საყვარელო, მე (ყოველთვის) სახლში ვარ! თუ პარტნიორთან ერთად ცხოვრობ ან ბინას ვინმე სხვასთან იყოფ, კორონავირუსის დროს თვითიზოლაცია შენგან მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებებისა და შფოთვის მართვას არ მოითხოვს. კარანტინი ამ შემთხვევაში სხვის გვერდით თანაარსებობასთან და მის ყველა მოთხოვნილებასა და შფოთვასთან გამკლავებასაც ნიშნავს — თანაც, ყოველი დღის ყოველ წუთს და განუსაზღვრელი ვადით. თუ ფიქრობ, რომ ეს ადვილი იქნება, რადგან თქვენ ისედაც ერთად ცხოვრობთ და გიყვართ ერთმანეთი, ცდები და ეს შენც მშვენივრად იცი.

უმნიშვნელო კამათს მაინც ვერსად გაექცევი — იქნება ეს კბილის პასტაზე თუ ქვეყნის პოლიტიკაზე. გამოცდილება იქნება დამღლელი, სტრესული და, შეიძლება, ტრავმულიც კი. თუ COVID-19-ის გამო იძულებითი თვითიზოლაცია შეგეხება, სახლში სხვა ადამიანთან ერთად ხანგრძლივად გამოკეტვის პერიოდში თავს ისე უფრო იგრძნობ, თითქოს ანტარქტიდის კვლევით სადგურზე, წყალქვეშა ნავში ან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებოდე, ვიდრე — შინ, ჩვეულ გარემოში. თუ გინდა, რომ ჯანსაღი ურთიერთობა შეინარჩუნო, მაშინ დროა, შენი მისიისთვის მოემზადო.

ერთ სივრცეში დიდი ხნით გამოკეტვა თავსებადობის საუკეთესო გამოცდაა.

ფოტო: Rinee Shah / Insidehook

მაშინ, როდესაც ზოგისთვის — განსაკუთრებით კი ინტროვერტთა ნაწილისთვის — ეს გამოცდილება შედარებით მარტივი იქნება, კარანტინი მაინც ყველას აურევს თავგზას. კვლევებს თუ ვენდობით, შენ იქნები მოწყენილი, იმედგაცრუებული, მარტოსული, გაბრაზებული და დასტრესილი. ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც რუტინას სწყდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცვლილებები მათ თავს ხაფანგში გამომწყვდეულებად აგრძნობინებთ. კარანტინის ფსიქოლოგიური გავლენის ექსპერტის, სამანტა ბრუკსის თქმით, თვითიზოლაციის დროს ადამიანებს უკიდურესად ეშინიათ დაავადების შეყრის და პანიკაში ვარდებიან ნებისმიერი მსუბუქი სიმპტომის გამოვლენისას, თუ ის ვირუსით დაავადების ნიშნებს ოდნავ მაინც წააგავს. "როდესაც ვინმესთან ერთად ხარ და მისი ხველის ხმას გაიგებ, მისი და საკუთარი ჯანმრთელობის გამო შეიძლება დაგეწყოს პანიკა", — ამბობს ის, — "ის ფაქტიც შემაშფოთებელია, რომ კარანტინში მყოფ ადამიანებში მომატებულია დეპრესიის, შფოთვისა და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომების გამოვლენის რისკი".

გახსოვდეს, უნდა აღიარო, რომ კარანტინში ყოფნა რთულია.

თუ შენ იზოლირებული ხარ დიდი ხნის განმავლობაში — მაგალითად, თვეების მანძილზე —კარანტინში ყოფნის დაძაბულობამ, შეიძლება, შენი ტვინის მიერ გამომუშავებული ელექტრო-იმპულსებიც კი შეცვალოს. "იზოლაციის პირობებში ტვინი და ადამიანის ქცევები იწყებს იმის მსგავსი თვისებების გამოვლენას, რომლებიც დაზამთრების დროს ძილის რეჟიმზე გადასული ცხოველებისთვისაა დამახასიათებელი", — ამბობს ლოურენს პალინკასი, რომელიც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ექსტრემალურ გარემოში ფსიქოლოგიური ადაპტაციის ფენომენს იკვლევს, — "როდესაც შეზღუდული სინათლისა და ლიმიტირებული გარემო-სტიმულების პირობებში ვიმყოფებით, ტვინი იწყებს შენელებას ენერგიის დასაზოგად".

პალინკასის თქმით, იგივე ემართებათ ანტარქტიდაზე მყოფ მკვლევრებს მკაცრი, ბნელი ზამთრის დროს. "თქვენ, შეიძლება, შეამჩნიოთ, რომ ადამიანები მოულოდნელად წყვეტენ საუბარს", — ამბობს ის, — "ამ ფენომენს ანტარქტიდის მზერას უწოდებენ". შენ სულაც არ გინდა, რომ იგივე შენს პარტნიორს დაემართოს. არც შენს პარტნიორს უნდა, რომ მსგავსი რამ შენ დაგემართოს. საბედნიეროდ, თქვენ შეგიძლიათ, ერთად იმუშაოთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად და იმედგაცრუებების ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანტარქტიდისეული მზერის გაშტერებების თავიდან ასაცილებლად.

პირველ რიგში, საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვიო. "სრულყოფილი ჰარმონიის მიღწევა არ არის მიზანი. მთავარია თვითშემეცნება", — ამბობს ელეინ იარბორო, კონფლიქტების მოგვარების კონსულტანტი, — "თუ ადამიანი თვითშემეცნებაზე არ იმუშავებს, ან ნაწილობრივ მაინც არ მიაქცევს ამას ყურადღება, შეიძლება, პრობლემები შეექმნას". და თუ მაინც აღმოცენდება კონფლიქტი შენსა და იმ ადამიანს შორის, ვისთანაც ბინას იყოფ, იარბორო გირჩევს, რომ კარგად დაფიქრდე იმაზე, რაც სინამდვილეში გინდა და რასაც გრძნობ და შემდეგ გააცხადო ეს სურვილი იმის ნაცვლად, რომ ყველა ის შხამიანი შენიშვნა ამოთქვა, რაც შენს ტვინში ექსცენტრულად დაიბადება.

სხვა ადამიანთან ერთად თვითიზოლაციაში ყოფნის დროს პირადი სივრცის შენარჩუნება ჯანსაღი ურთიერთობის წინაპირობაა.

ფოტო: Ruby Aitken

თუ მცირედი შეკამათების წყარო ძველი წყენა გახდება ან იმედგაცრუებული ხარ, რადგან სოციალური ცხოვრების დაკარგვას გლოვობ, თქვი ეს პირდაპირ. "განასხვავეთ ერთმანეთისგან ზედაპირული და ნამდვილი ინტერესები", — ამბობს იარბორო, — "მაგალითად, თქვენ, შეიძლება, გაბრაზდეთ, რადგან სხვას ნაგავი არ გადაუყრია. სინამდვილეში კი საქმე ისაა, რომ თავს უგულებელყოფილად და უმნიშვნელოდ გრძნობთ. გამოხატეთ ეს უკანასკნელი". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ის დროა, როცა დაღვინებული, საკუთარ გრძნობებში გარკვეული ადამიანისთვის დამახასიათებელი ქცევა უნდა გავითავისოთ.

სტრუქტურა შენი მეგობარი იქნება. "როდესაც სივრცე დაგჭირდებათ, მის ხელში ჩასაგდებად ყველაფერი იღონეთ", — ამბობს პიტერ კოლმენი, სოციალური ფსიქოლოგი და კონფლიქტების მოგვარების მკვლევარი კოლუმბიის უნივერსიტეტში, — "ამაში მიზანდასახულობა დაგეხმარებათ". მაშინაც კი, თუ მიჩვეული ხარ სივრცის გაზიარებას, არ უნდა მოეკიდო კარანტინს ისე, როგორც რიგით უსაქმურ შაბათს. კოლმენი გვირჩევს, მოველაპარაკოთ ოჯახის წევრებს იმაზე, თუ როგორ გადავანაწილებთ დროსა და სივრცეს, როდის და რამდენად ხშირად მოვიკითხავთ ერთმანეთს. ასევე მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ, რომ რისი გადატანაც გვიწევს, რთულია. ჯგუფური კარანტინის დროს პირადი სივრცის არარსებობა ყველას აღიზიანებს.

"დროის გადანაწილება საშუალებას აძლევს ადამიანებს, თავი არ იგრძნონ ისე, თითქოს სხვები განუწყვეტლივ აკვირდებიან მათ", — ამბობს პალინკასი, — "თქვენ შეგიძლიათ, გართობისთვის განკუთვნილ პერიოდებში მოიყაროთ ერთად თავი. ძველი ფილმების ყურება დროის გატარების ძალიან პოპულარული გზა იყო ანტარქტიდის კვლევით ცენტრებში. ეს ადამიანებს გარკვეული დროის განმავლობაში სოციალიზაციის, შემდეგ კი კვლავ განმარტოებისა და ძალების აღდგენის საშუალებას აძლევს".

კარანტინისთვის მომზადება თერაპიას ჰგავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თერაპიის მსგავსად, ისიც მუშაობას საჭიროებს.

ამ სიტუაციაში გართობა კმაყოფილებისთვის არაა. ეს საჭიროებაა. თუ აღმოაჩენ, რომ ცუდი განწყობა პარტნიორთან კონფლიქტის სახეს იღებს, რუტინაში მრავალფეროვნება შეიტანე. "ზოგჯერ, უბრალოდ, ყურადღების გადატანაა საჭირო", — ამბობს იარბორო, — "დატოვეთ ოთახი. შეიღებეთ თმა". კარანტინის დროს ასევე შეიძლება ერთად შეიქციოთ თავი ფიტნეს-რუტინით ან შემოქმედებითი თუ ინტელექტუალური გასართობებით — ივარჯიშეთ, დახატეთ, ისწავლეთ ახალი სამაგიდო თამაში, წაიკითხეთ ის წიგნი, რომლის დაწყებაც დიდი ხნის წინ გადაწყვიტეთ. "ადამიანები იტყვიან, რომ ეს დიდებული შესაძლებლობაა ახალი ენის შესწავლისთვის ან წიგნების დასტის წასაკითხად", — ამბობს პალინკასი, — "ახალი გამოწვევები კი შეიძლება, რომ დაგვეხმაროს, მაგრამ ისინი გონივრულ მოლოდინებში უნდა მოვაქციოთ, რათა შემდგომ არ შეგვაწუხოს დანაშაულის გრძნობამ დროის გაფლანგვის გამო". გახსოვდეს, უნდა აღიარო, რომ კარანტინში ყოფნა რთულია.

დიახ, არ მოგჩვენებია — კარანტინისთვის მომზადება თერაპიას ჰგავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თერაპიის მსგავსად, ისიც მუშაობას საჭიროებს. "ზოგადად, როცა საუბარი ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზეა — რომელშიც ემოციები და განწყობა საოცრად მნიშვნელოვანია — თუ თქვენს პარტნიორთან კონფლიქტი გაქვთ, თქვენ გჭირდებათ ნდობის, გაგებისა და თანაგრძნობის ხუთი გამოვლინება თითოეული მწარე საყვედურის გასანეიტრალებლად", — ამბობს კოლმენი (საინტერესოა, რომ მისივე კვლევის თანახმად, უცნობებს მშვიდობის შესანარჩუნებლად ერთ უარყოფით ემოციაზე სამი დადებითის გამოვლენაც ჰყოფნით). "ნეგატიური გამოცდილება უფრო ღრმაა — ის გვამახსოვრდება უფრო დიდხანს და უფრო დიდი გავლენა აქვს ჩვენს ურთიერთობებზე, ვიდრე პოზიტიურს", — ურთავს ის. კოლმენი გვთავაზობს, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად გამოვავლინოთ დადებითი ემოციები, რადგან იზოლაციის ეს დრო პარტნიორებს შორის არსებულ ყველა გრძნობასა და ინტერაქციას გააძლიერებს. ამ რჩევას მაშინაც კი უნდა მივსდიოთ, თუ ეს ნიშნავს პოზიტიური მხარეების განზრახ ძიებას და მცირე გაღიზიანებათა უგულებელყოფას.

ერთ ჭერქვეშ გამომწყვდევისას მეტი შანსია, რომ წყვილმა უმნიშვნელო საკითხებზე კამათი დაიწყოს.

ფოტო: GoodStudio / Shutterstock

ამ ყველაფრის მიუხედავად, შეიძლება აღმოაჩინო, რომ დადებითი ემოციების გამოვლენის უნარს ჰკარგავ. "ხშირად სტრესის ქვეშ ყველაფერი ცხადი ხდება. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ამ ადამიანთან გრძელვადიანი ურთიერთობა არ გიწერიათ", — ამბობს იარბორო, — "მაგრამ როდესაც ოჯახში რაღაც ტრაგიკული ხდება, ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მინიმუმ ერთ წლის განმავლობაში არ მივიღოთ. ჩვენ ახლა სწორედ მსგავსი მწუხარების და სტრესის პერიოდი გვიდგას". ნუ გადაწყვეტ პარტნიორის მიტოვებას ცხელ გულზე, ჭურჭლის გარეცხვის შესახებ წარმოქმნილი ცხარე კამათის შემდეგ. სანაცვლოდ, გვირჩევს იარბირო, ამ მომენტს შეხედე ისე, როგორც შესაძლებლობას, შეაფასო, თუ რა გსურს ამ ურთიერთობისგან და არის თუ არა შენი პარტნიორი ის ადამიანი, ვისაც ამ ყველაფრის მოცემა შეუძლია. ერთ სივრცეში დიდი ხნით გამოკეტვა თავსებადობის საუკეთესო გამოცდაა. სწორედ ამის გათვალისწინებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წყალქვეშა ნავებისთვის გუნდები იმის მიხედვით დააკომპლექტა, თუ რამდენად თავსებადი ფსიქოლოგიური საჭიროებების მქონენი იყვნენ სამხედროები.

არ ეცადოთ, რომ ერთმანეთის ყველაფერი იყოთ. კორონავირუსის პანდემიისა და გახანგრძლივებული კარანტინის პერიოდში ემოციური ჯანმრთელობის შენარჩუნების გასაღები გარე სამყაროსთან ვირტუალური კავშირის დამყარებაშია. "მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაიმახსოვრონ, რამდენად ნორმალურია, რომ სოციალური კავშირების ქონა სურთ", — ამბობს იარბორო, — "ამ მხრივ სოციალური მედია საოცარ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ეს იმას ჰგავს, თითქოს გვერდიგვერ საკნებში გამომწყვდეულმა პატიმრებმა კედელზე კაკუნით გამოძებნეს საურთიერთობო ენა, რათა თქვან, მე აქ ვარ. შენ კარგად ხარ? სოციალური მედია ამ კაკუნის დახვეწილი ვერსიაა". თუ საუბარი თანამესაკნელებზე მიდგა, შენი პარტნიორი შესაძლოთაგან ნამდვილად საუკეთესო ვარიანტია — ოღონდ იქამდე, სანამ ორივენი მზად ხართ, რომ ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებაზე იმუშაოთ.