სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში 200 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ჰოსპიტალიზაციის რიგში დგას. ამ თემაზე პაშინიანის კომენტარს რადიო თავისუფლების სომხეთის გამოცემა ავრცელებს.

"ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმდენად გადატვირთულია, რომ ვერ ათავსებს საავადმყოფოში პაციენტებს, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. მეტსაც გეტყვით, უკვე გვყავს შემთხვევები, როცა სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო კორონავირუსისგან ადამიანი გარდაიცვალა", — თქვა ნიკოლ პაშინიანმა.

პრემიერის განცხადებით, სომხეთში 2 პაციენტი გარდაიცვალა, რომლებსაც რეანიმაციაში მკურნალობა სჭირდებოდათ, თუმცა საკმარისი ადგილების არქონის გამო საერთო განყოფილებაში იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 12 364 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3 720 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 190.