როგორ გადავარჩინოთ მსოფლიო: ხელების დაბანის 130-წლიანი ისტორია
"ხელები კარგად დაიბანეთ!" — ეს მოწოდება ბოლო დროს ძალიან გახშირდა. ამის მიზეზი კი ცხადია COVID-19-ის გლობალური პანდემიაა. ამ მნიშვნელოვან რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ავრცელებს.
ცხადია ეს მოწოდება უმიზეზო არაა, ხელების დაბანა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი აქტივობაა, რომლის შესრულებითაც ინფექციის აცილება შეგიძლიათ. თუმცა, ადამიანებმა დიდი ხნის მანძილზე არ იცოდნენ, რომ ასეთი ელემენტარული ჰიგიენური აქტივობა ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სტონი ბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი ნენსი ტომსი ისტორიკოსი და პანდემიების ექსპერტია. ხელების დაბანის აქტიურ კამპანიაზე, ის შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"პანდემიების ისტორიკოსობა, როცა ამჟამად პანდემია მძვინვარებს, უცნაური შეგრძნებაა" — ამბობს ტომსი. "ისეთი შეგრძნებაა თითქოს ტიტანიკის მგზავრი ვარ და მოვლენათა განვითარებას ვაკვირდები".
ხელების დაბანას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს აქტივობა გამოიყენება უამრავ რელიგიურ რიტუალში, თუმცა მისი კავშირი სიკვდილიანობასთან, შედარებით ახალი მიგნებაა.
ბიოლოგიის პროფესორის, მირიამ ვარჰმანის თქმით, "ხელების დაბანის მამა იგნაზ სემელვეისი იყო". ეს უნგრელი ექიმი ვენის მთავარ საავადმყოფოში მუშაობდა და აინტერესებდა, რატომ იყო მის მშობიარობის კლინიკაში ასეთი მაღალი სიკვდილიანობა.
სემელვეისის მოღვაწეობის დროს მიკრობები აღმოჩენილი ჯერ არ იყო. 1840-იან წლებში სჯეროდათ, რომ დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო მიაზმი, ანუ უსიამოვნო სუნი იყო.
იმდროინდელი წარმოდგენით, მიაზმა გახრწნილი სხეულებიდან და კანალიზაციიდან მომდინარეობდა. ამიტომ ვიქტორიანულ ეპოქაში, როცა მოქალაქეები ცუდ სუნს შენიშნავდნენ, ფანჯრებს საგულდაგულოდ კეტავდნენ.
"ბოროტი ძალებისგან" იზოლირებული ექიმები, მორგში ცხედრებთან თავისუფლად ურთიერთობდნენ, ადამიანის ორგანიზმს შიშველი ხელებით იკვლევდნენ. შემდგომ კი პალატაში ადიოდნენ და ცოცხალ პაციენტებთან იგივენაირად, ხელების დაბანის გარეშე აგრძელებდნენ ურთიერთობას.
ერთ-ერთი ექიმმა, პაციენტთან მუშაობისას ხელი სკალპელით გაიჭრა. მოგვიანებით, პაციენტიც და ექიმიც ერთნაირად გარდაიცვალნენ. სემელვეისმა ივარაუდა, რომ პაციენტის და ექიმის სიკვდილის მიზეზი ექიმზე გვამიდან აღმოჩენილი "ნაწილაკი" გახდა.
თეორიის დასატესტად სემელვეისმა ექიმებს, ქლორინის ხსნარით ხელების დაბანა უბრძალა. ამ პრაქტიკამ, სამშობიაროს პალატაში სიკვდილიანობა 18%-დან, 1%-მდე შეამცირა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკა ძალიან წარმატებული გამოდგა. სემელვეისს ტრაგიკული ბედი ეწია. მან სამსახური დაკარგა, რის შემდეგაც, როგორც იმდროინდელი წყაროები იუწყებიან, უნგრელი ექიმი გაგიჟდა და ცხოვრება ფსიქიატრიულ კლინიკაში დაასრულა.
ტომსის თქმით, იმ დროს ხალხი არ ფიქრობდა, რომ "ისინი მოსიარულე პეტრის თასები იყვნენ". ხელების დაბანის მოწოდებას ექიმები შეურაცხყოფად იღებდნენ იმიტომ, რომ ისინი საზოგადოების საშუალო და მაღალი კლასის წარმომადგენლები იყვნენ.
ექიმებისთვის ხელების დაბანის რჩევა ალბათ პრაქტიკულად იგივე იყო რაც მათთვის ბინძური მუშების დაძახება. ტომსის თქმით, როცა სემელვეისი ექიმებს ხელების დაბანას ურჩევდა, ეს შეურაცხმყოფელ ტონად ითვლებოდა.
1857 წელს, როცა სემელვეისი ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებოდა, ლუი პასტერმა პასტერიზაციის მეთოდი აღმოაჩინა და პათოგენების არსებობა საბოლოოდ დადასტურდა. 1876 წელს კი გერმანელმა მეცნიერმა, რობერტ კოხმა ანთრაქსის ბაცილა აღმოაჩინა, რამაც თანამედროვე სამედიცინო ბაქტერიოლოგიას დაუდო საფუძველი.
ახალ აღმოჩენებთან ერთად, ექიმებმა ხელების დაბანა აქტიურად დაიწყეს. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ხელების დაბანის მასობრივი კამპანია. 1890-1900 წლებში ხელების დაბანა მხოლოდ ექიმების ფუფუნება აღარ იყო, ის საჯარო პრაქტიკა გახდა.
ბრიტანეთში ჰიგიენური ნორმების დაცვის და ხელების დაბანის "პიონერი", თანამედროვე ექთნობის პრაქტიკის ფუძემდებელი ფლორენს ნაითინგეილი აღმოჩნდა. იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები, მათ შორის "მაღალი საზოგადოების" წარმომადგენლები, დაავადებების გადამტანები არიან, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
კოხმა აჩვენა, რომ ტუბერკულიოზი ძირითადად მემკვიდრული კი არ იყო, არამედ ხველებით გადადიოდა. საზოგადოებაში ამას მყისიერი რეაქცია მოჰყვა.
ბევრს ხელების ჩამორთმევის და კოცნის ეშინოდა. ახალგაზრდა კაცებმა წვერების შეკრეჭა დაიწყეს. მაღაზიებში პროდუქტები ინდივიდუალურად იფუთებოდა. მშობლები ბავშვებს ხელებს ბანდნენ და ა.შ.
სამწუხაროდ, მასობრივი სიფრთხილე დიდ ხანს არ გაგრძელდა. დროთა განმავლობაში, მედიცინის განვითარებასთან ერთად, პუბლიკა თითქოს მოდუნდა. ანტიბიოტიკების გამოყენების დანერგვამ სიკვდილიანობა მნიშნველოვნად შეამცირა, ამიტომ ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შემცირდა.
ჰიგიენის ნორმების დაცემა ნაწილობრივ მეოცე საუკუნის 70-იანი წლების სექსუალურ რევოლუციასაც უკავშირდება. საზოგადოებამ ნორმატიული კულტურის წინააღმდეგ ამბოხი დაიწყო. ტრადიციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი ის იყო, რომ ბევრისთვის "ჰიგიენის" სტანდარტული გაგება უარყოფით კონტექსტში განიხილებოდა.
"ჰიპად ყოფნა საკუთარი სხეულის მიკრობული სასწაულების ვალიდაციას ნიშნავდა", — ამბობს ტომსი.
1980-იან წლებში შიდსის ვირუსის მასობრივმა ეპიდემიამ, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით არ გადაეცემა, საზოგადოებაში სიფრთხილის ახალი ტალღა წამოჭრა. მიუხედავად იმისა, რომ აივ ინფექცია, სხვა ბევრი ბაქტერიული და ვირუსული ინფექციისგან განსხვავებით, სქესობრივი გზით ან სისხლით გადაეცემა, ის ხალხისთვის განგაშის ზარი გახდა.
საინტერეოსა, რომ კორონავირუსის პანდემიამდე, როგორც ჩანს, ხალხი ხელებს არც ისე ხშირად იბანდა და შესაბამისად ჰიგიენურ ნორმებს ნაკლებად იცავდა. რაც უცნაურია თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი შეხედვით თითქოს ყველა ვაცნობიერებთ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენა ჯანმრთელობისთვის.
ბიოლოგი მირიამ ვარმანი, საკუთარ წიგნში The Hand Book: Surviving in a Germ-Filled World საინტერესო სტატისტიკას გვიზიარებს.
წიგნში ვკითხულობთ, რომ 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, "მოშარდვის შემდეგ, ხელებს ქალების 69% იბანს, კაცების კი მხოლოდ 43%... ჭამის წინ კი, ხელებს კაცების მხოლოდ 10% და ქალების 7% იბანს".
ვარმანის დედა საავადმყოფოში ათვისებული ინფექციით გარდაიცვალა, ამიტომ, ავტორის თქმით ეს საკითხი მისთვის "პირადულია". აღმოსავლეთ ტენესიში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინტენსიური თერაპიის სექტორში პაციენტების მეთვალყურე პერსონალის მხოლოდ 54% იბანს ხელებს რეგულარულად. საინტერესოა, რომ პედიატრიულ განყოფილებაში, ეს მაჩვენებელი 81%-ია.
2017 წლის კვლევის მიხედვით, ხელების საშუალო მაჩვენებელზე ხუთჯერ უფრო აღალი სიხშირით დაბანა ინფიცირების რისკს 20%-ზე მეტით ამცირებს. ასეთი მარტივი აქტივობისთვის ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
2020 წელი მსოფლიოს თანამედროვე ისტორიაში უცნაური პერიოდია. შესაძლოა, რთული წარმოსადგენია, მაგრამ სიმართლეა, რომ ხელების ხშირი დაბანით სიცოცხლეების გადარჩენა შეგიძლიათ.
კომენტარები