ახალი კვლევის მიხედვით, ბრაზილიური ღამურა კორონავირუსების უზარმაზარ და მრავალფეროვან "საცავს" წარმოადგენს. მათ შორისაა ახლად აღმოჩენილი შტამი, რომელიც მომავალ წლებში, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას დაემუქროს.

მეცნიერები ამ საფრთხეს სერიოზულად ეკიდებიან და აპირებენ უსაფრთხო ლაბორატორიაში დატესტონ, შეუძლია თუ არა ამ ვარიანტს ჩვენ სახეობაზე გავრცელება.

აღმოჩენა შეშფოთების საფუძველს ნამდვილად იძლევა. ეს შტამი ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) გამომწვევი ინფექციაა, რომელიც ღამურების საშუალებით ვრცელდება. MERS ადამიანებში სიკვდილიანობის ძალიან მაღალ, თითქმის 35%-იან მაჩვენებელს იწვევს.

MERS კორონავირუსი (MERS-CoV) 2012 წელს იდენტიფიცირდა და მას შემდეგ 858 ცნობილი ლეტალური შემთხვევა მოჰყვა, ძირითადად ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. მართალია მსუბუქი შემთხვევები თითქმის არ აღრიცხულა, მაგრამ ამ ვირუსს ადამიანისთვის გადამდებ ყველა ცნობილ კორონავირუსს შორის ყველაზე მაღალი ლეტალურობის მაჩვენებელი აქვს, რაც მას ყველაზე მომაკვდინებლად აქცევს.

შედარებისთვის, კორონავირუსს, რომელმაც COVID-19 პანდემია გამოიწვია (SARS‑CoV‑2), 2022 წლის კვლევის მიხედვით, ადამიანებში სიკვდილიანობის დაახლოებით 2%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

დიდი ხილიჭამია ღამურა (Artibeus lituratus) შესაძლოა MERS-ის მსგავსი ვირუსის მატარებელი იყოს.

ფოტო: (Juan Cruzado Cortés/Wikimedia Commons/CC BY-SA 4.0)

ბრაზილიელმა და ჩინელმა მეცნიერებმა MERS-CoV-ის მონათესავე ვირუსი, 16 სხვადასხვა სახეობის ღამურას პათოგენების გამოკვლევით აღმოაჩინეს.

სან-პაულუს ფედერალური უნივერსიტეტის მკვლევრის, ბრუნა სტეფანი სილვერიოს ხელმძღვანელობით, საერთაშორისო გუნდმა ღამურებისგან 400-ზე მეტი რექტალური და პირის ღრუს ნიმუში აიღო. კვლევის შედეგად, მათ შვიდი განსხვავებული კორონავირუსი გამოავლინეს, რომლებიც მხოლოდ ორ სახეობაში გამოიკვეთა: Molossus molossus (მწერიჭამია) და Artibeus lituratus (ხილიჭამია). მათგან მხოლოდ ერთ ვირუსულ ვარიანტს აქვს ევოლუციური კავშირი MERS-CoV-თან.

აქამდე MERS-CoV-ის ოჯახში შემავალი ვირუსები მხოლოდ აფრიკის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ღამურებში იყო დაფიქსირებული.

"ეს მიუთითებს იმაზე, რომ ახლო ნათესავი ვირუსები ცირკულირებენ სამხრეთ ამერიკის ღამურებში და მათი გეოგრაფიული არეალი ფართოვდება", — აცხადებენ კვლევის ავტორები.

Molossus molossus და Artibeus lituratus, რომლებიც MERS-ის მსგავს კორონავირუსს ატარებენ, ფართოდ არიან გავრცელებული ამერიკის კონტინენტზე.

ფოტო: (Silvério et al., Journal of Medical Virology, 2025)

მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2020 წლის პანდემიამდე იცოდნენ, რომ ღამურებში აღმოჩენილი ვირუსები ადამიანთა უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

2002 წელს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) გახდა 21-ე საუკუნის პირველი პანდემიური დაავადება, რომლის წარმოშობაც თავდაპირველად უცნობი იყო. ამ ვირუსული აფეთქების ლეტალობის მაჩვენებელმა ეპიდემიის დასასრულს, 2003 წლის ივნისში, დაახლოებით 10%-ს მიაღწია.

მოგვიანებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ღამურები SARS-ის მსგავსი კორონავირუსების ბუნებრივი რეზერვუარები იყვნენ და მრავალწლიანი კვლევის შედეგად დაადასტურეს, რომ SARS-CoV-1 სწორედ ამ გარეული ძუძუმწოვრებიდან გადავიდა ადამიანზე.

2012 წელს კიდევ ერთი მომაკვდინებელი კორონავირუსი გამოჩნდა — MERS-CoV, რომელიც პირველად საუდის არაბეთში დაფიქსირდა. სავარაუდოდ, ვირუსი ღამურებიდან აქლემებზე, შემდეგ კი ადამიანებზე გავრცელდა.

MERS-CoV ადამიანებში შედარებით რთულად ვრცელდება, თუმცა ინფექცია მაინც შეიჭრა აშშ-ში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში.

"სამხრეთ ამერიკაში MERS-ის მსგავსი შტამის აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად კრიტიკულ როლს თამაშობენ ღამურები ახალი ვირუსების წარმოქმნასა და გავრცელებაში. ჯერჯერობით დარწმუნებულები არ ვართ, შეუძლია თუ არა ამ ვირუსს ადამიანზე გავრცელება, მაგრამ მისი სპაიკ-ცილის ნაწილები გამოვავლინეთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა ის იმავე რეცეპტორთან ურთიერთქმედებდეს რომელთანაც MERS-CoV", — აცხადებს სილვერიო თავის კვლევით ჯგუფთან ერთად.

უფრო ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, ჯგუფი მიმდინარე წელს ჰონგ-კონგში ექსპერიმენტების ჩატარებას გეგმავს.

"ღამურები ვირუსების მასიურ გამავრცელებლებს წარმოადგენენ და აუცილებელია მათი მუდმივი ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი", — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, ბიოლოგი რიკარდო დურაეს-კარვალიო, სან-პაულუს ფედერალური უნივერსიტეტიდან.

2020 წლის შემდეგ, მსოფლიო უფრო სერიოზულად ეკიდება კორონავირუსების გარეული ძუძუმწოვრებიდან ადამიანებზე გავრცელების საფრთხეს. ღამურებით გადამტანი საშიში ვირუსის აღმოჩენა სამხრეთ ამერიკაში შეშფოთების საფუძველს იძლევა, თუმცა ამავდროულად გარკვეულ სიმშვიდესაც გვანიჭებს, ვინაიდან ახლა, როცა მისი არსებობის შესახებ ვიცით, მეცნიერებს მისი მონიტორინგისა და საფრთხის პრევენციის საშუალება აქვთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.