სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილიას დამფუძნებლისა და აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, 20 ივნისს აქცია გაიმართება, რადგან "ეს არის ერთდროულად გლოვისა და ზეიმის დღე". ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა.

"ეს ჩვენი დღეა, როცა სამოქალაქო საზოგადოებამ ჩააბარა ხელისუფლების მიერ დადგმული ტესტი, რამდენად მიმღებელი იქნება საზოგადოება რუსული პოლიტიკის მანიფესტირებისადმი ქართულ პოლიტიკაში. საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მწვავე. ეს დღე გლოვის დღეც არის ჩვენთვის, იმიტომ რომ სისხლი დაიღვარა და ამავე დროს, ზეიმიც, რადგან მაშინ ახალი ეროვნული მოძრაობა დავინახე ამ ყველაფერში. სხვადასხვა წარსულის ადამიანი მოდის და ძირითად საკითხებზე თანხმდება", — ამბობს დიღმელაშვილი TV პირველთან ინტერვიუში და ჰყვება, რომ აქციის ორგანიზების საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, 20 ივნისის აქციაზე დისტანცია, უსაფრთხოება იქნება დაცული. ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაერთვებიან თუ არა პოლიტიკოსები, დიღმელაშვილი პასუხობს, რომ ისინი ღია იქნებიან ყველასთვის, ვინც არის პროდასავლური.

"მე ვისურვებდი, ერთიანი ოპოზიცია მოვიდეს, არასადავო რანგში წარსდგეს და ვიცი, რომ ასეც იქნება. უბრალოდ, გავიხსენოთ, რა იყო ამ დღეს. ადამიანებმა მკაფიოდ მიანიშნეს, საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა. ეს გადის არჩევნების მოგებაზე ოპოზიციის მიერ. სამწუხაროდ, ასეა. ამ მდგომარეობაშია ქვეყანა, რომ პოლიტიკური გემოვნების ადგილი აღარ რჩება — ან ხელისუფლებას ირჩევ, ან ოპოზიციურ სპექტრს".

2019 წლის 20 ივნისს აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა. ხალხმრავალი აქცია პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა. ირაკლი კობახიძე მხოლოდ მომდევნო დღეს გადადგა, მანამდე სპეცრაზმმა აქციაზე შეკრებილები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. მთავრობა ამტკიცებს, რომ შეკრებილები პარლამენტში შესვლას აპირებდნენ და მათ წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს.