფორმების შესწავლაში დაგვეხმაროს.
მკვლევრები განმარტავენ, თუ როგორ მოქმედებს ორი მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერი — აცეტილქოლინი და დოფამინი — რიტმული თანმიმდევრობით, რათა შეწყვილებისათვის შემზადებიდან ეაკულაციამდე გადასვლა მართოს.
კვლევა სამომავლოდ ისეთი დარღვევების აღმოსაფხვრელი თერაპიის შემუშავებაში დაგვეხმარება, როგორიცაა, მაგალითად, ნაადრევი ეაკულაცია — პრობლემა, რომელიც სქესობრივად აქტიური კაცების დაახლოებით 20-30 პროცენტს აწუხებს.
"სქესობრივი ქცევა მოვლენათა რთული მიმდევრობაა. კვლევამ აჩვენა, თუ როგორ მუშაობს ტვინის სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება ერთად, რათა სქესობრივი ქცევის ეტაპებს შორის გადასვლები დაარეგულიროს", — ამბობს კვლევის თანაავტორი ცინგხუა ლიოუ.
ნაშრომი ჟურნალ Neuron-ში გამოქვეყნდა. კვლევაზე პეკინის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტისა და იაპონიის ცუკუბის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობდნენ.
ტვინის როლი სქესობრივი ქცევის განსაზღვრაში
სქესობრივი ქცევა რთული თანმიმდევრობითი პროცესია. ტვინის როლი ამაში, გარდა სქესობრივი აქტის ინიციირებისა, ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩებოდა.
ამის გასაგებად მკვლევრებმა მამრი თაგვები შეწყვილების პროცესში შეისწავლეს. მათ ფლუორესცენტული სენსორები გამოიყენეს, რათა ტვინის ერთ-ერთ რეგიონში, Nucleus accumbens-ში, დოფამინისა და აცეტილქოლინის დონეებს დაჰკვირვებოდნენ. ტვინის ეს რეგიონი სიამოვნებასა და ჯილდოსთან დაკავშირებულ შეგრძნებებზეა პასუხისმგებელი.

ფოტო: istockphoto.com
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შეწყვილების დაწყებამდე აცეტილქოლინი გამოიყოფა ჭარბად, ხოლო ექვსი წამის შემდეგ კი დოფამინიც გამოდის. როდესაც ეაკულაცია ახლოვდება, დოფამინის დონე მნიშვნელოვნად იკლებს, ხოლო ეაკულაციის ფაზაზე გადასვლისას — კვლავ მატულობს.
"შეგვიძლია მოვლენებს ძალიან დეტალურად დავაკვირდეთ და უკეთ გავიგოთ, როგორ ურთიერთქმედებს ნეიროტრანსმიტერები ერთმანეთთან", — ამბობს კვლევის თანაავტორი აი მიასაკა, ცუკუბას უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი.
დოფამინი და სქესობრივი ქცევა
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დოფამინის რეცეპტორები სქესობრივ ქცევაზე ზემოქმედებს. როცა მეცნიერები პენეტრაციის დროს თაგვებში D1R რეცეპტორების ხელოვნურ სტიმულაციას იწყებდნენ, სუბიექტები შეწყვილებისათვის შემზადების ფაზას უბრუნდებოდნენ; მეორე მხრივ, D2R რეცეპტორების აქტივაციისას ყველანაირი სქესობრივი აქტივობა წყდებოდა.
"აღმოვაჩინეთ დოფამინის ზუსტი სასიგნალო მექანიზმი, რომელიც სქესობრივი ქცევის სწორ თანმიმდევრობას უზრუნველყოფს", — ამბობს ლიოუ.
ადამიანთა სქესობრივი აქტივობა გაცილებით მრავალმხრივია, თუმცა ის ნეირონული ანატომია, რომელიც სიამოვნებასა და მოტივაციას განაპირობებს, ძუძუმწოვრების უმეტესობაში ერთნაირია. შესაძლოა, ეს კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს ისეთი თერაპიების შემუშავებისთვის, რომლებიც დოფამინის გზების რეგულირებით კაცებში სქესობრივს დისფუნქციას აღმოფხვრის.
კომენტარები