ასტრონომებმა 12,3 მლრდ წლის წინანდელ მბრუნავ გალაქტიკას მიაგნეს
გალაქტიკების უმეტესობა, ჩვენი ირმის ნახტომის ჩათვლით თანდათანობით ყალიბდება და დიდ მასშტაბებს შედარებით გვიან აღწევს. თუმცა, ატაკამას დიდი მილიმეტრული/სუბმილიმეტრული ანტენათა მასივის (ALMA) მეშვეობით მკვლევრებმა მასიური მბრუნავი გალაქტიკის დისკი აღმოაჩინეს, რომელიც გალაქტიკის ფორმირების ტრადიციულ მოდელთან თანხვედრაში არ იმყოფება.
გალაქტიკა DLA0817g ყველაზე შორეული მბრუნავი გალაქტიკის დისკია, რომელიც ოდესმე გამოუკვლევიათ. მასზე დაკვირვება კი სწორედ ALMA-ს მეშვეობით გახდა შესაძლებელი.
"აქამდე ჩატარებული კვლევები მსგავსი მბრუნავი, აირებით მდიდარი გალაქტიკის დისკების არსებობაზე მიგვითითებდნენ, თუმცა ახლა ALMA-ს დახმარებით ჩვენ პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს, რომ ისინი დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 1,5 მლრდ წლის შემდეგ უკვე არსებობდნენ", — განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარმა მერსელ ნილმენმა.
ამ დისკის აღმოჩენამ გალაქტიკების ფორმირებასთან დაკავშირებულლი თეორიები, რომელთა მიხედვით, კოსმოსის ევოლუციის ამ ეტაპზე მასიური გალაქტიკები მცირე გალაქტიკებისა და აირების ცხელი ნაწილების შერწყმით გაიზარდა, ეჭვქვეშ დააყენა.
გალაქტიკების ფორმირების სცენარების უმეტესობაში, ისინი ჩამოყალიბებული დისკის სახეს დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 6 მილიარდი წლის შემდეგ გვიჩვენებენ. ხოლო ის ფაქტი, რომ ასტრონომებმა იპოვეს გალაქტიკის დისკი, როდესაც სამყარო მისი ამჟამინდელი ასაკის მხოლოდ ათი პროცენტი იყო, მიგვითითებს, რომ მისი ზრდის პროცესში სხვა ფაქტორებიც მონაწილეობდნენ.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ დისკი თავდაპირველად ცივი აირების მუდმივი მატების შედეგად გაიზარდა. თუმცა მთავარი კითხვა ისაა, თუ როგორ უნდა მოახერხო აირის მსგავსი რაოდენობით შეკრება და ამავდროულად სტაბილური მბრუნავი დისკი შეინარჩუნო", — გაანცხადა კვლევის თანაავტორმა ქსავიერ პროჩასკამ.
"ვარსკვლავთა ფორმირების სიჩქარე ჩვენი გალაქტიკის სიჩქარეზე ათჯერ მაღალია. ადრეულ სამყაროში ეს დისკი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულია", — განმარტავს პროჩასკა.
კომენტარები