საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ სცადონ მორაგბეებისთვის ხელის შეშლა გადაწყვეტილების მიღებაში. გარდა ამისა, ისინი მოუწოდებენ ცალკეულ მორაგბეებს, რომ შეეშვან მუქარით ბრძოლას, რომელიც ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ემსგავსება უკომპრომისო, დაუნდობელ, უწესო ბრძოლას სადაც დასახული მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი და ყველა საშუალება მართლდება. ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე ადამიანების დამნაშავედ გამოცხადება, ლამისაა ლინჩის წესით გასამართლება, მუქარა, გამომწვევად და თავხედურად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ცილისწამება და დაშინება არათუ დასაშვები არამედ ერთადერთი საშუალება გახდა არჩევნებში გასამარჯვებლად.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გმობს და ემიჯნება რაგბის კავშირის არჩევნებში აქტიურად ჩართულ იმ მორაგბეთა ქმედებებს, რომლებმაც თავხედურად შელახეს რაგბის ქარტიის ფასეულობები", — აცხადებს რაგბის კავშირის გამგეობა.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია რაგბის ქარტიის პრინციპების მნიშვნელობა ქართული რაგბისთვის. სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით მოუწოდებენ ისინი მორაგბეებს, რომ რაგბი გადაარჩინონ.

"მოვუწოდებთ რაგბის დიდი თემის თითოეულ წევრს, დავიწყოთ გაჯანსაღება, დავუბრუნდეთ ქარტიას და კარგად გავაანალიზოთ თითოეული ჩვენი ნაბიჯი რათა უფსკრულის პირას მდგომნი ავცდეთ ვარდნას და დაღუპვას, გადავარჩინოთ რაგბი საქართველოში, როგორც ფასეულობათა სისტემა. ყველამ ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია. რაგბში არ არის იმ ადამიანების ადგილი, ვინც ქარტიას არ აღიარებს და ამ პრინციპებს უარყოფს", — აცხადებენ ისინი.

გარდა ამისა, კავშირის გამგეობა მოუწოდებს სამართალდამცავებს, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ არჩევნებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამოვლენისა და პრევენციული ღონისძიებებისთვის.

რაგბის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები რამდენიმე დღის წინ კვორუმის არარასებობის გამო ჩაიშალა.

ქართული ოცნების დეპუტატი და რაგბის კავშირის პრეზიდენტობი კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე არჩევნების ჩაშლაში რაგბის კავშირის მოქმედ პრეზიდენტს, გოჩა სვანაძეს ადანაშაულებს, რომელიც ამავე დროს არჩევნებში აბუსერიძის კონკურენტია. აბუსერიძის თქმით, დელეგატები არჩევნებზე ფინანსური დარღვევებზე აუდიტის დასკვნის გამო პროტესტის ნიშნად არ გამოცხადნენ.

თავად გოჩა სვანაძე კი ირაკლი აბუსერიძეს ადანაშაულებს. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ რეგიონებში რაგბის კავშირის დელეგატებზე მაჟორიტარი პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლა ხდებოდა, რათა არჩევნებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მომდევნო არჩევნები 25 მარტამდე უნდა გაიმართოს. რაგბის კავშირში პრეზიდენტი ჯერ კიდევ ამა წლის 30 იანვარს უნდა აერჩიათ, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატების, ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის განცხადების საფუძველზე 24 თებერვლისთვის გადაიდო.