რუსა ფილოსოფიის მიმართულებით სწავლობს და პარალელურად, მუშაობს. პანდემიის გამო ბარი დაიკეტა, ამიტომ სახლში დოკუმენტებს თარგმნის. ამ რთულ პერიოდში მათი ძირითადი შემოსავალი სწორედ ესაა. თამო ერთ-ერთ კაზინოშია დასაქმებული, რომელიც ასევე გაჩერებულია. ხელფასის ნაწილს მაინც უხდიან, რომელიც პირდაპირ ბინის ქირაში მიდის.

არ მოსწონთ, როცა პარტნიორებად მოიხსენიებენ — საქმიან ურთიერთობებთან ასოცირდებაო. "ჩემი ცოლია" — ასე ამბობს რუსა თამოს შესახებ და მიაჩნია, რომ ოჯახს იუსტიციის სახლში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ განსაზღვრავს.

"არ მინდოდა ეს ადამიანი დამეკარგა"

ზუსტად 245 დღეა ერთად არიან. ამას თამოს ტელეფონში სპეციალური აპლიკაცია ითვლის.

პირველად ერთმანეთი ზაფხულში, პარლამენტის წინ აქციების დრო ნახეს. ერთმანეთი რა, თამომ დაინახა, რუსას არც შეუმჩნევია.

"ჩემი მეგობარი მიესალმა რუსას მეგობარს, იცნობდნენ ერთმანეთს. ეს მოშორებით იდგა და საერთოდ არ გვაქცევდა ყურადღებას. ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, რომ ეს ადამიანი არ უნდა დავკარგო. ერთხელაც არ შემომხედა...".

მეგობარს სახელი ჰკითხა, მაგრამ დაავიწყდა. კითხვის მეორედ დასმა მოერიდა, რადგან გრძნობების აფიშირება დისკომფორტს უქმნის. ხან სად ეძება, ხან სად, მაგრამ უშედეგოდ. ერთ დღესაც, ერთ-ერთ აპლიკაციაში შემთხვევით იპოვა.

— აქედან შენ გააგრძელე, — ეუბნება თამო რუსას, რომელიც უკვე მზადაა სალაპარაკოდ.

ფოტო: On.ge / ხატია ღოღობერიძე

რუსა გვიყვება, რომ თამოსთან ინტერნეტ კომუნიკაცია მაინცდამაინც არ აეწყო, მერე შეხვედრა გადაწყვიტეს, თუმცა ჩაიშალა. მას გეგმების შეცვლა არ უყვარს, ამიტომ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საერთოდ აღარ შეხვდებოდა. თუმცა თამო შემდეგ ჯერზე მაშინ დაუკავშირდა, როცა საქმე არ ჰქონდა და გარეთ გასვლის მიზეზს ეძებდა.

შეხვედრაზე დიდი ხნით დააგვიანა, თუმცა მაინც მივიდა.

"მეტროსთან მელოდებოდა. ფოტოებში სხვანაირი ტიპი ჩანდა. დამხვდა სულ სხვა ადამიანი, ვერც ვიცანი, რაღაცა კატასტროფული სათვალე ეკეთა. არადა, არც არის შეცვლილი, მაგრამ კომპლექსების გამო ჩანდა სხვანაირი. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდა".

თუმცა, ბარში მაინც ერთად აღმოჩნდნენ და პირველი კოცნაც იქ იყო. მერე უკვე ყველაფერი თავისთავად მოხდა.

"მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს ადამიანი გამიგებდა. პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ მეორედ აღარ ვნახავდი, მაგრამ დღეს ჩემი ცოლია", — ამბობს სიცილით.

საცხოვრებლად ერთად გადასვლა თამოს ინიციატივა იყო, რუსასაც ბევრი არ უფიქრია.

თამო: არ მინდოდა ეს ადამიანი დამეკარგა, ჩემი პირველი ნამდვილი სიყვარულია.

რუსა: დარწმუნებული ვიყავი, რომ მასთან ყოფნა არ მომბეზრდებოდა. დღემდე ამ აზრზე ვარ.

ოჯახი

თავდაპირველად ცოტა გაუჭირდათ, თუმცა რუსა ფიქრობს, რომ ეს მათ გადაწყვეტილებაზე გარშემომყოფების რეაქციამ გამოიწვია.

"იმდენი ცუდი რაღაც მოჰყვა გარედან, რომ აისახა ემოციურ მდგომარეობაზე".

კორონავირუსის პანდემიის გამო სულ სახლში ყოფნამ დადებითი შედეგი გამოიღო — გამოჩნდა, რომ ბევრ რამეზე სულ ტყუილად კამათობდნენ.

ფოტო: On.ge / ხატია ღოღობერიძე

"მიფიქრია ხოლმე, რამდენად შეიძლება, რომ საყვარელი ადამიანი და უახლოესი მეგობარი ერთი და იგივე ადამიანი იყოს. რატომაც არა? მთავარია, ესმოდეს შენი და თამოს ესმის, არც ჩემს შეცვლას ცდილობს", — ამბობს რუსა და ამატებს, რომ სწორედ ამის გამო უნდა გამოასწოროს ის უარყოფითები, რაც, მისი აზრით, ახასიათებს.

რუსა: ეგოისტად ვიზრდებოდი, ახლა ვსწავლობ თანაცხოვრებას, ურთიერთანამშრომლობას. ამან მომიტანა სულიერი სიმშვიდე, უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს.

თამო: სინამდვილეში, ძალიან ყურადღებიანი და კეთილი ადამიანია, თუმცა თვითონ ამას არ აღიარებს.

ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. რამდენიმე თვის განმავლობაში მისამართი ოთხჯერ შეიცვალეს — მიზეზი ხან კორონავირუსის გამო შემცირებული შემოსავალი იყო, ხან პირობები, ხან კიდევ მეზობლები.

კორონავირუსის გამო უმეტესად სახლში არიან. საჭმელს ხან თამო ამზადებს, ხან რუსა — იმის მიხედვით, რა უნდათ საუზმედ თუ სადილად. საოჯახო საქმეების გადანაწილება წინასწარი მსჯელობის გარეშე ხდება, გამონაკლისია მხოლოდ ტანსაცმლის გაუთოება — ეს რუსას ექსკლუზიური უფლებაა, რადგან პროცესი ძალიან მოსწონს.

რუსა: ვცდილობ მოვაძებნინო რაღაცები, რის კეთებაც თამოს მოსწონს. თავდაჯერებული არ არის. ვიზუალზე ჰქონდა კომპლექსები, შორტებს არ იცმევდა. ამაზეც ვიმუშავეთ და სოციოფობიაზეც. სულ მეჩხუბება, ჩემი ცოლი უნდა იყო და არა ფსიქოლოგიო, მაგრამ როცა ვხედავ, რომ აწუხებს, მინდა კარგად გრძნობდეს თავს. მიხარია, რომ რაღაცებს მივაღწიეთ.

თამო ეთანხმება და შორტებზე მიმითითებს, რომელიც ინტერვიუს დროს აცვია.

კომპლექსები რუსასაც ჰქონდა — ბავშვობიდან "ზედმეტ წონას" ახსენებდნენ, ამიტომ ამაზე ხშირად ნერვიულობს.

"თამო მამშვიდებს სულ, ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ".

ქორწინება რომ შესაძლებელი იყოს...

— კი!

ეს არის მოკლე პასუხი, დაქორწინდებოდნენ თუ არა ოფიციალურად, საქართველოში ეს რომ შესაძლებელი იყოს.

ფოტო: On.ge / ხატია ღოღობერიძე

მარჯვენა ხელის არათითზე ორივეს ერთნაირი ტატუ აქვს — ბეჭდის ფორმის რგოლი.

ზოგადად, რუსას ოჯახის დოკუმენტებით დადასტურების იდეა არ მოსწონს და არ ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობას უფრო მეტად გაამყარებს:

"...მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი არსებობს და რატომ არ უნდა შემეძლოს მე? სამართლებრივადაც საჭიროა, ბევრი რამეა, რაშიც შეიძლება სასარგებლო იყოს, იქნება ეს საავადმყოფოში შესვლა თუ ფინანსური საკითხები".

სანამ საქართველოში ჰომოსექსუალი წყვილების ქორწინებას დაუშვებენ, მანამ სხვა ქვეყანაში აპირებენ ხელის მოწერას. ჯვრისწერის იდეაც მოსწონთ.

"ლამაზია, სიმბოლურია და სასიამოვნო. სხვას თუ შეუძლია, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ამას მოკლებული?! ურთიერთობაში ეს არაფერს შეცვლის, უბრალოდ გვექნება კიდევ ერთი ლამაზი მოგონება".

ზუსტად იციან ისიც, რომ თავიანთი სახლიც ექნებათ და იქ ბევრი ძაღლი ეყოლებათ.

უფიქრიათ შვილზეც, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ჯერ "ფანტასტიკის სფეროა".

"შვილი როცა გეყოლება, მინიმუმ, იმაში უნდა იყო დარწმუნებული, რომ სახლი ყოველთვის გექნება, ბავშვს აჭმევ, ასმევ და კარგ განათლებას მისცემ. პირობები უნდა გქონდეს, სტაბილურად უნდა იყო".

დედები

თამოს მშობლები ერთმანეთს დაშორებულები არიან და მამასთან ურთიერთობა ბევრი წელია არ ჰქონია. დედა მარტო ზრდიდა, ამიტომ სამუშაოც ბევრი ჰქონდა. თამო ამბობს, რომ ყოველთვის ენატრებოდა და არ ჰქონიათ ისეთი ურთიერთობა, როგორიც სურდა. ამის გამო ბევრი კომპლექსი ჩამოუყალიბდა, ადამიანებთან კომუნიკაცია არ უყვარს. ინტერვიუს დროსაც რუსა უფრო ლაპარაკობს.

არ მოსწონს დედაჩემს, რომ ვარ გოგოსთან ერთად. ჰომოფობია. ამბობს, "გოგო როგორ უნდა მოგწონდეს", "ფუ"... თან არ იცნობს რუსას, არ იცის როგორი ადამიანია. შევთავაზე გაცნობა, მაგრამ უარზეა. თითქოს ჩემს აზრებს კითხულობს და ჩემზე უკეთ იცის, რა მინდა მე.

დედასთან კონფლიქტი არ აქვს, თუმცა კომუნიკაცია ნეიტრალური, დისტანცირებულია.

უკვე რამდენიმე თვეა ერთად მუშაობენ. თამოს ეგონა, როცა დაინახავს, რომ მეც ვმუშაობ და მის ფინანსებზე არ ვარ დამოკიდებული, ურთიერთობა შეიცვლებაო. მისი მოლოდინი არ გამართლდა.

"ახლა შეგუების მომენტი აქვს, ჩხუბზე აღარ გადმოდის. ადრე იყო ეგეც. არ უნდა დაინახოს, რამდენად ბედნიერი ვარ, ჰგონია, რომ მან უკეთ იცის რა მჭირდება ბედნიერებისთვის. ეს რომ დაინახოს, მგონია, რომ შეეგუება".

"მინდა შემეძლოს თამოს დედას თავი მოვაწონო", — გვეუბნება რუსა. იცის, რომ თამოს დედის დამოკიდებულება მათ ურთიერთობაზე არ აისახება, მაგრამ აწუხებს, რომ მის საყვარელ ადამიანს არჩევანის გაკეთება უწევს.

ფოტო: On.ge / ხატია ღოღობერიძე

"ყველანაირად ვეცდებოდი, რომ მოვწონებოდი, მაგრამ ჯერ სამწუხაროდ არ გამოდის..."

რუსას მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედასთან კი რთული ურთიერთობა აქვს. ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პრობლემა არა მისი ორიენტაცია, არამედ მიჯაჭვულობა და შვილის მიმართ ეგოისტური დამოკიდებულებაა — დედას უნდა, რომ მუდმივად მასთან იყოს.

"ორიენტაციაზე მეტად პრობლემა არის ეჭვიანობა, ის, რომ ახლა საკუთარი ოჯახი მყავს და მასთან არ ვცხოვრობ. დედაჩემს ისიც კი არ უნდა, რომ ვმუშაობდე. უნდა მასზე ვიყო დამოკიდებული ყველანაირად, მათ შორის, ფინანსურად".

თუმცა, ცდილობს დედასაც გაუგოს, იმის გათვალისწინებით, რომ მან სოხუმის ომში ოჯახი დაკარგა და ბევრი ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ამის გამო რუსას დედის მიმართ განსაკუთრებული სიბრაზე ან სიძულვილი არ აქვს. ამბობს, რომ სცადა ფსიქოლოგთან კონსულტაციაც, მაგრამ დედამ შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგა.

ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდეს, მაგრამ არც ის მინდა, მე ვერ ვწყვეტდე როგორი იქნება ჩემი ცხოვრება და საკუთრება ვიყო. არავის საკუთრება არ ვარ, არც დედაჩემის და არც ჩემი ცოლის. ჩემი თითოეული ქმედება არის ჩემი არჩევანი, მინდა ეს გაიგოს და თუ ოდესმე მიხვდება, მინდა ძველებურად გვქონდეს კომუნიკაცია.

გვიყვება, რომ ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც დედამ სამსახური დაიწყო და მის ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა რუსას ცხოვრებით დაიწყეს დაინტერესება — ჯერ Facebook-ზე მოძებნეს, მერე კი კითხვები დასვეს. ახლა დედას არ მოსწონს რუსას და თამოს ერთად ცხოვრება და ამის მიზეზად ასახელებს: "ხალხი რას იტყვის".

"სანამ არ მუშაობდა, იცოდა ვისთანაც მქონდა ურთიერთობა და მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი. ახლა სტრესების გამო არსებულ პრობლემებს გარემოს ზეწოლაც დაემატა", — ამბობს რუსა.

არ მოსწონს, რომ დედა მარტოა და უნდა სამივემ ერთად იცხოვროს, შესთავაზა კიდეც. ამბობს, რომ თუ დაურეკავს, წინასწარ უნდა გამოიცნოს, როგორ ხასიათზე იქნება დედა, ამიტომ ურჩევნია ამ ეტაპზე დისტანცირდეს.

ჰომოფობია

თამოს ბიჭთან ურთიერთობის სურვილი არასდროს ჰქონია, მაგრამ გოგოები რომ მოსწონდა, თინეიჯერობისას დარწმუნდა.

რუსა ჰომოფობიურ გარემოში იზრდებოდა, სადაც მუდმივად უმეორებდნენ, რომ გოგოს ბიჭი უნდა უყვარდეს და ბიჭს — გოგო. შეყვარებულიც ჰყავდა და ქორწინება იგეგმებოდა, თუმცა დისკომფორტი ჰქონდა და დაშორდა. შემდეგ იყო დეპრესია და იმის გაცნობიერება, რომ ბიჭები არ მოსწონს.

მალე კლასელი გოგო მოეწონა და გამოუტყდა, რომელმაც დასცინა. მერე ეს ამბავი მთელმა კლასმა გაიგო და ყველა ჭორაობდა.

"წლის ბოლოს მასწავლებელმაც მკითხა, მართალია თუ არაო".

დედას არ გაკვირვებია, იქამდეც ჰქონდა ეჭვი. თუმცა იმედოვნებდა, რომ ბისექსუალი იყო.

თამო და რუსა ამბობენ, რომ მათ გაუმართლათ და აგრესიულ გარემოში აღარ უწევთ ცხოვრება, ამიტომ ორიენტაციის გამო ფიზიკური ძალადობის გამოცდილება არ ჰქონიათ.

"თუმცა ქუჩაში წამოძახებები ყოფილა. პასუხის შებრუნებაც შემიძლია, მაგრამ კონფლიქტები მეზარება და მირჩევნია არ იყოს", — ამბობს რუსა.

მას სჯერა, რომ თუ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები მათ პრობლემებს და ცხოვრებას გაიცნობენ, დამოკიდებულება შეეცვლებათ.

ფოტო: On.ge / ხატია ღოღობერიძე

"მესმის, რთულია, მოსთხოვო ადამიანებს, რომ უყვარდე, მაგრამ კარგი იქნებოდა, იარლიყების მოწებებამდე გაგვიცნონ", — ამბობს ის.

სტერეოტიპებს შორის ყველაზე მეტად არ მოსწონს ის, რომ ხალხს ჰგონია, ჰომოსექსუალი წყვილების საზოგადოებაში ქცევა მათ ორიენტაციაზეა დამოკიდებული. რუსას თქმით, მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვულგარული ქცევები საერთოდ არ მოსწონს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აკეთებს ამას.

"ჩვენც გვივლია ხელჩაკიდებულებს და გვიკოცნია კიდეც, მაგრამ ეს ნორმალურია და არც ორიენტაციაზეა დამოკიდებული — ბიჭი რომ იყოს, ზუსტად იგივეს ვიზამდი და არა მეტს ან ნაკლებს".

სამომავლოდ, ქვეყნიდან წასვლა უნდათ. ფიქრობენ, რომ იქ ყველაფერი უკეთ გამოუვათ.

თამო: ამ ურთიერთობამ მასწავლა რა არის სიყვარული, არასდროს მჯეროდა, მეგონა არ არსებობდა და სულ მიჩვევა მეგონა. ახლა ვიცი, რომ ეს სიყვარულია...

რუსა: სულ მინდოდა ოჯახი მყოლოდა, ყოველთვის მომწონდა ეს იდეა. ამ ურთიერთობამ მომიტანა ჩემი ერთ-ერთი ოცნებაც. ვისწავლე სითბოს გამოხატვაც და უფრო კომფორტულად ვარ, როცა ემოციებს გავცემ.

ერთადერთი, რაც რუსას ახლა აწუხებს, დედასთან ლაპარაკის სურვილია.

"ძალიან მიჩვეული ვიყავი, ისე გავიზარდე, რომ ერთად გვეძინა. ხანდახან ძალიან მინდა დავურეკო, რაღაც ვუთხრა, გავუზიარო, ვეწუწუნო, "დედა, მუცელი მტკივა" ან სადღაც რომ ვიყავით, რა კარგი იყო. მაგრამ არ შემიძლია და ეს ძალიან მაწუხებს. მინდა, მაგრამ არ ვიცი რა რეაქცია ექნება. რომ იჩხუბოს, იმ პატარა სიხარულებსაც გააუფერულებს, ამიტომ მიწევს დისტანცირება".


17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ლგბტქ ადამიანები იდევნებიან, მათ ეზღუდებათ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. 2013 წლის 17 მაისის შემდეგ კი, როცა მრევლმა და სასულიერო პირებმა მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად დაარბიეს, პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისს "ოჯახის სიწმინდის დღე" დააწესა. 2014 წლიდან ყოველ წელს, ეკლესია თბილისის ქუჩებში ხალხმრავალ მსვლელობას მართავს, რომელსაც ხშირად უერთდებიან ძალადობრივი ჯგუფებიც. თუმცა ამ დღეს ქუჩაში შეკრება ეზღუდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰომოფობიის გაპროტესტება სურთ.