10 ფილმი დედაზე
დედაზე ყველგან და ყოველთვის ძალიან ხშირად საუბრობენ: დაუსრულებელ სადღეგრძელოებსა თუ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ემოციურ ტექსტებში. ამის გამო ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ დედობა მუდამ ერთნაირი და უნივერსალურია.
არადა როგორც ყველა ადამიანი, ისევე ქალი, რომელიც დედაა, თავისი პირადი გამოცდილებით სრულიად უნიკალურია: მის თავს გადახდენილი ამბები, გარკვეულ გადაწყვეტილებებამდე განვლილი გზა, ყოველდღიურ წვრილმანებში ნაპოვნი ბედნიერება, მძიმე რუტინა, მოულოდნელი ტრაგედიები თუ უსასრულო მოლოდინები იმდენად ძერწავს მის პიროვნებას, რომ მის სხეულზეც კი ტოვებს კვალს.
ხელოვნების სხვა დარგების მსგავსად, კინოშიც ყოველთვის ცდილობდნენ დედის მიმართ დამოკიდებულების ასახვას, მის შინაგან სამყაროში ჩახედვას: კინოკამერით მრავალჯერ უცდიათ მათი ღიმილის, ცრემლების თუ ნაოჭების აღბეჭდვა. ამ სტატიაში რამდენიმე ისეთ ფილმს მოვუყარე თავი, რომლებიც, შესაძლოა, საუკეთესოები სულაც არ არის, თუმცა მათი ხილვისას დედასთან დაკავშირებული მოგონებები ერთბაშად აიშალა ჩემს გონებაში და ვიმედოვნებ, რომ ამ სტატიის მკითხველისთვისაც იგივე ძალა ექნება.
სხვადასხვა ჟანრითა და სათქმელით ეს კინოსურათები დედების გასაოცარ, რთულ, სევდიან და დაუჯერებელ ისტორიებს გვიამბობს, რომლებიც ხშირად ჩვენ თვალწინ ვითარდება, მაგრამ მათ მნიშვნელობას სათანადოდ ვერ აღვიქვამთ ხოლმე.
1. Tully / ტალი, რეჟისორი ჯეისონ რაიტმანი
სამწუხაროდ, იშვიათად ვაცნობიერებთ იმას, თუ რამდენად მძიმე შეიძლება იყოს დედის როლის მორგება, რომლისთვისაც ქალებს ბავშვობიდან ამზადებენ ხოლმე: საშინაო საქმე, რომელიც ერთდროულად მოიცავს საჭმლის მომზადებას, ჭურჭლის დარეცხვას, სახლის დალაგებას, ბავშვების აღზრდას, ემოციურ მხარდაჭერასა და კიდევ სხვა უამრავ გაუთვალისწინებელ დეტალს, ხშირად ქალების ბუნებრივ მოვალეობად მიიჩნევა და მათ აუნაზღაურებელ შრომას ოდნავადაც კი ვერ ვაფასებთ.
მეტიც, ასეთ დროს ხანდახან გვიკვირს კიდეც, თუ რატომ დაკარგეს ქალებმა ის "მომხიბვლელი ფორმები", რაც მანამდე ჰქონდათ, რატომ არიან ცუდ ხასიათზე და ა.შ. თუ ამ ფილმს ნახავთ, შარლიზ ტერონი თავისი წარმოუდგენელი გარდასახვით ყველა ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს.
2. Mother / დედა, რეჟისორი ბონგ ჯუ ჰო
ყოველთვის მაინტერესებდა, რამდენად უპირობოა მშობლის სიყვარული, რომ ყველაზე მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი მოახერხო საკუთარი შვილის გამართლება და მისი მხარდაჭერა. ამის მაგალითი ჩვენ გარშემო უამრავია, როცა არაფრის დიდებით არ სურთ სიმართლისთვის თვალის გასწორება.
ბონგ ჯუნ ჰო სწორედ მსგავს ისტორიას მოგვითხრობს და მთავარი გმირის, უსახელო ქალის კვალდაკვალ ზოგადად დედის მიერ შვილის მფარველობის ერთი შეხედვით გროტესკულ, თუმცა ძალიან რეალურ და საბედისწერო ქმედებებს ასახავს. ვისაც ამ სამხრეთკორეელი რეჟისორის პარაზიტი უნახავს, უკვე ეცოდინება, თუ როგორ შეუძლია მას მაყურებლის ემოციებთან თამაში და გამონაკლისი არც ეს ფილმია.
3. Three Billboards Outside Ebbing, Missouri / სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური, რეჟისორი მარტინ მაკდონაჰი
ფრენსის მაკდორმანდის პერსონაჟი, მთავარი გმირი, სახელად მილდრედი, თავისი შვილის გაუპატიურებისა და მკვლელობის სამართლიან გამოძიებას რადიკალური საშუალებებით ითხოვს, რადგან სამართალდამცავებს ეს დიდად არ ანაღვლებთ. როგორც ყველგან, ისევე საქართველოშიც ეს ფილმი ძალიან მწვავე პრობლემებს ეხმაურება: არაერთი შვილმკვდარი მშობლის შესახებ გვსმენია, რომელიც სამართლიანობის აღდგენას განწირული ითხოვდა და ითხოვს.
ფილმის ყურებისას მახსოვს, უიმედოდ ისიც გავიფიქრე, რა იქნება, ერთხელ ასე ხმამაღლა ჩვენთანაც მოითხოვოს რომელიმე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმის გამოძიება თავისმა მშობელმა და საზოგადოებაში არსებულმა საყოველთაო გულგრილობამ იქნებ ასე მაინც დაიწყოს დნობა-მეთქი.
4. All About My Mother / ყველაფერი დედაჩემის შესახებ, რეჟისორი პედრო ალმოდოვარი
თანამედროვე კინოხელოვნებაში დედის მიმართ ისეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ალბათ, არავის აქვს, როგორც ესპანელ დიდოსტატს, პედრო ალმოდოვარს. მისი ლამის ყოველი ნამუშევარი დედასთან დაკავშირებულ მოგონებებს შეიცავს, რომლებიც სითბოთი, სიყვარულით, წყენით ან მონატრებითაა სავსე.
ყველაფერი დედაჩემის შესახებ კი მაინც ყველაზე გამორჩეულია მისი შემოქმედებიდან, რომელშიც ერთდროულადაა თავმოყრილი უამრავი მტკივნეული და სახალისო დეტალი, რაც საბოლოოდ ვიზუალურად ფერად, თუმცა ამავდროულად წარმოუდგენლად სევდიან სურათს აცოცხლებს ეკრანზე.
5. My Sister's Keeper / ჩემი დის მფარველი, რეჟისორი ნიკ კასავეტესი
თუ საოჯახო დრამები გიყვართ, ალბათ, ეს ფილმი განსაკუთრებულად მოგეწონებათ: ერთი შეხედვით მეტისმეტად სენტიმენტალური და ყბადაღებული თემატიკის მქონე ისტორია სრულიად მოულოდნელი სიუჟეტური ხაზით ვითარდება და თანაც იმდენად ემოციურად, რომ ყველაზე გულქვა მაყურებელსაც კი მოჰგვრის სიხარულისა თუ მწუხარების ცრემლებს.
ამ ფილმს არ ჰყავს ერთი მთავარი გმირი, ის ოჯახის ყველა წევრის ბრძოლაზეა, რომლის მიზანიც საყვარელი ადამიანის გადარჩენაა, თუმცა მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი კამერონ დიაზის პერსონაჟი, სარა ფიცჯერალდია, რომელიც თავისი უზომო სიყვარულით, სიმამაცითა და ზრუნვით ზუსტად გამოხატავს მებრძოლი დედების გასაოცარ ბუნებას.
6. Prayers for Bobby / ლოცვა ბობისთვის, რეჟისორი რასელ მალკეჰი
ხშირად მშობლები შვილებს გარკვეულ შემზღუდველ წინაპირობებს უყენებენ, რათა ყოველთვის იდეალურები ან სულ მინიმუმ "ნორმალურები" მაინც იყვნენ. ასე კი ავიწყდებათ, რომ ყოველი ჩვენგანი უნიკალური პიროვნებაა და უსამართლობაა, მეტიც, შეუძლებელია, ყველა ერთმანეთს ვგავდეთ.
ეს ფილმი ნამდვილი და სულის შემძვრელი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც დედა შვილზე უარს მისი სექსუალური ორიენტაციის გამო ამბობს, ბოლოს კი, უკვე გვიან, ნანობს ამ გადაწყვეტილებას და ხვდება, რომ ყველა ნამდვილი სიყვარული, მით უმეტეს დედაშვილური, უპირობო გაგებას, მხარდაჭერასა და თანადგომას ეფუძნება.
7. Young Ahmed / ყმაწვილი აჰმედი, რეჟისორები ჟან-პიერ და ლუკ დარდენები
ეს ფილმი თითქოს საერთოდ არ არის დედის შესახებ: ის მთლიანად ბელგიელი მოზარდის, აჰმედის ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებით სავსე ცხოვრებაზეა, თუმცა თანამედროვე კინოს დიდოსტატები, ჟან-პიერ და ლუკ დარდენები ფილმის ფინალურ სცენაში, სულ ბოლოს წარმოთქმული ერთი ფრაზით მთელი ფილმის იდეის შეკვრასთან ერთად, სწორედ დედის იმ განუსაზღვრელ მნიშვნელობასაც შეგვახსენებენ, რომელიც მას აქვს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.
8. We Need to Talk About Kevin / კევინზე უნდა დაგელაპარაკო, რეჟისორი ლინ რემზი
ლინ რემზის ამ კინოსურათს ხშირად თავისი ესთეტიკის ან ეზრა მილერის შოკის მომგვრელი პერსონაჟის გამო უფრო იხსენებენ, თუმცა ჩემთვის მთავარ ყურადღებას ტილდა სუინტონის პერსონაჟი იმსახურებს, რომელიც კარგად გვაჩვენებს, თუ როგორი წინააღმდეგობრივი შეიძლება იყოს შვილის მიმართ დედის სიყვარული, მეტიც — სიძულვილი.
კევინზე უნდა დაგელაპარაკო ლაიონელ შრაივერის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა და თუ ლიტერატურაც გიყვართ, გირჩევთ, წიგნიც აუცილებლად წაიკითხოთ, სადაც კევინის დედის, ევას ხმა იმდენად დასამახსოვრებელი და ძლიერია, რომ მას გონებიდან ვეღარასდროს ამოიგდებთ.
9. Mommy / დედიკო, რეჟისორი ქსავიე დოლანი
ამ ფილმში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ მიუხედავად წარმოუდგენელი სირთულეებისა, დედასა და შვილს შორის მეგობრობის შესაძლებლობას გვაჩვენებს, რაც ყოველდღიურობაში ძალიან გვაკლია ხოლმე. დედები შვილებს და პირიქითაც, როგორც წესი, მხოლოდ ერთ განზომილებაში აღიქვამენ და ავიწყდებათ, რომ სინამდვილეში ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც სისულელეების ერთად ჩადენა და ერთმანეთის მხარზე ტირილიც შეუძლიათ.
თავის დროზე ქსავიე დოლანის სტილი ვერ შევიყვარე, თუმცა ეს ფილმი მის შემოქმედებაში ნამდვილად გამორჩეულია და ისტორიის განსაკუთრებულობასთან ერთად თავისი გადაღების მიმზიდველი სტილითა და სასიამოვნო საუნდტრეკებითაც მოგხიბლავთ.
10. 20th Century Women / მეოცე საუკუნის ქალები, რეჟისორი მაიკ მილსი
ბევრი გვსმენია შვილების პრობლემებზე, თუ როგორ ვერ უგებენ მშობლები მათ, როგორ იწყება გაუცხოება და ა.შ. ასეთ დროს მშობლები ხშირად ერთსახოვან — ცივ, სასტიკ ან უგულისყურო ადამიანებად გვევლინებიან. თუმცა რა ხდება მაშინ, როცა დედას გულწრფელად სურს, შვილს მხარში ამოუდგეს და ცხოვრებაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმაროს? ეს ფილმი გვაჩვენებს, რომ ასეთ დროსაც კი არ არის ყველაფერი ისეთი მარტივი, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება წარმოგედგინოს.
"როგორ უნდა იყო კარგი კაცი?" — კითხულობს მოზარდი ბიჭის დედა და შვილის აღზრდაში დახმარებას კიდევ სხვა ორ ქალს სთხოვს. ამ საოცარი ქალების გარემოცვაში კი, რომლებიც საოცარი თავისუფლებით, ძალაუფლებით და სიყვარულით არიან სავსე, რთულია, ცუდი ადამიანი გახდე. ამაში თავადაც მარტივად დარწმუნდებით, თუ მეოცე საუკუნის ქალებს ნახავთ.
კომენტარები