რამდენად რთული იქნება კორონავირუსის შეჩერება?
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის 85 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათი დიდი ნაწილი - ჩინეთში. ამ მომენტში ვირუსი ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, ანტარქტიდის გარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ვირუსის გავრცელებამ "უმაღლესი განგაშის დონეს" მიაღწია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამიერიდან კლებას უნდა ველოდოთ. WHO-ს დირექტორის თქმით, მოვლენები "ნებისმიერი მიმართულებით" შეიძლება განვითარდეს.
ცოტა ხნის წინ საფრანგეთი იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდა, რომლებმაც საერთაშორისო ღონისძიებები გააუქმეს. იტალიის სერია A-ში ხუთი საფეხბურთო მატჩი გადაიდო, აშშ-ში კი ძირითადი აქციების ფასი ასეთი დაბალი 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ აღარ ყოფილა.
საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი - 29 თებერვალს.
ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი - პირს, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიაში იმოგზაურა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე ინფიცირებულზე კი ახლა ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. მესამე დაინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირველ დაინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც ასევე აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა საქართველოში.
რას უნდა ველოდოთ ამიერიდან და რამდენად შესაძლებელია ვირუსის შეჩერება?
ცხადი სურათის დასანახად ამ 6 ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება:
1. რამდენად გადამდებია ვირუსი?
ვირუსი სწრაფად ვრცელდება, რაც მისი შეჩერების მცდელობებს არაეფექტურს ხდის.
2. რამდენად მომაკვდინებელია ვირუსი?
დაზუსტებით თქმა რთულია, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-ს აღემატება, რაც სეზონური გრიპის სიკვდილიანობაზე მეტია.
3. რამდენ ხანში ვლინდება სიმპტომები?
როგორც წესი, სიმპტომების გამოვლენას 5-7 დღე სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება შეუმჩნევლად მიმდინარეობს.
4. რამდენად ბევრი იმოგზაურეს ინფიცირებულმა ადამიანებმა?
საკმარისად ბევრი იმისთვის, რომ ვირუსი მთელ მსოფლიოში ჩაეტანათ.
5. რამდენად ეფექტურია ქვეყნების პასუხი?
ჩინეთში დაავადების გავრცელების ტემპი იკლებს, თუმცა სხვა ქვეყნებში იმატებს.
6. რამდენი ხანი დასჭირდება წამლის ან ვაქცინის შექმნას?
ამ მომენტში რამდენიმე წამალი გადის კლინიკურ ცდებს, თუმცა ვაქცინის შექმნამდე მინიმუმ ერთი წელი გვაშორებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი მსოფლიოს ქვეყნებისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსი დაგემართოთ, თუ ჩინეთში, იტალიაში, ირანში ან სამხრეთ კორეაში არ იმოგზაურეთ. დაავადებისგან თავის დასაცავად ექსპერტები ხელების ხშირად დაბანას და გაციების სიმპტომების შემთხვევაში, სამსახურში ან სასწავლო დაწესებულებაში სიარულისაგან თავშეკავებას გვირჩევენ. ჯანმრთელ ადამიანებს პირბადეები არ სჭირდებათ და მათი დიდი რაოდენობით შესყიდვა ისეთი პირებისათვის შექმნის დეფიციტს, რომელთაც პირბადეები აუცილებლად უნდა ატარონ.
მოდი, ცოტა დეტალურად განვიხილოთ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები:
1. რამდენად გადამდებია ვირუსი?
ეპიდემიის მასშტაბები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ადვილად გადაეცემა ვირუსი ადამიანიდან ადამიანს.
ახალი კორონავირუსი საკმაოდ მარტივად ვრცელდება, განსაკუთრებით სახლებში, საავადმყოფოებში, კრუიზებზე, დახურულ სივრცეებში და ეკლესიებში (მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს). კორონავირუსი ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), რომელიც ჩინეთში 2003 წელს იყო გავრცელებული. მაშინ დაავადებულთა რაოდენობა 8 000-ს აღწევდა.
პათოგენი ჰაერში პატარა წვეთებით ვრცელდება, რომელთაც დაავადებული ადამიანი სუნთქვის, საუბრის, ხველებისა თუ დაცემინების დროს წარმოქმნის.
ეს პატარა წვეთები რამდენიმე ნაბიჯის რადიუსში ეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ვირუსი უფრო რთულად დაგემართებათ, ვიდრე წითურა, ჩუტყვავილა ან ტუბერკულოზი. ამ დაავადებების პათოგენები 30 მეტრზე ვრცელდება. თუმცა კორონავირუსი უფრო გადამდებია, ვიდრე, მაგალითად, ჰეპატიტი, რომლით ინფიცირებაც დაავადებული ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ხდება.
კორონავირუსით დაავადებული ადამიანი ვირუსს 1,8 მეტრის რადიუსზე ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს ცოცხლობს COVID-19 ზედაპირზე.
წითელა 30 მეტრის რადიუსზე ვრცელდება და ზედაპირზე რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება.
ჯერჯერობით გამოკვლევები ადრეულ ეტაპზეა, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსით დაავადებული ერთი ადამიანი 2-4 გარშემომყოფს აინფიცირებს. შეჩერების ღონისძიებების გარეშე ეს მაჩვენებელი საკმარისია იმისთვის, რომ მართვის სადავეები ხელიდან გაგვექცეს.
კორონავირუსის შემთხვევაში 5 ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია, რომ ვირუსის გავრცელების ხუთ "რაუნდში" 368 ადამიანი დააავადოს.
სეზონური გრიპი კორონავირუსთან შედარებით ბევრად ნაკლებად გადამდებია. ერთი ადამიანი საშუალოდ 1,3 ადამიანს აინფიცირებს. თუ ამავე სცენარს ავიღებთ (5 დაავადებულ ადამიანს) ვირუსის გავრცელების ხუთი "რაუნდის" შედეგად მხოლოდ 45 ადამიანი იქნება დაავადებული.
გადადების მაჩვენებელი ყოველთვის ერთი და იგივე არაა. ეს ნიშნული შეიძლება იმის მიხედვით შეიცვალოს, თუ რამდენად ხშირად ხვდებიან დაავადებული ადამიანები თავშეყრის ადგილებზე. როცა 2003 წელს, SARS-ის გავრცელების დროს, ჯანდაცვის ექსპერტებმა ინფიცირებულების აღმოჩენისა და იზოლირებისათვის აუცილებელი ზომები მიიღეს, გადადების ნიშნული 0,4-მდე ჩამოვიდა, რაც ეპიდემიის შესაჩერებლად საკმარისი აღმოჩნდა.
ამჟამად მეცნიერები და დაავადებათა კონტროლის სპეციალისტები ცდილობენ, ეს წარმატება გაიმეორონ, თუმცა ინფიცირებულების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იმატებს. გადადების მაღალი მაჩვენებლის დასაბალანსებლად ვირუსის შესაჩერებლად მიმართულმა ზომებმა (პირბადეებმა, დაავადებულებთან დისტანციის დაცვამ, კარანტინმა) ინფიცირების შემთხვევათა 60% უნდა დაბლოკოს, რისი მიღწევაც ძალიან რთულია.
2. რამდენად მომაკვდინებელია კორონავირუსი?
რამდენად მომაკვდინებელია ესა თუ ის ახალი ვირუსი, რთული სათქმელია. როგორც წესი, ყველაზე მძიმე შემთხვევების შესახებ ყველაზე სწრაფად ვიგებთ, რამაც შეიძლება ობიექტურად შეფასებაში ხელი შეგვიშალოს. ადამიანები, რომელთაც დაავადების მსუბუქი ფორმა აქვთ, შეიძლება ექიმთან არც მივიდნენ. ჩინეთში, სავარაუდოდ, დაავადებულთა რიცხვი ბევრად მაღალია, ვიდრე ოფიციალურადაა დადასტურებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა შეიძლება უფრო დაბალი იყოს, ვიდრე გვგონია.
ადრეული კვლევებით დასტურდება, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივ სეზონურ გრიპზე უფრო მომაკვდინებელია, რომლის მსხვერპლიც 1 000-დან ერთი ადამიანია. 44 000 შემთხვევიდან ჩინეთში 50 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 81%-ს ვირუსის მსუბუქი ვერსია ჰქონდა, 14%-ს - საშუალო სიმძიმის, ხოლო 5%-ს კრიტიკულად მძიმე.
სხვა რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში პათოგენი ბევრად უფრო სახიფათო იყო. MERS პაციენტების მესამედს კლავდა, SARS კი - ათიდან ერთს.
ჩინელი პაციენტების შემთხვევების შესწავლამ აჩვენა, რომ ასაკის მატებასთან ერთად გართულებებიც იმატებდა. 80 წელს ზემოთ დაავადებულთა 15% გარდაიცვალა, 60-70 წლის პაციენტებში კი ვირუსს ფატალური შედეგი 8%-ისათვის მოჰყვა. კორონავირუსის გართულებებისაგან მეტნაკლებად დაცულები არიან ბავშვები. ერთ-ერთ გამოქვეყნებულ შემთხვევაში 10 წლის ბავშვი ოჯახთან ერთად ეწვია უხანს. სახლში დაბრუნების შემდეგ ოჯახის წევრებს, რომელთა ასაკიც 36-დან 66-მდე მერყეობდა, კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდათ (სიცხე, ყელის ტკივილი, დიარეა და პნევმონია). ანალიზებმა აჩვენა, რომ ბავშვსაც ჰქონდა ფილტვებში ვირუსული პნევმონიის ნიშნები, თუმცა დაავადება მის შემთხვევაში მსუბუქად, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდა. კორონავირუსის მძიმე პაციენტების ასაკი უმეტესად 49-დან 56 წლამდე მერყეობს.
3. რამდენი ხანი სჭირდება სიმპტომების აღმოჩენას?
დაინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე დრო ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. ინკუბაციის პერიოდი საშუალებას აძლევს ჯანდაცვის სპეციალისტებს, დააკვირდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ვირუსის გადადების რისკ-ჯგუფში არიან. თუ ინკუბაციის პერიოდი ზედმეტად ხანმოკლე ან ხანგრძლივია, მაშინ ამ ზომების გატარება რთულდება.
SARS-ს 5-დღიანი ინკუბაციის პერიოდი ჰქონდა, სიმპტომების გამოვლენიდან სხვა ადამიანისათვის გადადებამდე კი - კიდევ 4-5 დღე იყო საჭირო. ამ მიზეზის გამო ეპიდემიის შეჩერება მალევე მოხერხდა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-14 დღეა. მსუბუქ შემთხვევებში კორონავირუსი ჩვეულებრივ გრიპს ჰგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულებმა შეიძლება ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ ცხოვრება და კორონავირუსი ისეთ ადამიანებსაც გადასდონ, რომელთათვისაც შედეგები ბევრად უფრო მძიმე შეიძლება იყოს.
4. რამდენად ბევრი იმოგზაურეს დაინფიცირებულმა ადამიანებმა?
არსებობდა თუ არა შანსი, კორონავირუსი უხანს არ გასცდენოდა? უხანში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც ნიუ-იორკის მოსახლეობაზე მეტია. ყოველდღიურად 3,500 ადამიანი მიფრინავს უხანიდან სხვა ქვეყანაში. გასაკვირი არაა, რომ კორონავირუსი ჩინეთს გარეთ პირველად სწორედ იმ ქალაქებში გამოჩნდა, რომელთაც უხანთან პირდაპირი საჰაერო რეისები აქვთ.
უხანი ჩინეთის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ჰაბია. გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი გადაადგილდა უხანიდან ჩინეთის სხვადასხვა წერტილში.
2003 წლის SARS-ის ეპიდემიის დროს ჩინეთის ქალაქები ასე მჭიდროდ არ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან. ამჟამად ჩინეთს ოთხჯერ მეტი მგზავრი ჰყავს (იგულისხმება როგორც თვითმფრინავის, ასევე მატარებლის მგზავრები), ვიდრე SARS-ის გავრცელების დროს ჰყავდა.
იანვარში ჩინეთმა უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა და უხანსა და მის შემოგარენში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს გადაადგილების შეზღუდვები დაუწესა. ექსპერტების ნაწილი ამ გადაწყვეტილების ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებდა. უხანის მერმა თავადვე განაცხადა, რომ შეზღუდვების დაწესებამდე ქალაქი ხუთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა.
"შეუძლებელია ამ ვირუსის "ჩაკეტვა". ის აუცილებლად გავრცელდება", - თქვა ლოურენს ო. გოსტინმა, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა, - "ყოველთვის ასე ხდება".
რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, რომელთაც ჩინეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
5. რამდენად ეფექტურია ქვეყნების პასუხი?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩინეთის აგრესიული პასუხი - ქალაქების ჩაკეტვა, ადამიანებისთვის მოწოდება, რომ სახლიდან არ გამოსულიყვნენ და იმ ადამიანების კონტროლი, რომელთაც ინფიცირებულებთან შეხება ჰქონდათ - დადებითად შეაფასეს. 2 თებერვლის შემდეგ ახალი შემთხვევების რიცხვი ჩინეთში სტაბილურად იკლებს.
მსოფლიოს აეროპორტებში კონტროლი გამკაცრდა, დაწესდა ახალი შეზღუდვები მოგზაურობაზე. ავიაკომპანიები და ლაინერები აზიის ქვეყნებში ხალხის გადაყვანისაგან თავს იკავებენ.
სკეპტიკოსების აზრით, შეიძლება ეს საკმარისი არ იყოს.
"ზოგიერთ ქვეყანაში იმდენად სწრაფად ვრცელდება ვირუსი, რომ შეკავების სტრატეგია შეიძლება უსარგებლო აღმოჩნდეს", - ამბობს კლარენს ტემი, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ინფექციური დაავადებების განხრით.
ვირუსის გავრცელების მასშტაბები ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზეა დამოკიდებული. სისტემატური შემოწმების შესაძლებლობა, პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლების რაოდენობა, საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი, ხელმისაწვდომობა წამლებსა და პირბადეებზე - ეს ის ფაქტორებია, რომელთაც ჯანდაცვის სპეციალისტები ქვეყნის რისკიანობის შესაფასებლად იყენებენ.
6. რამდენი ხანი დასჭირდება წამლის ან ვაქცინის შექმნას?
ამ მომენტისათვის კორონავირუსული დაავადებებისათვის, მათ შორის COVID-19-ისათვის მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. მეცნიერები სხვადასხვა წამლებს ამოწმებენ და წესით, პირველადი შედეგები მალე უნდა გახდეს ცნობილი. ანტივირუსული წამალი, სახელად რემდესივირი, ცხოველებისათვის ეფექტური აღმოჩნდა და სწორედ ეს წამალი გამოიყენეს ვაშინგტონში პირველი ამერიკელი პაციენტის სამკურნალოდაც. წამალზე პარალელურად მუშაობს აშშ, ჩინეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა.
მიმდინარეობს ვაქცინაზე მუშაობაც, თუმცა ვაქცინის შექმნა შრომატევადი პროცესია.
2003 წლის SARS-ის ეპიდემიის დროს მკვლევარებს 20 თვე დასჭირდათ, რათა ვაქცინა ადამიანებზე ტესტირების ეტაპამდე მიეყვანათ. საბოლოოდ, ვაქცინა საჭირო აღარ აღმოჩნდა, რადგან დაავადების შეჩერება მოხერხდა. 2015 წელს კი ზიკას საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას 6 თვე დასჭირდა.
მეცნიერებმა უკვე შეისწავლეს ახალი კორონავირუსის გენომი და ის ცილებიც იპოვეს, რომლებიც ვირუსს გადასარჩენად სჭირდება.
"თუ წინააღმდეგობას არ წავაწყდებით, ცდების პირველ ეტაპამდე უახლოეს სამ თვეში მივალთ", - ამბობს ანტონი ფაუკი, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი. თუმცა საწყისი ცდებიდან დამტკიცებამდე პროცესი ხანდახან თვეობით, ხანაც კი წლობით იწელება. მეცნიერები უნდა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.
საუკეთესო შემთხვევაში ვაქცინა ერთი წლის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.
კომენტარები