რამდენად ეფექტიანია ორ მეტრამდე სოციალური დისტანციის დაცვა
დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩეველთა აზრით, ერთმეტრიანი დისტანციის პირობებში დაინფიცირების ალბათობა 10-ჯერ მეტია, ვიდრე ამ მანძილის 2-ჯერ გაზრდის შემთხვევაში.
რას ამბობს მეცნიერება?
ამ კითხვაზე მარტივი პასუხია — რაც უფრო ახლოს ხარ ვირუსის მატარებელთან, დაინფიცირების მეტი შანსი გაქვს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით, სოციალური დისტანცია მინიმუმ 1 მეტრი მაინც უნდა იყოს. ზოგიერთმა ქვეყანამ ამ რეკომენდაციასთან ერთად პრაქტიკაში პირბადის სავალდებულო ტარების პრაქტიკაც დანერგა. სხვა ქვეყნებმა ძირითადი აქცენტი სოციალური დისტანციის გაზრდაზე გააკეთეს.
რას გვეუბნება უახლესი კვლევები?
ჟურნალში The Lancet გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერებმა კორონავირუსის გავრცელების მოდელი გააანალიზეს. მათი დასკვნით, მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანციის პირობებში დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ დაბალია. თუმცა, დისტანციის გაზრდასთან ერთად მცირდება დასნებოვნების რისკიც — თუ ერთი მეტრის ფარგლებში ალბათობა მხოლოდ 13%-ია, მანძილის ზრდასთან ერთად ეს მაჩვენებელი 3%-მდე მცირდება.
საიდან გაჩნდა სოციალური დისტანციის ცნება?
მისი დაბადების თარიღი 1930-იან წლებში უნდა ვეძებოთ, როცა მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ დახველებისა თუ დაცემინების დროს ორგანიზმიდან გამოყოფილი წვეთები ჰაერში შეიწონება ან ზედაპირზე დაეცემა. ამაში გადამწყვეტ როლს მათი წონა თამაშობს. წვეთების უმეტესობა 1-2 მეტრის რადიუსში შეიძლება გავრცელდეს. სწორედ ამიტომ, ვირუსის გავრცელების თვალსაზრით, ყველაზე საფრთხილო სწორედ დახველებისა თუ დაცემინების ახლო არეალში მოხვედრაა.
შესაძლებელია თუ არა ვირუსის სხვაგვარი გავრცელება?
ამ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების მთავარი გზა ინფიცირებულთან ფიზიკური სიახლოვე და ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირთან შეხება გახლავთ. ამიტომაც ამბობენ, რომ დაავადება წვეთოვანი გზით ვრცელდება. თუმცა, ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, დაავადების გავრცელება ჰაერში შეწონილი მცირე ზომის წვეთოვანი ნაწილაკებით, ანუ აეროზოლითაც არის შესაძლებელი. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ამოსუნთქულ ჰაერში მოხვედრილი ვირუსის გადატანა ქარს დიდ მანძილზე საკმაოდ მარტივად შეუძლია. ასეთ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ დაავადება ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება.
ჩინეთის ჰოსპიტალების პალატებსა და ინტენსიურ განყოფილებებში ჩატარებულმა კვლევებმა ვირუსის გავრცელების არეალი 4 მეტრამდე განსაზღვრა. უფრო დიდ მანძილზე საუბრობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორი, ლიდია ბურუიბა. ამ უკანასკნელმა დახველების შედეგად გამოყოფილი წვეთები მაღალი სისწრაფის კამერით აღბეჭდა. მისმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ წვეთები 6 მეტრის მანძილზეც კი შეიძლება გავრცელდეს.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრს (CDC) ამ საკითხზე ჯერჯერობით განსხვავებული პოზიცია აქვს — ვირუსის აეროზოლით გავრცელებაზე საუბარი კვლევების სიმცირის გამო ნაადრევია. ასევე უცნობია, თუ რამდენად შეუძლია ორ მეტრზე შორს აღმოჩენილ ვირუსს ადამიანის დაინფიცირება.
ყველაფერი მხოლოდ დისტანციაზე არ არის დამოკიდებული
დრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტში, მით უფრო მაღალია მისი დასნებოვნების რისკიც. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველ მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით, ინფიცირებულ ადამიანთან 1 მეტრის დისტანციაზე 6 წამიანი დაყოვნება, ორმეტრიან დისტანციაზე 1 წუთიანი დაყოვნების ტოლფასია. გაცილებით საშიშია, თუ ადამიანი აქტიურად ახველებს. ასეთ დროს 2 მეტრის დაშორებით დგომისას დასნებოვნების რისკი ისეთივეა, როგორც იმავე დისტანციაზე დგომისას 30-წუთიანი ლაპარაკის შემთხვევაში.
ასევე მნიშვნელოვანია ვენტილაციის ხარისხი
ხალხმრავალ, დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების ალბათობა მაღალია. იაპონელმა მეცნიერებმა Covid-19-ის 110 შემთხვევა გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ღია სივრცესთან შედარებით დახურულ სივრცეში დაინფიცირების ალბათობა 19-ჯერ მაღალია. ასეთ დროს გადამწყვეტ როლს ვენტილაცია და ჰაერის ნაკადის მიმართულება თამაშობს. ინფიცირებული ადამიანის ზურგიდან დაბერილმა ვენტილატორმა ვირუსი, შესაძლოა, გაცილებით დიდ მანძილზე გაავრცელოს. ასავე ძალიან მნიშვნელოვანია ოთახის განიავებაც. მაგალითისათვის, ჩინეთში ერთ რესტორანში 9 ადამიანი კორონავირუსით იმიტომ დაინფიცირდა, რომ კედელზე დამაგრებული კონდიციონერი გაუმართავად მუშაობდა — იგი ჰაერის ნაკადს არა გარედან, არამედ ოთახიდანვე იღებდა და ისე უშვებდა ცირკულაციაში.
კიდევ რა ახდენს გავლენას ინფიცირებაზე?
სპეციალურ პლატმასის გამყოფებს ვირუსის გავრცელების მექანიკური შეზღუდვის კარგი უნარი აქვთ. ასევე ეფექტიანია სივრცეების იმგვარად მოწყობა, რომ ადამიანები ერთმანეთთან პირისპირ არ აღმოჩნდნენ. თუ სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია მჭიდრო კონტაქტში მინიმალური დროით დაყოვნება. ასევე ეფექტიანია პირბადის ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა ფიზიკურად ვერ ხერხდება.
რატომ არ გვაქვს საბოლოოდ დაზუსტებული რეკომენდაციები?
ახალი ტიპის კორონავირუსს მეცნიერები სულ რამდენიმე თვეა, რაც იცნობენ. მის შესახებ არსებული ცოდნა ყოველდღიურად ღრმავდება და იგი უფრო მრავალფეროვანი ხდება. შესაბამისად, მუდმივად იცვლება და ზუსტდება რეკომენდაციებიც. ამჟამინდელი მონაცემებით, სოციალური დისტანციის შესუსტება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად შემცირდება.
კომენტარები