როგორი იქნებოდა ანტარქტიდა ყინულის გარეშე? — ახალი დეტალური რუკა

ფოტო: Creative Commons
მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულის ქვეშ დამალული ლანდშაფტის ყველაზე დეტალური რუკა შექმნეს, სახელად Bedmap3. ეს მაღალი გარჩევადობის გამოსახულება გვიჩვენებს, როგორ გამოიყურება კონტინენტი ყინულის საფარქვეშ. ასევე, იმის პროგნოზირებაში გვეხმარება, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ანტარქტიდა გლობალური დათბობის პირობებში.
"წარმოიდგინეთ, რომ ორცხობილას ზემოდან სიროფს ასხამთ — მისი ზედაპირის უსწორმასწორობა განსაზღვრავს, საით წავა სიროფი და რა სისწრაფით", — ამბობს ჰემიშ პრიჩარდი, ბრიტანეთის ანტარქტიდული კვლევის სამსახურის (BAS) გლაციოლოგი და ახალი კვლევის ხელმძღვანელი.
მეცნიერის თქმით, იგივე პრინციპი იმუშავებს ანტარქტიდაზეც, თუკი ყინულის საფარი მნიშვნელოვნად დადნება. ზოგიერთი ქედი ყინულის დინებას შეაკავებს, ხოლო ღრმულებსა და გლუვ ადგილებში შესაძლოა, მისი მოძრაობა დაჩქარდეს.
Bedmap3 წინა ორ კვლევას ეფუძნება, რომელთა ფარგლებშიც სპეციალისტებმა ანტარქტიდა ყინულის გარეშე ციფრულად წარმოადგინეს. მასში გაერთიანებულია ყველა ის მონაცემი, რომელიც Bedmap1-სა და Bedmap2-ში იყო გამოყენებული. ეს ინფორმაცია თანამგზავრებით, გემებითა და ძაღლების მარხილებით ჩატარებული დაკვირვებების შედეგადაა შეგროვებული. ამჯერად მკვლევრებმა დამატებით 52 მილიონი მონაცემი მოიპოვეს, რათა უფრო ზუსტი რუკა შეექმნათ.
"ეს ძირითადი ინფორმაცია საფუძვლად უდევს კომპიუტერულ მოდელებს, რომლებსაც იმის გამოსაკვლევად ვიყენებთ, თუ როგორ შეიცვლება კონტინენტზე ყინულის დინება ტემპერატურის მატების პირობებში", — ამბობს პრიჩარდი.
ახალი რუკა ზღვის დონიდან ანტარქტიდის ძირითადი ქანის სიმაღლეს ფერების მიხედვით აჩვენებს, ეს კი კონტინენტის ყველაზე მაღალ მთებსა და ღრმა ხეობებს გამოკვეთს. ტოპოგრაფია უპრეცედენტო სიზუსტისაა, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უკეთ შეისწავლონ ისეთი ნაკლებად გამოკვლეული რეგიონები, როგორიც სამხრეთ პოლუსის მიმდებარე ტერიტორიაა.
სპეციალისტებმა ძირითადი ქანის ფორმისა და ყინულის საფარის სისქის გამოსავლენად სარადარო, სეისმოლოგიური და გრავიტაციული მონაცემები გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ ანტარქტიდაზე ყინულის ყველაზე სქელი შრე უილქსის მიწაზე არსებული უსახელო კანიონის მიმდებარედაა, რაც მეცნიერებისთვის მოულოდნელი იყო.
მანამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ყველაზე სქელი ყინული ადელის მიწაზე ფიქსირდებოდა. როგორც გაირკვა, ამ ორ არეალს შორის განსხვავება მინიმალურია — პირველში ყინულის სისქე 4.8 კილომეტრია, მეორეში კი 4.7 კილომეტრს აღწევს.
"ახლა უკვე ნათელია, რომ ანტარქტიდის ყინულის საფარი უფრო სქელია, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით. ასევე, იქ გაცილებით დიდი მოცულობის ყინულია, რომელიც ზღვის დონის ქვემოთ მდებარე ქანში იღებს სათავეს", — ამბობს კვლევის თანაავტორი, პიტერ ფრეტველი.
"ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ზღვის შედარებით თბილმა წყალმა ყინულის საფარში შეაღწიოს, რაც მის დნობას კიდევ უფრო დააჩქარებს", — განმარტავს ის.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Scientific Data გამოქვეყნდა.
კომენტარები