განამარხებული დინოზავრის მუცელში მეცნიერებმა მის უკანასკნელ სადილს მიაგნეს
ჩრდილოეთ ალბერტაში გიგანტური ჯავშნიანი დინოზავრის განამარხებულ მუცელში მისი უკანასკნელად მიღებული საკვები იპოვეს. მკვლევართა თქმით, 1 300 კილოგრამიანი ნოდოზავრის მუცელი ჩვენთვის ცნობილი ყველაზე კარგად შემონახული ნამარხია.
იმის შესახებ, თუ რა ჭამა დინოზავრმა ბოლოს, საკმაოდ ბევრი მოსაზრება არსებობდა, თუმცა ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი. ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ კი მეცნიერთა გუნდმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც გიგანტური, ბალახისმჭამელი ცხოველის რაციონის შესახებ დეტალურ მონაცემებს გვთავაზობს.
"ახალი კვლევა ბალახისმჭამელი დინოზავრების რაციონის შესახებ ჩვენს ცოდნას შეცვლის. ჩვენი მიგნებები ასევე იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მათ ცხოველების გარემოსთან ურთიერთობის შესახებ გარკვეული ინფორმაცია შეუძლია მოგვაწოდოს — ისეთი დეტალები, რომლებსაც, როგორც წესი, დინოზავრის ძვლებისგან ვერ ვიღებთ", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა.
აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა ნაწლავში თესლებისა და პატარა ტოტების კვალი გამოავლინა, თუმცა ეს კვლევები არ გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა სახის მცენარეები მიირთვეს მათ.
"ჩვენი დინოზავრის უკანასკნელად მიღებული საკვების უდიდეს ნაწილს გვიმრის ფოთლები წარმოადგენს, მცირე რაოდენობით გვხვდება ტოტები და ღეროები", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა დევიდ გრინვუდმა.
გუნდის წევრებმა მუცელში ნაპოვნი საკვები რეგიონის იმავე პერიოდში არსებულ ჩვენთვის ცნობილ საკვებს შეადარეს. მათ დაადგინეს, რომ დინოზავრი საკმაოდ პრეტენზიული მჭამელი ყოფილა — იგი მხოლოდ ერთ კონკრეტულ გვიმრას, ლეპტოსპორანგიუმიანს მიირთმევდა და არა ციკასს ან სხვადასხვა წიწვოვანს, რომლებიც ადრეული ცარცული პერიოდის ლანდშაფტზე იყო გავრცელებული.
"ასევე, მუცელში ხის ნახშირიც ვიპოვეთ, რაც მიგვითითებს, რომ ცხოველი დამწვარ ტერიტორიაზე იმყოფებოდა", — აცხადებს გრინვუდი. "კარგად შემონახულ მცენარეთა ფრაგმენტებისა და ცხოველის წყალობით ჩვენ ვიცით, რომ ნოდოზავრი საკვების მიღების შემდეგ მალეევ მოკვდა. მცენარეები სეზონების დასადგენად ცხოველებზე უკეთეს მასალას წარმოადგენენ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინოზავრი გაზაფხულის ბოლოსა ან შუა ზაფხულში დაიღუპა".
ნოდოზავრის ნამარხის კვლევები ისევ გრძელდება, რათა იმდროინდელი გარემოსა და დინოზავრის ქცევის შესახებ მეტი რამ გავიგოთ. გუნდის წევრები ასევე მცენარეების ნამარხებს იკვლევენ, რათა დინოზავრის საცხოვრებელი ტყის შემადგენლობა უკეთ შეისწავლონ.
კვლევა 3 ივნისს, ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები