კორონავირუსის ასიმპტომური გავრცელების შემთხვევები "ძალიან იშვიათია" — WHO
კორონავირუსით უსიმპტომოდ დაავადებული პაციენტები ვირუსის გავრცელებაში დიდ როლს არ თამაშობენ, აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს განცხადება ეჭვქვეშ აყენებს იმ მკლევართა მოსაზრებებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ვირუსის შეჩერება სწორედ ასიმპტომური შემთხვევების გამო იქნებოდა განსაკუთრებით რთული.
ზოგიერთი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები და სხვა მხრივ ჯანსაღი ინდივიდები, კორონავირუსის შეყრისას სიმპტომებს ან საერთოდ არ ავლენს, ან — ძალიან მსუბუქად. ზოგი კი ინფიცირებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ხდება სიმპტომური.
ვირუსის პირველი აფეთქებების პერიოდში შეგროვებული მონაცემები იმაზე მიუთითებდნენ, რომ COVID-19 პირდაპირი კონტაქტისას ადამიანიდან ადამიანზე მაშინაც გადადიოდა, თუ ინფიცირებულს სიმპტომები არ ჰქონდა. მაგრამ ახლა WHO აცხადებს, რომ, მართალია, ვირუსის ასიმპტომური ინფიცირებულიდან სხვა პირზე გადადება შესაძლებელია, მაგრამ ეს დაავადების გავრცელების მთავარ გზას არ წარმოადგენს.
WHO-ს ეპიდემიოლოგის, მარია ვან კერკჰოვეს თქმით, მთავრობათა საპასუხო ზომები ფოკუსირებული უნდა იყოს სიმპტომების მქონე ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენასა და იზოლირებაზე და ყველა იმ პირის გაკონტროლებაზე, ვისაც ამ ხალხთან ჰქონდა კონტაქტი. ამასთან, მან აღნიშნა, რომ იმ კვლევებსაც გასცნობია, რომლებიც მოხუცთა საცხოვრებლებსა და ოჯახებში COVID-19-ის ასიმპტომურ ან პრესიმპოტმურ გადაცემაზე მიუთითებდნენ.
იმისთვის, რომ ზუსტად გაეცეს პასუხი კითხვას, რამდენად ვრცელდება კორონავირუსი ასიმპტომურად ინფიცირებული ადამიანებისგან, მეტი მონაცემის ქონა და დამატებითი კვლევებია საჭირო, აღნიშნა ვან კერკჰოვემ.
"ჩვენ გვაქვს მონაცემები იმ ქვეყნებიდან, რომელბიც ეპიდკონტაქტების ძალიან დეტალურ კვლევას აწარმოებენ", — დაურთო მან, — "ისინი ასიმპტომურ შემთხვევებსაც იძიებენ და კონტაქტებს აკვირდებიან. და მათ მსგავს შემთხვევებში მეორეული ინფიცირების კვალი არ უპოვიათ. ეს ძალიან იშვიათად ხდება".
კეკჰოვეს თქმით, WHO-ს ბევრი ქვეყნიდან მისდის ინფორმაცია ასიმპტომური გადაცემის შემთხვევათა შესახებ. მაგრამ როცა მათ დეტალურად იძიებენ, ხშირად აშკარავდება, რომ შემთხვევა ან მსუბუქია ან პაციენტს არაორდინალური სიმპტომები ახასიათებს.
იმის მიუხედავად, რომ გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს და სხვა ქვეყნების ჯანდაცვის მუშაკები აქამდე COVID-19-ის უსიმპტომო ადამიანებისგან გავრცელებაზე გვაფრთხილებდნენ, WHO აცხადებს, რომ, სავარუდოდ, მსგავსი შემთხვევები ინფიცირებათა 6%-ს არ აღემატება.
თუკი დადასტურდება, რომ ასიმპტომური გავრცელება კორონავირუსის გადაცემის მთავარი გზა არ არის, დიდი ალბათობით მთავრობებს საპასუხო ზომების გადახედვა მოუწევთ. ეს ეხება როგორც ინფიცირებულთა იდენტიფიცირების პროცესებს, ასევე ვირუსის გავრცელების შემაკავებელ მეთოდებს. მაგალითად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, CDC-ის 1 აპრილის ანგარიშში სოციალური დისტანცირების აუცილებლობის მიზეზად "პრესიმპტომური გადადების შესაძლებლობა" იყო გაწერილი.
ვან კერკჰოვე ხაზს უსვამს, რომ კორონავირუსი ასიმპტომურად და პრესიმპტომურად კვლავ ვრცელდება, თუმცა მსგავსი შემთხვევები ისევ იშვიათია.
"ჩვენ იმ შემთხვევებზე ფოკუსირება გვმართებს, როცა ვირუსი სიმპტომებით ვლინდება", — აცხადებს ის, — "ჩვენ რომ ყველა სიმპტომური შემთხვევის აღმოჩენა შევძლოთ, იზოლაციაში მოვაქციოთ მსგავსი პაციენტები, მათი კონტაქტები ვიპოვოთ და ისინიც კარანტინში მოვათავსოთ, აფეთქების მასშტაბებს მნიშვნელოვნად შევამცირებთ".
კომენტარები