ახალი მიკროსკოპის საშუალებით მეცნიერებმა სინათლის მოძრაობის დანახვა შეძლეს
პირველად ისტორიაში მეცნიერებმა ნივთიერებაში სინათლის გავლის დანახვა შეძლეს. მსგავსი რამ ისრაელის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ახალი ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით გახდა შესაძლებელი.
მიკროსკოპი მეცნიერებისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა — მათ უკვე შეუძლიათ დააკვირდდნენ ისეთ ფენომენებს, რომლებსაც აქამდე მხოლოდ სიმულაციის სახით თუ წარმოადგენდნენ. მიკროსკოპი ასევე მკვლევრებს ისეთი შეუსწავლელი ნაწილაკების ქცევის გაგებაში დაეხმარება, როგორიც ფოტონები და ელექტრონებია.
აქამდე ჩატარებული კვლევები, სადაც კვანტური ქცევის შესასწავლად მიკროსკოპებს იყენებდნენ, საკმაოდ შეზღუდული იყო: მეცნიერები იკვლევდნენ ატომებს ან კვანტურ წერტილებს, რომლებსაც ელექტრონებით დამუხტვისას ნაკლებად მოქნილი საპასუხო რეაქცია ჰქონდათ. ამჟამინდელ კვლევაში კი მეცნიერებმა ბევრად მცირე მასშტაბებზე, უშუალოდ ფოტონებზე და ელექტრონებზე დაკვირვება შეძლეს.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეგვიძლია უშუალოდ სინათლეს ნანონივთიერებაში გავლის დროს დავაკვირდეთ და კომპიუტერულ სიმულაციებზე არ ვიყოთ დამოკიდებულები", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა კენგპენგ ვანგმა.
მკვლევრებს ახლა უკვე შეუძლიათ სინათლის მოგზაურობას დააკვირდნენ და იმედი აქვთ, რომ მათი კვლევა კვანტური კომპიუტერებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებათ.
ქუბიტები, რომლებიც კვანტურ კომპიუტერებში ინფორმაციას ინახავენ, საკმაოდ არასტაბილურები არიან, მკვლევართა გუნდს კი იმედი აქვს, რომ მათი ტექნიკა ამ პრობლემის მოგავრებაში გარკვეულ როლს ითამაშებს.
კვლევა სამ ივნისს, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები