ნიდერლანდებში საინტერესო სამედიცინო შემთხვევა დაფიქსირდა. იქ მდებარე საავადმყოფოში მოზარდი გადაიყვანეს, რომელსაც ფეხბურთის თამაშისას მიღებული ტრავმა აწუხებდა. მას მუხლის ოპერაცია გაუკეთეს, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ამის მიუხედავად, როდესაც პაციენტმა ანესთეზიიდან გამოიღვიძა, ის მხოლოდ ინგლისურად საუბრობდა და იმეორებდა, რომ აშშ-ში იმყოფებოდა. ამ შემთხვევამდე იგი ინგლისურ ენას მხოლოდ სკოლაში, ინგლისურის გაკვეთილზე, იყენებდა.

მან ვერც საკუთარი დედ-მამა იცნო და ვერც მშობლიური ენა გაიხსენა. ამის შესახებ ექიმებმა მოხსენება დაწერეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ პაციენტს ფსიქიატრიული პრობლემები არ ჰქონდა და მსგავსი რამ არც მის ოჯახში ფიქსირდებოდა.

ექთანს, რომელმაც თავდაპირველად ბიჭის ინგლისური საუბარი მოისმინა, განსაკუთრებული შეშფოთება არ გამოუხატავს. მან იფიქრა, რომ პაციენტს პოსტანესთეზიური დეზორიენტაცია ჰქონდა, რომელიც ანესთეზიიდან გამოსვლის პროცესში იჩენს ხოლმე თავს. რამდენიმე საათის შემდეგაც კი სამედიცინო პერსონალმა ბიჭისგან ნიდერლანდურ ენაზე ერთი სიტყვაც ვერ მოისმინა. ამის შემდეგ მათ ფსიქიატრიული კონსულტაცია მოითხოვეს.

ფსიქიატრიულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ პაციენტი მშვიდი და ყურადღებიანი იყო. იგი შეკითხვებსაც სცემდა პასუხს, თუმცა ინგლისურად, ნიდერლანდური აქცენტით. მოგვიანებით, მან მოკლე პასუხების გაცემა მშობლიურ ენაზეც დაიწყო, თუმცა საკმაოდ გაუჭირდა.

რაც შეეხება დიაგნოზს, 17 წლის მოზარდს უცხო ენის სინდრომი დაუდგინდა. ეს იშვიათი ფენომენია, რომლის დროსაც პაციენტები მოულოდნელად და უნებლიედ მეორე ენაზე იწყებენ საუბარს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მშობლიურ ენას ვერ იყენებენ.

ნევროლოგმა პაციენტს სრული გამოკვლევა ჩაუტარა, თუმცა დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ოპერაციიდან 18 საათის შემდეგ მოზარდმა ნიდერლანდური ენის გაგება შეძლო, თუმცა კვლავ ვერ საუბრობდა. ეს მხოლოდ ოპერაციის მეორე დღეს მოახერხა, როცა მას მეგობრები ესტუმრნენ.

იქიდან გამომდინარე, რომ მოზარდმა მშობლიურ ენაზე საუბარი დაიწყო, ექიმებმა ნეიროფსიქოლოგიური ტესტების, ტვინის ელექტროენცეფალოგრამის ან სხვა ტიპის სკანირების ჩატარება საჭიროდ აღარ მიიჩნიეს. ბიჭი ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.

უცხო ენის სინდრომი იშვიათი მოვლენაა — სამედიცინო ლიტერატურაში მხოლოდ ცხრა შემთხვევაა აღწერილი. მათ უმეტესობაში პაციენტი თეთრკანიანი კაცი იყო, რომელმაც მშობლიური ენა ზრდასრულ ასაკში ნასწავლი ენით შეცვალა.

ავტორების თქმით, ეს ფენომენი ბავშვებში ძალიან იშვიათია. შესაძლოა, ისინი პირველები იყვნენ, ვინც მსგავსი რამ მოზარდში ოფიციალურად დააფიქსირა. მთლიანობაში, მათ სამედიცინო ანგარიშებში რვა მსგავსი შემთხვევა აღმოაჩინეს, როდესაც პაციენტმა უბრალოდ აქცენტი კი არ შეცვალა, არამედ სრულიად განსხვავებულ ენაზე დაიწყო ლაპარაკი.

ეს ფენომენი მასთან დაკავშირებული მდგომარეობის, უცხო აქცენტის სინდრომის, მსგავსია. ამ დროს ადამიანს მეტყველების ისეთი მანერა უვითარდება, რომელიც მის საუბარს უცხო აქცენტს აძლევს. ეს იშვიათი მდგომარეობა ხშირად ტვინის დაზიანებისას შეინიშნება.

უცხო ენის სინდრომის განვითარების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა სხვა შემთხვევებიც დაფიქსირებულა, როდესაც ეს სინდრომი ანესთეზიის შემდეგ გამოვლინდა. ახალი მოხსენების ავტორებმა აღნიშნეს, რომ ცნობიერებაზე ანესთეზიის გავლენამ და ცენტრალური ნერვული სისტემიდან მისმა გამოდევნამ შეიძლება პოსტანესთეზიური დეზორიენტაცია გამოიწვიოს. ისინი ზუსტად ვერ ამბობენ, უნდა ჩაითვალოს თუ არა FLS დამოუკიდებელ მდგომარეობად, თუ ის უბრალოდ პოსტანესთეზიური დეზორიენტაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.