"ანტარქტიდის ჯუნგლებში ერთ დროს დინოზავრები დააბიჯებდნენ" — კვლევა
მკვლევრებმა ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში 90 მილიონი წლის წინ არსებული ტყის ნამარხი აღმოაჩინეს. მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ იმ დროისთვის კონტინენტი ისეთივე თბილი იყო, როგორც დღეს ევროპის გარკვეული ნაწილი, ზღვის საერთო დონე კი დღევანდელზე დაახლოებით 100 მეტრით მაღალი იქნებოდა.
ნიმუშები მკვლევრება 2017 წელს ჩატარებული ექსპედიციის დროს, სპეციალური სათხრელი მექანიზმის საშუალებით მოიპოვეს. ხოლო როდესაც ლაბორატორიაში ნიმუშების კვლევა დაიწყეს, მათ უძველესი ნიადაგის, ყვავილის მტვრისა და ხის ფესვების კვალი იპოვეს.
შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერთა ინტერპრეტაცია ასეთია: დასავლეთ ანტარქტიდის გარკვეული ნაწილი გეოლოგიურად ცარცული პერიოდის ნაწილია, რომელიც ზომიერი ტროპიკული ტყეებითა და ჭაობური გარემოთი ხასიათდება.
"ნიმუშებში ცოცხალი ფესვების, პატარა მცენარეებისა და ყვავილების მტვრის პოვნა, რომლებიც 90 წლის წინანდელია, ნამდვილად საოცარია", — განაცხადა ექსპედიციის წევრმა, პროფესორმა კარსტენ გოლმა.
გარემოს მოდელირების მიხედვით, ანტარქტიდაზე ცარცულ პერიოდში საშუალო ტემპერატურა 15-17 ცელსიუსს შეადგენდა, ზაფხულში კი დაახლოებით 20-მდე იზრდებოდა. რაც შეეხება ვეგეტაციას, მეცნიერებში იგი საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ასეთ შორეულ სამხრეთში მდებარეობის გამო მცენარეებს პოლარული ღამეების გაძლება მოუწევდათ. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ჯოან კლეიგის ვარაუდით, მცენარეებს აღნიშნული სიტუაციის გასამკლავლებლად სფეციფიკური გზები ექნებოდათ.
პროფესორ ჯეინ ფრანცისის თქმით, დედამიწის ისტორიაში კონტინენტისთვის სულ რამდენიმე პერიოდი არსებობდა, როდესაც იგი ყინულით დაფარული არ ყოფილა. აღნიშნული კვლევა კი კონტინენტისთვის ასეთ პირველ, ცარცულ პერიოდს ეხება.
"შესაძლოა, ტყეებში დინოზავრებიც ყოფილიყვნენ. თუკი ნახევარკუნძულს შემოივლით, ნამარხების საკმაოდ მრავალფეროვან სპექტრს აღმოაჩენთ — ჰადროზავრების, ზავროპოდებისა თუ პრიმიტიული ჩიტის მსგავსი დიზონავრებისაც კი. ცარცულ პერიოდში ანტარქტიდაზე მთელ მსოფლიოში მცხოვრები დინოზავრების ნაირსახეობებმა მოიყარეს თავი", — აცხადებს პროფესორი.
ცხოველებისთვისა და მცენარეებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ატმოსფეროში არსებული სათბურის აირების, მაგალითად, ნახშირორჟანგის დონე ამჟამინდელ რაოდენობაზე სამჯერ ან ოთხჯერ მეტი იქნებოდა. თუკი დღეს ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის რაოდენობა მილიონში დაახლოებით 400 ნაწილაკია (ppm), მაშინ იგი 1 000-ს და, შესაძლოა, 1 600 ppm-საც კი აღწევდა.
"მაშინდელი და დღევანდელი დედამიწა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, კონტინენტების პოზიციები, ოკეანეების დინებები და კლიმატი სხვანაირი იყო. ის ფაქტი, რომ მაშინდელი მაღალი ტემპერატურის მიზეზი ნახშირორჟანგის ძალიან მაღალი დონე იყო, დავის საკითხს არ წარმოადგენს, აღსანიშნავია, რომ თუკი ნახშირორჟანგის ამჟამინდელი რაოდენობა ზრდას განაგრძობს, იგი 1 000 ppm-ს 300 წელზე ნაკლებ დროში მიაღწევს", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა რობერტ ლარტერმა.
აღნიშნული კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები