45 საათი — ეს არის დრო, რომელსაც საქართველოში ქალები საოჯახო საქმეეზე ყოველკვირეულად ხარჯავენ, კაცები კი — მხოლოდ 15 საათს. COVID-19-მა ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია საოჯახო საქმეებისა და ბავშვებზე ზრუნვის გადანაწილება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა რამდენიმე ქალის ისტორია მოისმინა, როგორ უმკლავდებიან ისინი სამსახურს და საოჯახო საქმეებს ერთად მაშინ, როცა კორონავირუსის გამო სკოლები და ბაღები დაკეტილია.

სალომე ქოქოსაძე, მარკეტერი

მე და ჩემი მეუღლე იმ ორგანიზაციებში ვმუშაობთ, რომლებიც პანდემიის დროსაც შეუფერხებლად ფუნქციონირებენ. მარტის მეორე ნახევრიდან, როცა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავედით, ჩემი პოზიცია შეიცვალა და მარკეტერიდან მარკეტერ-დიასახლის-მზარეულ-ძიძა-დალაქად ვიქეცი.

ფოტო: პირადი არქივი

სამსახურის სტანდარტულ გრაფიკს მოულოდნელად სახლის საქმეები დაემატა: რეცხვა, გაუთოება, დალაგება, კერძების მომზადება, თმის შეჭრაც კი და, რაც მთავარია, ბავშვის მოვლა. აქამდე ამ ყველაფერს დამხმარე, ძიძა, საბავშვო ბაღი, ბებიები და ბაბუები ინაწილებდნენ. ახლა კი ყველა საქმე ერთიანად ჩემზე და ჩემს მეუღლეზე გადმოვიდა. საოჯახო საქმეები ბუნებრივად, წინასწარი შეთანხმების გარეშე განაწილდა. ონლაინშეხვედრებს შორის ვისაც რისი დრო და საშუალება გამოუჩნდება, იმას აკეთებს.

ბავშვზე ზრუნვის "გრაფიკს" 3 წლის მაშო განაგებს: ხან უნდა, რომ აუცილებლად მამამ აჭამოს, ხან კი მხოლოდ დედამ ჩააცვას. ხანგრძლივად სახლში ყოფნით ბავშვი ისე დაიბნა, დღე და ღამეც აერია და მუდმივად ერთსა და იმავე კითხვებს სვამს: დაღამდა? დღეა? მზე არის? ზოგჯერ უყურადღებოდ გვრჩება, მაგრამ ჩვენი სახლში ყოფნა ძალიან ახარებს. ახლა უკვე იმაზე ვფიქრობთ, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როცა სტანდარტულ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდებით.

ნასტასია არაბული, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი

ეს ამბავი ძალიან ჰგავს მშობიარობის შემდეგ დეპრესიას — შენთვის უცნობ მდგომარეობაში ხარ, ათას რამეზე ფიქრობ, ხან გეშინია, ხან ნერვიულობ, ყველაფერს კითხულობ და ყველაზე მეტად ის გინდა, რომ მარტო იყო, დრო გქონდეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარ მღელვარებებში გარკვევისთვის, მაგრამ ეს შეუძლებელია. სხვას, შენზე დამოკიდებულს, შენი ზრუნვა სჭირდება.

მესამე თვეა, სკოლა და ბაღი დაკეტილია, თითქმის ორი თვეა, სახლი გახდა ოფისიც, სასწავლო დაწესებულებაც, სათამაშო მოედანიც და შენ მუდმივად გაწუხებს სინდისი, რომ იმდენ დროს ვერ უთმობ ბავშვებს, რამდენსაც ჩვეულებრივ შინ ყოფნისას, დასვენების დღეებში ან არდადეგებზე. თან საქმეზე დარდობ: სანამ საჭმელს ამზადებ, ამ დროს შეგეძლო, ინტერვიუ გაგეშიფრა და დღეს მაინც დაგემთავრებინა დროულად მუშაობა. ამ ფოტოზეც სწორედ ასეთი ვარ, ანამ "ამაწყო", ჩემმა 5 წლის შვილმა და მითხრა, შენ ხარო.

ფოტო: UN Women Georgia

ახლა თითქოს ამის დრო არ არის, მაგრამ ორმაგად ცუდად მხვდება თვალში, როცა სკოლიდან ელექტრონულ წერილებს მხოლოდ დედებს უგზავნიან, როცა ქალები ამბობენ, რომ ქმრები სახლის საქმეებში ეხმარებიან და მადლიერებით აღნიშნავენ, რომ ეს მათ მდგომარეობას ამსუბუქებს, როცა რეკომენდაციები სახლის უფრო ყურადღებით დალაგების შესახებ ქალებისთვის გაიცემა. კორონავისურით ინფიცირებულებთანაც კი ძირითადად სამედიცინო სფეროს ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლები — ექთანი ქალები მუშაობენ. ამ ვერაგმა და ჯერ ამოუცნობმა ვირუსმა ერთი მხრივ აჩვენა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ცოდნები ზოგ საკითხში ძალიან შეზღუდულია და მეორე მხრივ დაგვანახა, რომ ჩვენს წარმოდგენებს თანასწორობის შესახებ არაფერი აქვს საერთო თანასწორობასთან.

არსებობს მოსაზრება, რომ კოვიდ-19-ის შემდეგ აღარაფერი იქნება ისე, როგორც მანამდე იყო. ვერ გეტყვით, რომ რადიკალური ცვლილებების გარდაუვლობის მჯერა, მაგრამ მომეწონება, თუკი იზოლაციის პერიოდი ქალის ვალდებულებების, საქმეებისა და ემოციების ქარიშხლების მასშტაბს გამოაჩენს, თუკი აღარ ჩაითვლება, რომ როცა კაცი საოჯახო საქმეს აკეთებს, ამით ქალს ეხმარება და თუკი მეტი ქალი შეძლებს კარიერის მაღალ საფეხურზე ასვლას.

თათია ასათიანი, დიასახლისი

მარტის ერთ დილას ყველაფერი თავდაყირა დადგა. მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი 10, 8 და 6 წლის შვილები, სახლში, ერთმანეთის პირისპირ დავრჩით. მანამდე სახლის საქმეებს მხოლოდ მე ვაკეთებდი, თუმცა კარანტინში მალევე მივხვდი, რომ ასე შორს ვერ წავიდოდით, ოჯახში ფუნქციების ახლებურად გადანაწილება იყო საჭირო. ონლაინსკოლა და პროდუქტების მოტანა მთლიანად მეუღლემ გადაიბარა, ბავშვებმაც ინიციატივა გამოიჩინეს და სახლის საქმეებში ჩაებნენ.

ფოტო: UN Women Georgia

რა თქმა უნდა, კარანტინს სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია. მაინც სულ დატვირთული ვიყავი. მრავალფუნქციური დედა გავხდი და ისეთი საქმიანობები შევითავსე, რომლებიც მანამდე ჩემთვის სრულიად შეუძლებელი მეგონა. პერიოდულად ვიყავი სტილისტი, სანტექნიკი, მზარეული, მკერავი, რომელმაც ონლაინსპექტაკლისთვის ფორმა შეკერა, სტომატოლოგი, რომელმაც ბავშვს 2 კბილი ამოუღო და გამრთობი. ბავშვები სულ გაჯეტებზე რომ არ ყოფილიყვნენ მიბმულები, მთელი დღის განმავლობაში უამრავ რამეს ვიგონებდი. სახლის პირობებში სპორტულ და სამსახიობო აქტივობებს, კულინარიულ დუელებს ვაწყობდი. პარალელურად, დისტანციურად ვზრუნავდი დედასა და უფროს გოგოზე, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა და ჩვენთან აღარ ცხოვრობს.

ეს რთული პერიოდიც გადაივლის, თუმცა მნიშვნელოვანია, COVID-19-ის მერეც გვახსოვდეს, რომ სახლის საქმეების გადანაწილება აუცილებელია. ვფიქრობ, ამ პროცესში განსაკუთრებით ბიჭი შვილები უნდა იყვნენ ჩართულები, რათა ქალების უხილავი შრომა ადრეული ასაკიდანვე დააფასონ და მისი გადანაწილება ჩვევად ჩამოუყალიბდეთ.

ნინო ჩიბჩიური, პროექტების კოორდინატორი

"დედა თუ არ მაჭმევს, არ შევჭამ...", "დედა, კალთაში ჩამისვი", "დედა, შენთან მინდა" — მას შემდეგ, რაც საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში გავაგრძელე, ეს ფრაზები მუდმივად მესმის. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში მობილიზება და მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება ძალიან მიჭირს. სამივე ბავშვი სახლშია და სამივეს უნდა, მათთან მეტი დრო გავატარო.

ფოტო: UN Women Georgia

ახლა მეც და ჩემს ქმარსაც განსაკუთრებით რთული და არეული რეჟიმი გვაქვს, ამიტომ კიდევ უფრო ვცდილობთ, რომელსაც რა შეგვიძლია, ისე გავინაწილოთ ბავშვებზე ზრუნვაც და სხვა საოჯახო საქმეც. წარმოდგენაც არ მინდა, ერთმანეთის გარეშე თავს როგორ გავართმევდით. ეს განაწილება COVID-19-ის გამო, ახლა არ დაგვიწყია. ჩვენი როლები თავიდანვე კარგად გვქონდა გააზრებული.

საჭიროებები გვკარნახობდა, როდის რა შეგვეძლო ოჯახის კეთილდღეობისთვის, რაც მხარში დგომის გარეშე არ გამოდის. ძიძა არასდროს გვყოლია. პატარებს ჩვენ ვზრდით და თან ორივე ვმუშაობთ, ამიტომ სულ ვცდილობთ, ერთმანეთს ისე წავეშველოთ და ჩავენაცვლოთ, რომ არც საოჯახო საქმეები დაგვიზარალდეს და არც — სამსახურები.

ირინკა ალიაშვილი, მედიაკომუნიკაციების პროექტების მენეჯერი

წარმოიდგინეთ, რომ გყავთ თანამშრომელი, რომელიც მუდმივად ყურადღებას ითხოვს. გეხვეწებათ, ეთამაშოთ, ხუთ წუთში ერთხელ გთხოვთ, მის ნამუშევარს შეხედოთ, შეაფასოთ და თუ სათანადოდ არ აღფრთოვანდებით, მზადაა იტიროს. თანაც, ამ თანამშრომლის კვება, ჰიგიენა, გონებრივი და ემოციური განვითარებაც თქვენი ვალია. მე ზუსტად ასეთი "თანამშრომელი" მყავს: ჩემი შვილი, 4 წლის ლაზარე.

ფოტო: UN Women Georgia

რაც დისტანციურ მუშაობაზე გადავედით, პირველი ერთი კვირა, პრაქტიკულად, ვერაფერს ვაკეთებდი. ჩემი ქმარი ექიმია, რეანიმატოლოგი. ეს კი დღეს ერთ რამეს ნიშნავს: იყოს ფრონტის ხაზზე, მუდმივად დაძაბული, მუდმივად მზადყოფნაში, მუდმივად მორიგე, მუდმივად სამსახურში. ყოველთვის მეამაყებოდა, რომ გიო ნიჭიერი ექიმია, მაგრამ ახლა ძალიან მიჭირს. აქამდე ლაზარეს განვითარებას საბავშვო ბაღი უზრუნველყოფდა. ამჟამად კი ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, თანაც იმ დროს, როცა სრულფასოვნად უნდა ვიმუშაო.

ჩემი მოვალეობები არ შემცირებულა. ისევ 11-დან 7 საათამდე ვმუშაობ. ასეთი გრაფიკი გვაქვს: დილით 7 საათზე ვიღვიძებთ, ვვარჯიშობთ, ვთამაშობთ და 11-მდე ვსაუზმობთ. მერე მე სამსახურში "მივდივარ", ლაზარე კი დამოუკიდებლად თამაშს ეჩვევა.

ორი დღე, როცა გიო სახლშია, ჭურჭელიც დარეცხილია და სარეცხიც — გაფენილი. ბავშვთანაც მთელი დღე ის თამაშობს. თუმცა, არის ერთი მთავარი რამ, რაც არც გიოს ბრალია და არც ჩემი: თუკი მე 24/7-ზე მართლა შეუსვენებლად ვშრომობ, მაინც ჩვეულებრივი თანამშრომელი და დედა ვარ. მე თავიდანვე მომეთხოვებოდა, რომ მემუშავა ისე, თითქოს შვილი არ მყავს და შვილთან ვყოფილიყავი ისეთი დედა, რომელიც სამსახურში არ იღლება. ჩემი ქმარი კი საზოგადოების თვალში ბავშვის დაბადებიდანვე გმირი მამა მხოლოდ იმიტომ იყო, რომ საფენს უცვლიდა, ღამეებს უთენებდა, ჭურჭელს რეცხავდა ან საჭმელს აკეთებდა. მას ტაშის დაკვრისთვის მრავალათასიანი აუდიტორია ჰყავს, ჩემთვის კი გიო ერთადერთი მაყურებელია და აპლოდისმენტებსაც მხოლოდ ის მჩუქნის.

ხატია ყურაშვილი, კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალისტი

ერთ, არც თუ ისე მშვენიერ დღეს სამ ბავშვთან — რუსასთან, თინასა და დავითთან ერთად თვითიზოლაციაში აღმოვჩნდი. ერთ-ერთი კლასტერის წევრები ვიყავით და 2 კვირა კარანტინში გავატარეთ. იმ დროს ჩემი მეუღლე მივლინებაში იმყოფებოდა და დაბრუნების შემდეგ მასაც თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწია, ოღონდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ცალკე, სხვა ბინაში.

ფოტო: პირადი არქივი

მეშინოდა, ვირუსი ჩვენც არ დაგვმართნოდა, თუმცა ამაზე ფიქრისთვის დიდი დრო არც მქონდა: დავრჩი მარტო დამხმარეების გარეშე, ბავშვებსა და კატა ბარბარასთან ერთად, რომელსაც თურმე საკმაოდ დიდი ყურადღება სჭირდება. მალევე ონლაინსწავლა დაიწყო და უფროსები საგაკვეთილო პროცესში ჩაერთნენ. მე კი წლისა და 8 თვის დავითზე ზრუნვის გარდა, მთელი საოჯახო საქმეები დამაწვა. თანაც, პარალელურად, მუშაობას დისტანციურად ვაგრძელებდი.

პირველი რამდენიმე დღე ძალიან რთული იყო, შემდეგ რაღაცნაირად გადავეწყვე. განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში მიჭირდა, როცა გოგოებს გაკვეთილები ჰქონდათ, მე ვმუშაობდი, დავითს კი მუდმივად ყურადღება სჭირდებოდა.

მას შემდეგ, რაც კარანტინის ვადა გავიდა და ჩემი მეუღლე სახლში დაბრუნდა, მოვალეობების გადანაწილება ბუნებრივად მოხდა: საოჯახო საქმეებს ძირითადად ისევ მე ვუძღვები, თუმცა სამაგიეროდ უკვე მშვიდად ვარ, რადგან პატარას დამტოვებელი და გამრთობი გამოუჩნდა. პატარასთან ერთად იზოლაციაში ყოფნა განსაკუთრებით რთულია, ჩემს მეუღლეს კი ბავშვების გართობა და მათთან თამაში ძალიან კარგად გამოსდის. ამ დროს მე შემიძლია ამოვისუნთქო და ყავა მშვიდად დავლიო.

ნინო თარხნიშვილი, რადიო თავისუფლების რეპორტიორი

მეოთხე კვირაა სახლიდან ვმუშაობ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო, როდესაც სახლიდან მუშაობა მომიწევდა და ეს პროცესი ამდენ ხანს გასტანდა.

თენდება დილა, ვდგები, გამოვდივარ საძინებლიდან სამზარეულოში, ვრთავ ტელეფონს, ვესწრები ონლაინ თათბირს, ვიღებ სამუშაო თემას და ვიწყებ მასალის შეგროვებას, ოღონდ სახლიდან გაუსვლელად.

არ ყოფილა სახლიდან მუშაობა ადვილი. პირველი ორი დღე ვეღარც სადილობას ვასწრებდი, ვეღარც ვახშმობას, ვერც ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, თითქოს დროსა და სივრცეში დავიკარგე. გვიან საღამოს გამოვდიოდი ოთახიდან, მთელი დღის დაგროვილი ჭურჭელი მხვდებოდა ნიჟარაში და ახლა იმის რეცხვას ვიწყებდი.

ფოტო: UN Women Georgia

და მესამე დღეს "მხსნელად" მომევლინა ქმარი. კარგი იქნება, აქ ე.წ. ღიმილაკი დავსვა. მესამე საღამოს, სამუშაო ოთახიდან გამოხეტებულს, ჭურჭლით სავსე ნიჟარის ნაცვლად, გაწკრიალებული სამზარეულო დამხვდა. იმ დღის შემდეგ ასე გადავინაწილეთ ფუნქციები — როცა მე ვმუშაობ, სახლის საქმეს, იქნება ეს ჭურჭლის რეცხვა, იატაკის დასუფთავება თუ მტვრის წმენდა, ის აკეთებს. შაბათ-კვირას თუ არ ჩავთვლით, სხვა დროს არასდროს გადაგვინაწილებია სახლის საქმე, რადგან, როგორც წესი, ის უფრო გვიან ბრუნდება სახლში, ძალიან ხშირად საზღვარგარეთ არის და სახლის საქმეც ძირითადად მე მაბარია. ახლა მივხვდი, როგორი დიდი შვებაა, როცა სამსახურიდან დაბრუნებულს (მერე რა, რომ სახლიდან ვმუშაობ), სახლის საქმე მოთავებული გხვდება.

ჰო, და ბოლოს, არც მისი შექება მავიწყდება, უხარია. და კიდევ, ჩემზე უკეთ წმენდს იატაკს. არ ტოვებს კუთხე-კუნჭულს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 91% ამბობს, რომ მათ ოჯახში სარეცხის გარეცხვა უფრო ქალების პასუხისმგებლობაა. 87%-ის თქმით კი, მათ ოჯახში სახლის დალაგება უფრო მეტად ქალების პასუხისმგებლობაა. საჭმლის მომზადებაც (86%) და ბავშვებზე ზრუნვის (68%) პასუხისმგებლობაც უმეტესად ქალებზეა.

მასალა მომზადებულია UN Women Georgia-ს მიხედვით.