რამდენად რეალურია "მაკბეტში" აღწერილი ისტორიული მოვლენები
400 წელზე მეტი გავიდა, რაც უილიამ შექსპირმა გენიალური ტრაგედია, მაკბეტი დაწერა და იგი დღემდე საპატიო ადგილს იკავებს მის სხვა ისეთ საყოველთაოდ ცნობილ პიესებთან, როგორებიცაა იულიუს კეისარი, მეფე ლირი და ჰამლეტი. თუმცა, ერთია ის, თუ რამდენად გამორჩეულია მაკბეტი მასში დატეული იდეების სიღრმითა და სიბრძნით, მეორე კი — რამდენად ახლოა მასში ასახული მოვლენები თუ პერსონაჟთა აღწერები რეალობასთან.
იმისათვის, რომ პასუხი გავცეთ შეკითხვას, რამდენად შეიძლება შექსპირის მაკბეტის სანდო ისტორიულ წყაროდ მიჩნევა, პიესა XVI საუკუნეში მცხოვრები ინგლისელი მემატიანეს, რაფაელ ჰოლინშედის ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ქრონიკებს უნდა შევადაროთ. ითვლება, რომ პიესაზე მუშაობისას დრამატურგისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო სწორედ ეს ნამუშევარი იყო.
უილიამ შექსპირის დროინდელი ისტორიული კონტექსტი
მაკბეტის განხილვისას, ცხადია, უმნიშვნელოვანესია იმ ისტორიული კონტექსტის ცოდნა, რომლის დროსაც პიესა იწერებოდა. ეს ინფორმაცია გარკველწილად ლოგიკურ ახსნას უძებნის ტრაგედიაში აღწერილ ამბებსა და ნამდვილ ისტორიულ მოვლენებს შორის არსებულ განსხვავებებს და წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რატომ დასჭირდა შექსპირს პიესაში არსებითი ცვლილებესის შეტანა.
ისტორიული წყაროების თანახმად, მაკბეტი 1604-1608 წლებში მეფე ჯეიმზ I-ის მმართველობის პერიოდში შეიქმნა. იმისათვის, რომ შოტლანდიურ სამეფო კარზე მიმდინარე პერიპეტიების შესახებ პიესის დაწერის უფლება მოეპოვებინა, შექსპირს მეფის თანხმობა სჭირდებოდა. იქამდე, სანამ 1603 წელს თავის ტიტულს ინგლისისა და ირლანდიის მეფის წოდებას შემატებდა, ჯეიმზი სწორედ შოტლანდიის მონარქი გახლდათ. ამის ფონზე ლოგიკური იქნებოდა, დრამატურგს ისეთი დეტალების ჩართვის იდეა მოსვლოდა თავში, რითაც თეატრზე შეყვარებული მეფის გულს მოინადირებდა.
ცნობილი ფაქტია, რომ ჯეიმზ I განსაკუთრებით იყო დაინტერესებული მაგიისა და ზებუნებრივი ძალების თემატიკით, რასაც მის მიერ 1597 წელს ჯადოქრებისა და სულების შესახებ დაწერილი წიგნიც ადასტურებს. სავარაუდოა, რომ შექსპირმა ეს ფაქტი სათავისოდ გამოიყენა და სწორედ ამ მიზეზით შემოიყვანა პიესაში სამი ალქაჯის პერსონაჟი. "ბნელი ნათელია, ნათელში ბნელა. ამ დამპალ ნისლში დავფრინავთ ყველა", — ტრაგედიაში ამ მაგიური სიტყვებით ჩნდებიან ალქაჯები და მკითხველებს წინასწარ უქმნიან მოლოდინებს, რომ ბოროტების მარცვალი იქ გაღვივდება, სადაც, წესით, ყველაზე ნაკლებად უნდა მოველოდეთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც დრამატურგმა მეფე ჯეიმზის საამებლად შეცვალა, მაკბეტის მეგობარი ბენკოს დახასიათებაა. პიესაში იგი აღწერილია როგორც კეთილშობილი და ერთგული ადამიანი, რომელიც, მთავარი გმირისგან განსხვავებით, შინაგან ბოროტ ზრახვებს წინააღმდეგობას უწევს. თუმცა ჰოლინშედის ისტორიული წყაროს მიხედვით, რეალური ბენკო შექსპირის პერსონაჟის აბსოლუტური ანტიპოდია და იგი მეფის მკვლელობისას მაკბეტის თანამზრახველიც კი იყო. მაგრამ ვინაიდან ჯეიმზ I საკუთარ თავს ბენკოს შთამომავლად აღიარებდა, მას, სავარაუდოდ, არ ესიამოვნებოდა დრამატურგს ეს პერსონაჟი მეფის მკვლელად რომ გამოეყვანა.
მაკბეტისა და დანკანის რეალური პორტრეტები
ადამიანთა უმეტესობისთვის მაკბეტი მეფის მკვლელობისა და ძალაუფლების მზაკვრული გზით მიტაცების შედეგად გაგიჟებულ, უუნარო ფიგურასთან ასოცირდება და სრულიად გამართლებულადაც: ინგლისელი დრამატურგის მიერ შექმნილი მთავარი გმირი უსათუოდ ასეთია. თუმცა ანალოგიურს ვერ ვიტყოდით რეალურ მაკბეტზე. გაგიკვირდებათ და, ეს უკანასკნელი შექსპირის მიერ აღწერილი პერსონაჟისგან დიამეტრალურად განსხვავდებოდა. სინამდვილეში, მეთერთმეტე საუკუნეში მცხოვრები შოტლანდიის მეფე მაკბეტი სიბრძნით გამორჩეული წარმატებული მმართველი იყო, რომელსაც მოქალაქეები გულწრფელი პატივისცემით ეპყრობოდნენ და დიდსულოვანი მონარქის ეპითეტითაც ხშირად ამკობდნენ.
მის მიერ გატარებული რეფორმების გრძელი სიის ნაწილი ასე გამოიყურება: მან წესრიგი დაამყარა შოტლანდიაში, შემოიღო ახალი კანონები და ხელი შეუწყო ქრისტიანობის წახალისებას.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გარდა პიროვნული თვისებებისა, შექსპირმა მაკბეტთან დაკავშირებული სხვა რამდენიმე ბიოგრაფიული ფაქტიც შეცვალა. კერძოდ, რეალურად იგი შოტლანდიას 17 წლის განმავლობაში უძღვებოდა, თუმცა თუკი პიესას დავეყრდნობით, მისი მეფობა ერთ წელზე მეტხანს არ გაგრძელებულა. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ტრაგედიაში მაკბეტს გლამზის თენის წოდება ჰქონდა მაშინ, როდესაც სინამდვილეში, მეთერთმეტე საუკუნის შოტლანდიაში მსგავსი ტიტული არც კი არსებობდა.
ისტორიულად არაზუსტია მეფე დანკანის შექსპირისეული დახასიათებაც. კერძოდ, პიესაში დანკანი აღწერილია როგორც ძლიერი, ბრძენი და ასაკოვანი მეფე; რეალურად კი, იგი ახალგაზრდა და არცთუ გამორჩეული ლიდერული თვისებების მქონე მმართველი იყო. ისტორიკოსები იმასაც ამტკიცებენ, რომ დანკანი ბევრად უფრო სუსტი მეფე იყო, ვიდრე მისი წინამორბედი მალკოლმი და რომ მის მმართველობას არაერთი წარუმატებელი ლაშქრობა დაემთხვა.
მეფის მკვლელობა როგორც ძალაუფლების მოპოვების გავრცელებული გზა
პიესაში მაკბეტის უბედურებათა მთელი სერია მას შემდეგ იწყება, რაც იგი მეფე დანკანს კლავს: მთავარ გმირს თავზარს სცემს მცირე ხმაურიც კი; დანაშაულის გრძნობა დაძინების საშუალებას არ აძლევს; ციდან უცნაური გოდების ხმა მოესმის; და ბუნებრივი მოვლენებიც კი, თითქოს, მისი ქმედების საპასუხოდ იცვლება: ფრინველები გაჰკივიან, მიწა ირყევა, დანკანის გადარეული ცხენები ერთმანეთის ჭამას იწყებენ... სინდისის ქენჯნით გატანჯული მაკბეტი ამბობს კიდეც: "თუ ეს ამბავი უნდა მომსვლოდა, ნეტავ სულაც ნუ ვიქნებოდი".
ეს ყველაფერი კი ერთობ ალოგიკურია და, აი, რატომ: მეთერთმეტე საუკუნის შოტლანდიაში მეფის მოკვლით ძალაუფლების ხელში ჩაგდება ერთობ გავრცელებული გზა იყო და ძალაუფლების მოსურვე დიდებულები ამ მეთოდის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისგან თავს დიდად არ იკავებდნენ ხოლმე. შესაბამისად, ასეთი მოცემულობის ფონზე, არადამაჯერებლად ჩანს, რომ მაკბეტს მეფის მოკვლით სინდისის ქენჯნა სიცოცხლეს გაუმწარებდა და ყველა იმ მძრაფრ ემოციას განაცდევინებდა, რაც პიესაშია აღწერილი.
ამასთან, ისტორიულად, მაკბეტს სამეფო გვირგვინის მოპოვებისთვის ლეგიტიმური საფუძვლები ჰქონდა, რადგან დედამისი მალკოლმ II-ის შვილი და სამეფო წარმომავლობის მქონე მაკალპინის კლანის შთამომავალი იყო.
სიკვდილის სცენები
ასევე აცდენილია რეალობას პიესაში აღწერილი მეფე დანკანის სიკვდილის სცენაც. შექსპირის თანახმად, მაკბეტმა იგი საკუთარ ციხესიმაგრეში მზაკვრულად მოკლა. თუმცა თუკი ჰოლინშენდის ისტორიულ წყაროს დავუჯერებთ, დანკანი ელგინის მახლობლად დაიღუპა, თანაც, არა უშუალოდ მაკბეტის ხელით, არამედ მის წინააღმდეგ გამართული ბრძოლის მიმდინარეობისას.
ანალოგიურად შეცვლილია თავად მაკბეტის სიკვდილის სცენაც. შექსპირის პიესაში მას მაკდაფი კლავს, სინამდვილეში კი, მაკბეტის მკვლელი დანკანის ვაჟიშვილი, მალკოლმი იყო. მალკოლმი მამის სიკვდილის შემდეგ 17 წლის განმავლობაში აფარებდა თავს ინგლისს, თუმცა მას არასოდეს შეუწყვეტია ტახტის დაბრუნებაზე ფიქრი. საბოლოოდ, მან მაკბეტი ინგლისის არმიის დახმარებით, 1057 წლის 15 აგვისტოს, აბერდინშირის მახლობლად მოკლა და თავად გამეფდა.
ყველა ეს ცნობა ცხადყოფს, რომ უილიამ შექსპირმა ერთმანეთში ოსტატურად გადაათამაშა რეალური ისტორიული ფაქტები და საკუთარი ფანტაზიით შეთხზული მოვლენები. თუმცა ფაქტობრივი უზუსტობების გამო მას ნამდვილად ვერ დავძრახავთ: მისი, როგორც დრამატურგის, მოვალეობა არათუ ისტორიული ამბების სრული სიზუსტით მოთხრობა, არამედ ფაქტების საკუთარი ინტერპრეტაციით ასახვა იყო.
და მიუხედავად იმისა, რომ მაკბეტი სანდო ისტორიულ წყაროდ ვერ ჩაითვლება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პიესის გენიალურობაში ეჭვი უნდა შევიტანოთ. უფრო პირიქით — მისი წაკითხვითა თუ თეატრალური დადგმების ყურებით დარწმუნდებით, რომ უილიამ შექსპირის მიერ შექმნილ სამყაროში მოგზაურობისას ადამიანის ბუნებაზე ბევრად მეტი რამის აღმოჩენაა შესაძლებელი, ვიდრე მშრალად გადმოცემული ისტორიული ამბების კითხვისას.
კომენტარები