კორონავირუსი ჰაერში საათობით, ზედაპირებზე კი დღეები ძლებს — კვლევის შედეგები
ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსი ჰაერში სიცოცხლისუნარიანობას და ინფექციურობას რამდენიმე საათი, ხოლო ზედაპირზე კი დღეების განმავლობაში ინარჩუნებს.
აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს — მათ სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, რომელიც აეროზოლს ჰაერში აფრქვევდა, ადამიანის დაცემინებისა და დახველების სიმულაცია სცადეს.
შემდეგ კი, მათ იმ ნივთებზე დაკვირვება დაიწყეს, რომლებზეც ვირუსის ნაწილაკები მოხვდა.
როგორც აღმოჩნდა, როდესაც ვირუსი ჰაერში დახველებისას ან დაცემინებისას გამოყოფილი მიკროსკოპული წვეთებით ხვდება, იგი ინფიცირების უნარს სამი საათის განმავლობაში ინარჩუნებს.
პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე ვირუსი სიცოცხლისუნარიანი სამი დღის, მუყაოზე 24 საათის, სპილენძზე კი 4 საათის განმავლობაში რჩება.
მკვლევართა გუნდმა დაადგინა, რომ ვირუსის ნაწილაკების ნახევარი, თუკი ისინი ჰაერში იმყოფებიან, ინფიცირების უნარს 66 წუთში კარგავს. კიდევ 1 საათისა და ექვსი წუთის შემდეგ კი ვირუსის სამი მეოთხედი უფუნქციო იქნება. მესამე საათის დასასრულს კი სიცოცხლისუნარიანი ნაწილაკების რაოდენობა 12,5%-მდე ეცემა.
უჟანგავ ფოლადზე ვირუსის ნაწილაკების ნახევარი უფუნქციო 5 საათისა და 38 წუთის შემდეგ ხდება, პლასტმასზე კი 6 საათისა და 49 წუთის შემდეგ.
რაც შეეხება მუყაოს, აქ ვირუსების ნახევარი უფუნქციო დაახლოებით სამი საათის შემდეგ ხდებოდა, თუმცა მკვლევრების თქმით, ისინი ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებულ შედეგებს იღებდნენ.
გადარჩენის ყველაზე მცირე დრო სპილენძზე აღინიშნება — ვირუსის ნაწილაკების ნახევარი უფუნქციო 46 წუთის განმავლობაში ხდება.
კვლევაThe New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები