11 ხელშეკრულება, რომელმაც ბოლო 100 წლის განმავლობაში საქართველოს ბედი შეცვალა
საქართველოს ხანგრძლივი და საინტერესო ისტორიის მანძილზე ქვეყნის პოლიტიკური სისტემა, მოწყობა და მდგომარეობა მუდმივად იცვლებოდა. ამ სტატიაში ჩვენ გავიხსენებთ ბოლო 100 წლის განმავლობაში დადებულ 11 ისტორიულ ხელშეკრულებას, რომელმაც ქვეყნის მომავალი განსაზღვრა. ცხადია, არჩეულ დროით მონაკვეთში უამრავი შეთანხმება დაიდო, განსაკუთრებით კი, ბოლო 26 წლის მანძილზე, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამორჩეულ ხელშეკრულებებზე მოგითხრობთ.
1. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
ჩამონათვალს დამოუკიდებლობის გამოცხადების დოკუმენტით ვიწყებთ, რადგან სიაში ყოველი მომდევნო ხელშეკრულება სწორედ დამოუკიდებელი, ძლიერი და ერთიანი საქართველოს შექმნასა თუ შენარჩუნებას ემსახურებოდა. 1918 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიმოხილვის გარეშე დემოკრატიულ, დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკაზე ვერ ვისაუბრებთ.
რუსეთში მომხდარი რევოლუციისა და შიდა არეულობების შედეგები დადებითად აისახა საქართველოზე. 1917 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთში ოქტომბრის რევოლუცია მოხდა, საქართველოში ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა საბჭოთა რუსეთის ცნობაზე უარი განაცხადეს და 19 ნოემბრის პირველ ეროვნულ ყრილობაზე „საქართველოს ეროვნული საბჭო“ აირჩიეს. მის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია დასახელდა. 1918 წლის 26 მაისს ისტორიაში პირველად შედგა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა. დამოუკიდებლობის აქტის შედგენას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია.
1918 წელს ქართველებმა პირველად მოახერხეს და თავისუფლება იდეიდან რეალობად გადააქციეს. ასე შეიქმნა დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
მართალია, დამოუკიდებლობა სულ რაღაც 3 წელს გაგრძელდა, მაგრამ მიუხედავად ამ მოკლე დროისა, საქართველოს იმდროინდელმა მთავრობამ ნაყოფიერად იმუშავა: გატარდა სასამართლოს რეფორმა, ჩამოყალიბდა რეგულარული გვარდია და შეიქმნა ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რესპუბლიკის კონსტიტუცია.
2. ფოთის ხელშეკრულება
გერმანელებთან ფოთის ხელშეკრულება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ დღეში დაიდო, ანუ 1918 წლის 28 მაისს, ქალაქ ფოთში. შეთანხმების მიხედვით, საქართველომ გერმანიის იმპერიისგან გარანტია მიიღო, რომ ის დაიცავდა და პროტექციას გაუწევდა ახლადჩამოყალიბებულ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ხელშეკრულებას ხელს აწერდა საქართველოს პრემიერმინისტრი ნოე რამიშვილი და გერმანელი გენერალი ოტო ფონ ლოსოუ.
იმისთვის, რომ მივხვდეთ რისთვის იყო ამ ხელშეკრულების დადება აუცილებელი, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში მსოფლიოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა. კერძოდ, პირველი მსოფლიო ომი. საქართველოს როლი ამ მოვლენებში ცალკე სტატიის თემაა, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ 1918 წლის მარტში ომი გაჩაღდა საქართველოსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. ამ დროისთვის საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამოუკიდებლობა გამოცხადებული. ომის შედეგად ოსმალეთის იმპერიამ მალევე დაიკავა ბათუმი, არტაანი და ოზურგეთი. საფრთხე სხვა ტერიტორიებსაც ემუქრებოდათ.
საქართველოს ახლადჩამოყალიბებული მთავრობა კარგად ხვდებოდა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო პარტნიორობის დამყარება ძლიერ სახელმწიფოებთან. მეტიც, პოლიტიკოსებს უკვე ჰქონდათ ურთიერთობა გერმანიასთან, რომლის დელეგაციის წარმომადგენლის, გენერალ ფრიდრიხ ფონ შულენბერგის დაჟინებული მოთხოვნით შედგა საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადება. გერმანიას სურდა პოზიციები გაემყარებინა კავკასიის რეგიონში და ამისთვის საქართველო კარგი არჩევანი იყო. შულენბურგი თვლიდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რათა მას კონკრეტულ სახელმწიფო სუბიექტზე ესაუბრა მოკავშირე თურქეთთან. დამოუკიდებლობის გამოცხადებით საქართველომ გერმანიის დახმარებით თურქეთი აიძულა ბრესტ-ლიტოვსკის პირობები დაეთმო და საქართველოსთვის ბათუმი დაებრუნებინა.
გერმანიის დახმარებას შეტაკებების გარეშე არ ჩაუვლია. 1918 წლის ზაფხულში თურქულ და გერმანულ ნაწილებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. შეტაკებები აჭარაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოში მცხოვრები გერმანელებიც იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ გერმანიის, გერმანელი ხალხისა და მათთან თანამშრომლობის წყალობით გადაურჩა საქართველო თურქულ ოკუპაციას. მეტიც, გერმანელების ზეწოლის წყალობით ოსმალეთის იმპერიამ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი საზღვრები.
3. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება
ფოთის ხელშეკრულებამ თავისი მისია შეასრულა და საქართველო თურქული ოკუპაციისგან იხსნა. მას შემდეგ, რაც ქართულ-თურქული ურთიერთობები მეტ-ნაკლებად გაირკვა, გერმანელმა სამხედროებმა საქართველოს საზღვრები დატოვეს. საქართველოს მთავრობა ხვდებოდა, რომ ქვეყანას მშვიდობის გარანტია აღარ ჰქონდა. მით უმეტეს, რომ პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული რუსეთი ლენინის ხელმძღვანელობით ლაშქრობებს გეგმავდა.
1920 წელს ბოლშევიკებმა საქართველოს ტერიტორიაზე გადატრიალების მოწყობა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. წითელი არმიის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე უშედეგოდ დასრულდა, ამიტომ ლენინი დასთანხმდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებას.
ლენინის პირობა ასეთი იყო - ის აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლად, თუ მენშევიკები უარს იტყოდნენ სასაზღვრო ზონებზე საბჭოთა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების ჯარის განლაგებაზე. ამ პირობას ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ეს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა იყო, თუმცა ნოე ჟორდანიასთვის მთავარი საერთაშორისო აღიარების მოპოვება იყო, ამიტომ საბოლოოდ ქართული მხარე დასთანხმდა ხელშეკრულების პირობებს. შეთანხმებაში გარკვევით იყო ნათქვამი, რომ რუსეთი უპირობოდ აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მას არ გააჩნდა რაიმე პრეტენზია ქართველი ხალხისა და ქართული ტერიტორიების მიმართ.
ხელშეკრულება მოსკოვში 7 მაისს გაფორმდა და მას ქართული მხრიდან ხელი გრიგოლ ურატაძემ მოაწერა.
შეთანხმება კი შედგა, მაგრამ შედეგი სრულიად საპირისპირო მოჰყვა. რუსეთის მხრიდან მრავალჯერ მოტყუებული საქართველო არც ამჯერად დარჩა გამარჯვებული. საქმე ისაა, რომ საქართველომ შეთანხმების თავისი ნაწილი პირნათლად შეასრულა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ბოლომდე დაიცვა, თუმცა რუსეთს კეთილი ზრახვები არ ამოძრავებდა.
ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი თვის შემდეგ, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. მეზობელმა ქვეყანამ 25 თებერვალს თბილისი დაიკავა, ერთი თვის შემდეგ კი მთლიანი საქართველოს ოკუპაცია, ანექსია და გასაბჭოება მოახერხა. გარდა ამისა, ბოლშევიკების მიერ დასმულმა მთავრობამ ტერიტორიების 20% მეზობელ ქვეყნებს დაუთმო და საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ისტორია წყალში ჩაიყარა.
4. ყარსის ხელშეკრულება
საქართველოს ტერიტორიების ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1921 წლის 13 ოქტომბერს დადებულმა ხელშეკრულებამ, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმდა.
მართალია, ეს ორი სახელმწიფო ტრადიციული მოწინააღმდეგეები არიან, თუმცა იმ პერიოდში ორივეს საერთო ინტერესები ამოძრავებდა. თურქეთიც და რუსეთიც აქტიურად ებრძოდა ბუფერული ზონების არსებობას, რათა ეს ტერიტორიები ევროპულ სახელმწიფოებს არ დაეკავებინათ. ყველასათვის ცნობილია, რომ დიდი სახელმწიფოები ყოველთვის ცდილობენ ერთმანეთთან ე.წ „სანიტარული კორდონის“ ქონას, თუმცა ამ შემთხვევაში, რუსეთიც და თურქეთიც დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ამბიციებს უფრთხოდნენ. სწორედ ამიტომ, ტრადიციულ მოწინააღმდეგეებს შორის თანამშრომლობა დაიწყო.
ბუფერული ზონების გაუქმების შემდეგ ყოველთვის დგება ორ სახელმწიფოს შორის ომის წარმოშობის საშიშროება, თუმცა იმ პერიოდში თურქეთიც და საბჭოთა რუსეთიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ომის დაწყების სურვილი არც ერთ მათგანს არ ჰქონდა. თურქები ფიქრობდნენ, რომ სამოქალაქო ომის შემდეგ დასუსტებული რუსეთი ვერ გარისკავდა ხანგრძლივ ომს, თანაც საბჭოთა ქვეყნები ევროპული ქვეყნების ინტერვენციასაც უფრთხოდნენ. რუსეთი კი ფიქრობდა, რომ მისი იდეოლოგია კავკასიაში საკმარისად იყო გავრცელებული, თანაც მის წევრ სახელმწიფოებს თურქების მიმართ გამოხატული ანტიპატია ჰქონდათ, ამიტომ ქემალისტები ვერ გარისკავდნენ პოტენციურ მოკავშირესთან ომს.
საბოლოო ჯამში, ორივე ქვეყანას სურდა შავი ზღვის აუზის ბოლომდე გაკონტროლება, რათა არ დაეშვათ უცხო სახელმწიფოების შემოჭრა საზღვაო გზებით, ამისათვის კი მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთთან თანამშრომლობა. სწორედ ამ მიზეზების გამო 1921 წელს ორივე სახელმწიფოს წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და ტერიტორიების განაწილება დაიწყეს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ორ მხარეს შორის წარმოიშვა უთანხმოება - იუსუფ ქემალმა რუსეთის მხარეს ბათუმის, არტაანის, ართვინისა და ყარსის თურქეთის ტერიტორიებად აღიარება მოსთხოვა. სომხების ინტერესებსა და ტერიტორიებს აქტიურად იცავდა გიორგი ჩიჩერინი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ნარკომი, რომელიც მოითხოვდა, რომ გიუმრისა და ყარსის ტერიტორია თურქებისთვის არ მიეკუთვნებინათ.
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იოსებ სტალინმა, რომელმაც სხვა ქართული და სომხური მიწების სანაცვლოდ, თურქებს უარი ათქმევინა ბათუმზე.
თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არ იყო - თურქეთმა ბათუმის შემთხვევაში კომპრომისი მაინც მოითხოვა. ხელშეკრულების თანახმად, თურქების მოთხოვნით, ბათუმი ავტონომიური ერთეული უნდა გამხდარიყო, რაზეც რუსეთი დათანხმდა.
საბოლოოდ, ყარსის ხელშეკრულება 1921 წლის 13 ოქტომბერს გაფორმდა და რუსეთის მხარემ თურქებს ყარსი, ართვინი, ოლტისი და არტაანი გადასცა, სანაცვლოდ კი აჭარის ნაწილი, ავტონომიური ბათუმი და გიუმრი მიიღო. ამ შეთანხმების შედეგად, საქართველოს ისტორიული და საეკლესიო ძეგლები - შატბერდი, ბერთა, ანჩი, პარხალი და იშხანი თურქეთის ტერიტორიაზე მოექცა.
ამ ხელშეკრულებით შეიცვალა როგორც საქართველოს, ისე სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებისა და საზღვრების ბედი.
5. დამოუკიდებლობის აღდგენა
1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი დაამტკიცა. 70-წლიანი ოკუპაციის დასრულების შემდეგ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობას უნდა გაეცა კითხვაზე პასუხი - სურდა თუ არა მას დამოუკიდებლობის აღდგენა. მონაწილეთა 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. ზუსტად ათი დღის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებლად გამოცხადდა.
ამ პროცესებს წინ უძღოდა მძიმე და უშეღავათო ბრძოლა და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, სადაც ასობით ადამიანი დაშავდა და ათობით დაიღუპა.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში მრავალი არეულობა მოხდა - მათ შორის რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ოკუპირება. ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის ჩამოგდება და მისი დანიშნული ხელისუფლებით ჩანაცვლება, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ ხდებოდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება და ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობაში იყო, საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობა დღის წესრიგში აღარ დამდგარა.
6. სოჭის შეთანხმება
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რუსეთმა კვლავ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა, თუმცა არც ეს ყოფილა გულწრფელი აღიარება. სულ ცოტა ხანში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მოსკოვიდან მართული სეპარატისტული პროცესები დაიწყო. ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის შენარჩუნებასა და დაცვას ცდილობდა, რა დროსაც რუსეთმა მოახერხა და თავი მშვიდობისმყოფელად წარმოადგინა. სწორედ ამის გამო, რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა დაგომისის ხელშეკრულება, იგივე სოჭის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავდა ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პრინციპებს. ამ შეთანხმების მიხედვით, ორივე მხარე იღებდა პასუხისმგებლობას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. შემდეგ ეტაპზე კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შეიქმნა საკონტროლო კომისია, რომლის მიზანიც მშვიდობისა და წესრიგის დაცვა იყო.
რუსეთმა ეს შეთანხმებაც თავის საკეთილდღეოდ გამოიყენა. დაგომისის შეთანხმებას თავისი შედეგი 2008 წლის აგვისტოში მოყვა, ცხადია რუსეთის საკეთილდღეოდ. კერძოდ, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მხარეს განეიარაღებინა ოსები და ცხინვალის ტერიტორიაზე მშვიდობა დაეცვა, იგი ინტენსიურად აწვდიდა სეპარატისტებს იარაღს და საბრძოლო ტექნიკას, რასაც 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის რეგულარული არმიის შემოჭრა, საომარი მოქმედებები და ტერიტორიების ფაქტობრივი ოკუპაცია მოჰყვა.
საქართველომ დაგომისის შეთანხმება 2008 წლის ომის შემდეგ უარყო.
7. 1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულება
ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემდეგ ჯერი აფხაზეთზე მიდგა. აფხაზებმა მოულოდნელად დაიწყეს სეპარატისტული მოქმედებები, რასაც საქართველოს მხრიდან რეგიონში ჯარის შეყვანა და დაპირისპირება მოჰყვა. ცხადი იყო, რომ აფხაზი სეპარატისტების წახალისება მოსკოვმა დაიწყო, თუმცა რუსეთმა ამჯერადაც მოახერხა მშვიდობისმყოფელის როლის მორგება და მშვიდობის დამყარება საკუთარ თავზე აიღო. იურიდიულად ეს პროცესი მოსკოვში, 1992 წლის 3 სექტემბერს გაფორმდა, სადაც მოლაპარაკებებში მონაწილეობას სამივე მხარე იღებდა. ხელშეკრულების შედეგად გადაწყდა, რომ ყველა მონაწილე მხარეს ცეცხლი უნდა შეეწყვიტა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ეზრუნათ.
ეს ხელშეკრულებაც უხეშად დაირღვა. ერთადერთი, ვინც თავის პირობას ყოველთვის ასრულებდა, საქართველო იყო. ამის საპირისპიროდ, რუსეთის დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა მოახერხეს გაძლიერება, მრავალრიცხვოვანი არმიის შეკრება, ყაზახების, ჩეჩნებისა და აფხაზების ძალების გაერთიანება, რასაც შედეგად 1 ოქტომბერს გაგრის შტურმი მოყვა. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა, რუსეთმა კი სეპარატისტების შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. ამ შტურმის შედეგად დაიღუპა ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე.
8. 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმება
საქართველოს ფაქტობრივი ოკუპაცია და დაკნინება ამით არ დასრულებულა. რუსეთმა კვლავ ჭკუა იხმარა და პოზიცია დაკარგული ქართველების ბოლომდე დასამარცხებლად კვლავ ახალი შეთანხმების დადება ისურვა. მოლაპარაკებები კვლავ სოჭში, 27 ივლისს გაიმართა. ამ შეთანხმების შედეგად, რუსეთის შუამავლობით უნდა შეწყვეტილიყო ყველანაირი საომარი და სამხედრო მოქმედება რეგიონში.
შეთანხმების შედეგად, ქართული მხარე პასუხისმგებლობას იღებდა, რომ საომარი ზონიდან გაიყვანდა ყველა ჯარისკაცსა და ჯავშანტექნიკას, რის შემდეგაც რუსეთი შეთანხმების თავის ნაწილს შეასრულებდა. რუსეთი პასუხისმგებლობას იღებდა აფხაზების შეიარაღების გაკონტროლებაზეც. საქართველომ გაიყვანა თავისი ჯარი, თუმცა რუსეთმა კვლავ დაარღვია შეთანხმება და დაუცველად დარჩენილი სოხუმი დაქირავებული ჯარისკაცებისა და აფხაზი სეპარატისტების წყალობით აიღო. ამას მოყვა ოჩამჩირესა და გალის აღებაც. შემდგომი პროცესების შედეგად აღნიშნული ტერიტორიებიდან გამოძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ქართველი. სეპარატისტებმა არც ეს იკმარეს და სოხუმის დაცემის შემდეგ ლეგიტიმური ხელისუფლების წევრები ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
9. დსთ-ს დატოვება
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი საქართველო 1993 წელს გახდა. რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული საერთაშორისო ორგანიზაცია მიზნად ისახავდა ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრებს შორის ცივილური და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას.
დსთ-ში ყოფნის პერიოდში საქართველომ უამრავი დარტყმა მიიღო რუსეთის მხრიდან, როგორც პოლიტიკური, ისე შეიარაღებული სახის, ამიტომ მის ამ თანამეგობრობაში ყოფნას აზრი ჰქონდა დაკარგული.
2006 წელს საქართველომ დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭო დატოვა, 2009 წელს კი, ომის შემდეგ, ოფიციალურად გამოვიდა. საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავდა, რომ საქართველოს ოფიციალურად უნდა ეთქვა უარი საბჭოთა კავშირზე და ამისათვის აუცილებელი იყო დსთ-ს დატოვება. ამ საკითხის პარლამენტში განხილვისას იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგა ბოკერია ამბობდა, რომ რუსეთი დსთ-ს დახმარებით ცდილობდა საბჭოთა კავშირის აღდგენას, რასაც პოლიტოლოგები და ექსპერტები ერთხმად ეთანხმებოდნენ.
2009 წლის 18 აგვისტოს საქართველომ ოფიციალურად დატოვა დსთ.
10. 6-პუნქტიანი შეთანხმება
2008 წლის აგვისტოში რუსეთმა განახორციელა სამხედრო თავდასხმა საქართველოზე. ამ ომის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ჩვენს სტატიაში, სადაც ჩამოვთვალეთ 20 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვიმეგობროთ რუსეთთან.
აგვისტოს ომმა მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა საქართველოს. ათასობით ჯარისკაცი და უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპა რუსეთის თავდასხმის დროს. იმისათვის, რომ არ მომხდარიყო საქართველოს სრული ოკუპაცია, ევროკავშირის დახმარებით პრეზიდენტ მედვედევთან გაფორმდა 6-პუნქტიანი შეთანხმება, სადაც, მეხუთე პუნქტის თანახმად, რუსეთი უნდა დაბრუნებოდა ომამდელ პოზიციებს.
ცხადია, ეს შეთანხმებაც დაირღვა. გარდა ამისა, რუსეთმა ომის დასრულების შემდეგ ორივე ოკუპირებული მხარე დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარა და ამით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ოფიციალურად უარყო. ამ დარღვევაზე რუსეთის მხარეს ხშირად მიუთითებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნები, თუმცა ჯერჯერობით - უშედეგოდ.
11 . ასოცირების ხელშეკრულება
ვარდების რევოლუციის შემდეგ გატარებული პოლიტიკის ლოგიკური დასასრული იყო ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან. წლების განმავლობაში საქართველო იზიარებდა ევროპელი მეგობრების რჩევებს, აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და წინ მიიწევდა ევროკავშირთან ურთიერთობაში.
2014 წლის ივნისში იმდროინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ხელი მოაწერა „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას“.
ასოცირების ხელშეკრულებას მრავალი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამუშავება. ამ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს გზა ეხსნებათ 500 მილიონიანი ბაზრისკენ, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 12 ტრილიონზე მეტს უდრის.
გარდა ამისა, საქართველო უახლოეს მომავალში ოფიციალურად ელოდება უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღებული შეთანხმების რატიფიცირებასა და ამოქმედებას.
კომენტარები