ისტორიაში პირველად, ჯეიმს ვების ტელესკოპმა მზის სისტემის მიღმა ნახშირორჟანგი აღმოაჩინა

ფოტო: IPAC/Caltech
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მორიგი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთა. კერძოდ, ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ატმოსფერო შეისწავლა და ეს მისი ვარსკვლავის სინათლეზე დაკვირვებით შეძლო.
საუბარია გაზის გიგანტზე (HR 8799 სისტემაში), რომლის ატმოსფეროშიც ტელესკოპმა ნახშირორჟანგი (СO2) აღმოაჩინა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს მსგავსება ამ სისტემისა და მზის სისტემის ფორმირებას შორის.
HR 8799 საკმაოდ საინტერესო ეგზოპლანეტარული სისტემაა, რომელიც დედამიწიდან 130 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ეს სისტემა ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, რომელიც მზეზე 1.5-ჯერ უფრო მასიურია და სულ რაღაც 30 მილიონი წლისაა.
რაც HR 8799-ს ჩვენთვის განსაკუთრებულს ხდის არის ის, რომ მისი პლანეტები პირდაპირ გვაქვს გადაღებული. ზუსტად ვიცით, რომ სისტემაში ოთხი გიგანტური პლანეტაა, რომლებიც 15-დან 70 ასტრონომიული ერთეულის დისტანციით ბრუნავს.
პლანეტები, სახელწოდებით HR 8799 b, c, d და e მასიური გაზის გიგანტებია. ყოველი ეს პლანეტა იუპიტერს მასით მინიმუმ 5-ჯერ აღემატება.

ფოტო: sciencealert
ასეთი გიგანტური პლანეტები შეიძლება წარმოიქმნას ორი განსხვავებული პროცესის მეშვეობით: ბირთვის აკრეცია, სადაც მძიმე ელემენტების მყარი ბირთვები ნელა იზიდავს გაზს (როგორც მოხდა ჩვენს მზის სისტემაში), ან დისკის არასტაბილურობით, სადაც გაზის ნაწილაკები სწრაფად ერწყმის ახალგაზრდა ვარსკვლავის დისკს.
გაგება იმისა, თუ რომელი ფორმირების მოდელია ყველაზე გავრცელებული, ეხმარება მეცნიერებს პლანეტარული სისტემების კლასიფიკაციაში მთელს გალაქტიკაში.
სწორედ ეს სურდათ ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებს, რომლებსაც ასტროფიზიკოსი უილიამ ბალმერი ხელმძღვანელობდა. როგორც მკვლევრები ამბობენ, ახალგაზრდა სისტემაზე დაკვირვებით ჩვენს მზის სისტემაზე ბევრად მეტს გავიგებთ.
HR8799-ის გაზის პლანეტებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ისინი შეიცავს ნახშირორჟანგის დიდ რაოდენობას. ეს ნიშნავს, რომ სისტემის ოთხი გიგანტური პლანეტა ბირთვის აკრეციის შედეგად წარმოიქმნა. იგივე პროცესის შედეგად უნდა წარმოქმნილიყო იუპიტერი და სატურნი, რა დროსაც მყარი ბირთვები თანდათან იზიდავს ახლოს მდებარე გაზს.

გაზის გიგანტის წარმოქმნის ილუსტრაცია
ფოტო: NASA
ეს მიღწევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შესაძლებლობებს დაგვეხმაროს უკიდეგანო კოსმოსის შესწავლაში.
კომენტარები