როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები — ყველაფერი, რაც უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი უკვე ცნობილია. წელს მისაღები გამოცდები 19 დღის განმავლობაში გაგრძელდება — 6 ივლიდან 25 ივლისამდე. კორონავირუსის პანდემიის გამო აბიტურიენტებსა და საგამოცდო ცენტრებს ვირუსის პრევენციისათვის საჭირო რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. შესაბამისად, წლევანდელი საგამოცდო გარემო წინა წლებისაგან განსხვავებული იქნება. 55 ათასზე მეტი აბიტურიენტისთვის 24 საგამოცდო ცენტრია გამოყოფილი, თუმცა გაიზრდება როგორც საგამოცდო სესიების, ისე საგამოცდო დღეების რაოდენობა.
როგორ უნდა მოხვდეთ საგამოცდო ცენტრში
მანამ, სანამ საგამოცდო ცენტრში მოხვდებით, როგორც აბიტურიენტმა, ისე დამკვირვებლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა თერმოსკრინინგი უნდა გაიაროთ, ანუ ტემპერატურა გაიზომოთ.
რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოცდის წინა დღეებში მაღალი ტემპერატურა გაქვთ, მაშინ PCR ტესტი უნდა ჩაიტაროთ, რომელიც აბიტურიენტებისთვის უფასოა. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ამის დამადასტურებელი ცნობა გამოცდებისას თან უნდა იქონიოთ.
არიან ადამიანები, რომლებიც 37°C-დან 37.4°C-მდე ტემპერატურას "ატარებენ", ანუ ეს მათთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში, ასევე, თუ გაქვთ რამე ქრონიკული დაავადება, დაგჭირდებათ ოჯახის ექიმის ან შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის ცნობა (ფორმა #100), რომელიც გამოცდაზე უნდა მიიტანოთ.
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე შესვლამდე თერმოსკრინინგის გავლისას მხოლოდ 37°C ან მეტი ტემპერატურა გექნებათ და არა სხვა სიმპტომები, 15 წუთში სიცხეს ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით ხელახლა გაგიზომავენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, ვერცხლისწყლის თერმომეტრი უფრო ზუსტია, ვიდრე დისტანციური. მისივე თქმით, გამოცდა გარკვეული ემოციური სტრესია და შესაძელებელია, ტემპერატურის მატება ამანაც გამოიწვიოს.
თუ გადამოწმების შემდეგ ტემპერატურა კვლავ 37°C-მდე (37,4°C-ის ჩათვლით) გექნებათ, მაშინ არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უნდა წარმოადგინოთ, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არ ხართ. თუ აღნიშნული პასუხი თან გექნებათ, გამოცდის დასაწერად ჩვეულებრივ დარბაზში, სხვა გამოსაცდელებთან ერთად დაგიშვებენ. თქვენი შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება.
თუ თუ გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე PCR ტესტი ჩატარებული არ გაქვთ, საგამოცდო ოთახში დაშვების საკითხს ადგილზე მყოფი ექიმი გადაწყვეტს, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს. ასეთ შემთხვევაში:
- თუ სიცხის გარდა არ გექნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), სხვებთან ერთად საერთო საგამოცდო სექტორში შეხვალთ;
- იმ შემთხვევაში თუ 37°C-დან 37,4°С-მდე ტემპერატურასთან ერთად რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი გექნებათ, მაშინ ცალკე სარეზერვო ოთახში შეგიყვანენ, სადაც გამოცდას დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან დაწერთ. თქვენი მაგიდა ორმეტრიანი რადიუსის დაცვით იქნება დაშორებლი ამავე ოთახში არსებულ სხვა მაგიდებთან. რეკომენდებულია, რომ PCR ტესტი მომდევნო გამოცდამდე ჩაიტაროთ;
- თუ ტემპერატურა 37,5°C გექნებათ (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც), მაინც ცალკე სარეზერვო ოთახში შეხვალთ, სადაც დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით განთავსდებით. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია, რომ მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტი გაიკეთოთ.
რაც შეეხება 37,5°C-ზე მაღალ ტემპერატურას, თუ ასეთ შემთხვევაში თან გექნებათ 2-3 დღით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, მაშინ თქვენს მდგომარეობას ექიმი შეაფასებს. სხვა სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავადავადაც შეხვალთ ჩვეულებრივ საგამოცდო ოთახში. თუ სხვა სიმპტომები გექნებათ, მაგრამ 2-3 დღით ადრე ჩატარებული გაქვთ PCR ტესტირება და პასუხის უარყოფითია, მდგომარეობას ექიმი შეაფასებს და სარეზერვო ოთახში, დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან გაგიშვებთ. რეკომენდაციის თანახმად, კონსულტაციის მიზნით, მომდევნო გამოცდამდე ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ.
რა შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან
თუ 37,5°C-ზე მაღალი ტემპერატურა დაგიფიქსირდებათ და თან არ გექნებათ 2-3 დღით ადრე ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა უარყოფითი შედეგით, გამოცდიდან მოიხსნებით. ასეთ დროს, რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოთ ექიმს და ან დარეკოთ 112-ზე.
რა უნდა წაიღოთ გამოცდაზე
პირბადის გარეშე გამოცდებზე არ დაიშვებით — შეგიძლიათ სასურველი პირბადე მიიტანოთ, თუმცა ადგილზეც დაგახვედრებენ. ის აუცილებლად უნდა გეკეთოთ როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას.
როგორც წინა წლებში, ამჯერადაც აუცილებელია გქონდეთ პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი. გარდა ამისა, წელს პირველად, ეროვნული გამოცდები შეიძლება დაწეროთ თქვენივე კალმით — გელიანი (ე. წ.ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ.,ბურთულიანი წვერით. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, გამოცდაზე კალამს ისედაც დაგახვედრებენ, თუმცა სასურველია, რომ თავად მიიტანოთ, რათა ნივთების უცხო პირებისთვის გაზიარება არ მოხდეს.
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, თან იქონიოთ წყალი პლასტმასის ბოთლით. სხვა პირადი ნივთების გამოცდაზე შეტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი. იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულოს გარდა, სხვა ნივთები გექნებათ, მათი შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას დატოვება მოგიწევთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოგიწოდებთ, რომ გაითვალისწინოთ რეკომენდაციები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან.
როგორი იქნება საგამოცდო სივრცე
ფოტო: Facebook / NAEC
თითო სექტორში 10 გამოსაცდელი აბიტურიენტი იქნება, ასევე, თითოეულ მერხს გამჭვირვალე ფარი ექნება დამონტაჟებული. ყველა ოთახი ერთნაირად იქნება აღჭურვილი — სარეზერვო და ჩვეულებრივ სივრცეებს შორის განსხვავება იქ გადანაწილების პრინციპია, რომელიც დამოკიდებულია აბიტურიენტების ტემპერატურაზე, სხვა სიმპტომებსა თუ PCR ტესტის პასუხის არსებობაზე.
რეკომენდაციის თანახმად, თითოეულ სექტორში მერხებს შორის სიგანეში დაშორება ორ მეტრზე მეტი უნდა იყოს, ხოლო მიმდევრობით განლაგებულ მერხებს შორის დაშორება ერთ მეტრზე მეტი იქნება.
რაც შეეხება კონდიცირებას, საგამოცდო სივრცეებს კონდიციონერით მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოცდებს შორის პერიოდში გააგრილებენ. მას დარბაზში აბიტურიენტების შესვლის წინ გამორთავენ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები