პანდემიის პირობებში გატარებულმა ბოლო რამდენიმე თვემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა შევიტანოთ, რათა მომავლის გამოწვევებს უფრო მარტივად გავუმკლავდეთ.

ამ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი ტრანსპორტია: მზარდი ურბანიზაციის, კლიმატის ცვლილებისა და ეკონომიკური სტაბილურობის რყევის გამო მით უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ტრანსპორტის აქამდე ფართოდ გავრცელებულ საშუალებებს შორის ახალი ალტერნატივები უფრო აქტიურად უნდა დაინერგოს.

ასეთ შესაძლებლობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ვერსია სკუტერია და ამ სტატიაში სწორედ იმ უპირატესობებზე მოგიყვებით, რომლებიც დაგარწმუნებთ, თუ რატომ უნდა დაუმეგობრდეთ სკუტერს რაც შეიძლება მალე.

1. ხელმისაწვდომი ფასი

ფოტო: Fraser Davidson / Dribbble

საკუთარი ტრანსპორტის ფლობა, როგორც წესი, გარკვეულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს უკავშირდება, თუმცა სკუტერი ის სასიამოვნო გამონაკლისია, რომელიც სხვადასხვა სოციალური ფენისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.

მეტიც, მრავალფეროვანი არჩევანიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის შესაფერისი სკუტერი ისე შეარჩიოს, რომ მიუწვდომელი ფასის გამო გული არ დასწყდეს, რადგან ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე იაფი ტრანსპორტის საშუალებაა.

2. მარტივი და მოსახერხებელი გადაადგილების საშუალება

ფოტო: thanks but no thanks / Dribbble

როცა საქმე ტრანსპორტის მართვას ეხება, ბევრი მაშინვე იმაზე იწყებს ფიქრს, თუ როგორ უნდა დაეუფლოს ამ ცოდნას, თუმცა ამაზე დარდი სკუტერის შემთხვევაში სრულიად უადგილოა: მისი ტარება ლამის ისეთივე მარტივია, როგორიც ველოსიპედის. სკუტერთან ერთად თქვენი ყოველდღიურობა საოცრად შემსუბუქდება: თქვენი ცხოვრებიდან გაქრება პარკირების პრობლემა და საყიდლებზე გასვლაც კი სასიამოვნო სეირნობას დაემსგავსება.

თანაც, რაც ყველაზე მთავარია, ავტომობილებისგან განსხვავებით, უმეტეს შემთხვევაში სულაც არ გჭირდებათ მართვის მოწმობა და უსასრულო წესების დაზეპირებასთან თუ გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებული შფოთვაც შეგიძლიათ დაივიწყოთ.

3. აღარავითარი საცობები

ფოტო: Guillaume Kurkdjian / Dribbble

ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში ტრანსპორტით გადაადგილება მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული: პირადი ავტომობილების შემთხვევაში ხშირად დროის დიდ ნაწილს საცობში ვკარგავთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი პიკის საათებში გადავსებულია.

ამ ერთგვარ ჩაკეტილ წრეში კი თქვენი მხსნელი სწორედ სკუტერი იქნება: იმასთან ერთად, რომ შეგეძლებათ საცობს მარტივად აარიდოთ თავი, ამავდროულად თქვენი კომპაქტური ტრანსპორტით, ვთქვათ, მანქანისგან განსხვავებით, ქუჩაში მოძრაობასაც კიდევ უფრო არ გადატვირთავთ.

4. ეკონომიურობა

ფოტო: Jan Oberholzer / Dribbble

მართალია, სკუტერის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეგვიძლია, მაგრამ რა თანხებთანაა დაკავშირებული მისი მოვლა და სარგებლობა? გულახდილად რომ გითხრათ, არც ამ საკითხზე მოგიწევთ დარდი: ავტომობილთან შედარებით საწვავში ყოველდღიურად იმდენად ნაკლები ხარჯი გექნებათ, რომ ეს შეიძლება თქვენს ჯიბეს ვერც კი შეატყოთ.

მეორე მხრივ, სკუტერის სხვადასხვა ნაწილის გამოცვლა, შეკეთება და ზოგადად მისი მოვლაც არ არის ძვირად ღირებული, რის გამოც ის თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება, რომელიც თქვენს საფულეს მუდმივად უფრთხილდება.

5. სკუტერი ახლა ყველაზე მოდურია

ფოტო: Tochka_Studio / Dribbble

დიდი ხნის განმავლობაში ავტომობილის ფლობა პრესტიჟთან და სოციალურ სტატუსთან ასოცირდებოდა. ნაწილობრივ ეს ახლაც ასეა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება: თუნდაც იმ ზიანის დიდი წილის გამო, რომელიც მანქანებს გარემოს დაბინძურებაში შეაქვთ, მთელ რიგ ჯგუფებში მისი ფლობა სულაც აღარ არის სასურველი.

ამის ფონზე სკუტერი არა მხოლოდ საყვარელი ტრანსპორტი, არამედ თქვენი ცხოვრების სტილი გახდება, რადგან გადაადგილებისას გამოწვეული სტრესი შემცირდება, მგზავრობა უფრო სახალისო და სწრაფი გახდება და გაცილებით მეტი თავისუფალი დროც გამოგიჩნდებათ.

შესაბამისად, თუ გსურთ, რომ ახალ ტენდენციებს აუწყოთ ფეხი და მომავალს მომზადებული შეხვდეთ, მაშინ სკუტერის შეძენა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია: მრავალფეროვანი დიზაინის მქონე სკუტერებიდან თქვენთვის შესაფერისის შერჩევის შემდეგ თავი ნამდვილად განსაკუთრებულად შეგიძლიათ იგრძნოთ და ქუჩაში თავმომწონედ ისეირნოთ.

Scoot Scoot გამორჩეული ქართული კომპანიაა, რომელიც სწორედ სკუტერების დიდ არჩევანს გთავაზობთ, რათა ამ ორბორბლიანი მეგობრის საშუალებით მაქსიმალურად დაზოგოთ დრო და მატერიალური რესურსი, თქვენი მგზავრობა კი კვლავინდებურად სასიამოვნო პროცესად აქციოთ.

სტატია მომზადებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.