მაიკროსოფტი ჟურნალისტებს ხელოვნური ინტელექტით ანაცვლებს
გასულ კვირაში 50-მდე ჟურნალისტმა მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მათ 30 ივნისის შემდეგ კონტრაქტს აღარ გაუგრძელებენ. Guradian-ის ცნობით, ყველა ჟურნალისტი საინფორმაციო სამსახურში გარე სააგენტოებიდან მუშაობდნენ.
"როგორც ყველა კომპანია, ჩვენ ამ ბიზნესს რეგულარულად ვაფასებთ", — ნათქვამია მაიკროსოფტის წარმომადგენლის განცხადებაში, — "ამან შესაძლოა ზოგ ადგილას ინვესტიციების ზრდა და თავიდან განვითარება გამოიწვიოს. აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება პანდემიას".
კომპანიის ყოფილი ჟურნალისტების ინფორმაციით, რომლებსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურდათ, Seattle Times-თანდა Business Insider-თან საუბარში ადასტურებენ, რომ კომპანია MSN-ში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას აპირებს. სრულ განაკვეთზე მომუშავე უშუალოდ მაიკროსოფტში დასაქმებული ჟურნალისტები ცვლილებების მიუხედავად მუშაობას განაგრძობენ.
წლების განმავლობაში მაიკროსოფტი პარტნიორ საინფორმაციო სააგენტოებისგან ტრენდული და საინტერესო კონტენტის მოსაძებნად უკვე იყენებდა გარკვეულ ალგორითმს, თუმცა ჟურნალისტებს მაინც ევალებოდათ აღწერის, სათაურებისა და მთავარი სურათების შერჩევა, რათა კონტენტი უფრო საინტერესო გამხდარიყო.
კონტრაქტორ ჟურნალისტებს ასევე ყოველდღიური ამოცანების შესრულება ევალებოდათ, როგორებიცაა სარედაქციო კალენდარის შედგენა MSN-ის პარტნიორი სააგენტოებისთვის და გამოსაქვეყნებელი კონტენტის ანალიზი.
"ეს პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში ისედაც ნახევრად ავტომატიზირებული იყო", — ყვება ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც ცვლილებების შედეგად დაითხოვეს, — "დემორალიზებული ვარ იმით, რომ მანქანებმა ჩაგვანაცვლეს, თუმცა რა გაეწყობა".
იგივე მდგომარეობაში აღმოჩენილი სხვა ჟურნალისტი The Guardian-თან საუბარში ყვება, — "აქამდე მხოლოდ სხვადასხვა სტატიაში ვკითხულობდი, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაოს წაართმევს, ახლა კი ეს უკვე ჩემი რეალობაა — ხელოვნურმა ინტელექტმა ჩემი ადგილი დაიკავა".
უკვე არაერთი საინფორმაციო სააგენტო აფართოებს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის როლს საკუთარ ნიუსრუმებში. Associated Press, Reuters, Washington Post — ეს იმ სააგენტოების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც კონტენტის მართვის ავტომატიზირებული სისტემას სათაურების შერჩევის, ყოველდღიური პრეს-რელიზების, შეტყობინებებისა და კომენტარების გაანალიზების საქმე მიანდეს. ხელოვნური ინტელექტი ასევე ჟურნალისტებს ისეთი ამბების გაშუქებაში ეხმარება, როგორიცაა მაგალითად ადგილობრივი სპორტული შეჯიბრი ან არჩევნები.
იგივე გზას ადგას გუგლი, რომელიც ავტომატიზირებულ საინფორმაციო პროექტებს აფინანსებს და ჟურნალისტებისთვის შესაბამის სახელმძღვანელოებსაც ქმნის, რათა ნიუსრუმის მუშაობაში ხელოვნური ინტელექტიც ჩაერთოს.
კომენტარები