როცა მეცნიერება კაცობრიობის ერთადერთი დასაყრდენი ხდება — ბრძოლა COVID-19-თან
ალბათ სიცრუე არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ადამიანების ის ჯგუფი, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში იშვიათად თუ ექცევა.
ნამდვილად, მეცნიერებას ხშირად ვერ შეხვდებით საკითხთა იმ სიაში, რომლებზეც საზოგადოება აქტიურად მსჯელობს და ფიქრობს. ამ ადამიანებს ვერ გავამტყუნებ, მეცნიერება რთული და ჩახლართულია, ზოგჯერ, მოსაწყენიც, მაგრამ რეალობა ისაა, რომ თანამედროვე ცივილიზაცია მეცნიერების კისერზე დგას, ხოლო ჩვენს ყოველდღიურობაზე, ჯანმრთელობაზე, კომფორტზე, უსაფრთხოებაზე, გადაჭარბების გარეშე, ლაბორატორიაში მოფუსფუსე ადამიანები და მათი ნაშრომები უდიდეს გავლენას ახდენს.
პროლოგი
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც პირველ დეკემბერს ჩინეთში ამ დრომდე უცნობი კორონავირუსი დაფიქსირდა. დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობამ დეკემბრის განმავლობაში კიდევ იმატა, იანვრის პირველ რიცხვებში კი ნელ-ნელა ყველამ გაიაზრა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
ვირუსის გამოჩენის შემდეგ მეცნიერებმა, პირველ რიგში, მისი გენომი გაშიფრეს.
პარასკევს, 10 იანვარს, ჩინელმა მეცნიერებმა ონლაინ პლატფორმაზე ვირუსის გენომი ატვირთეს — ეს ფასდაუდებელი ინფორმაცია მსოფლიოს გარშემო ნებისმიერი მეცნიერისთვის გახდა ხელმისაწვდომი, რის შედეგადაც ჯერ კიდევ უცნობ პათოგენთან ბრძოლის "საერთაშორისო ოპერაცია" დაიწყო.
შაბათს, 11 იანვარს, პერუდის უნივერსიტეტის პროფესორმა ენდრიუ მასეკარმა საკუთარი ლაბორატორია ახალი კორონავირუსის რნმ-ის ანალიზისთვის გადააწყო და მისმა გუნდმა პათოგენის გენომის კვლევა დაიწყო. როგორც მალევე დადგინდა, რნმ-იის თანმიმდევრობა ძალიან წააგავდა 2002-2003 წელს გავრცელებული მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) გამომწვევი კორონავირუსის შტამის გენომს.
SARS-ით 2002-2003 წელს 8 000 ადამიანი ინფიცირდა, 800 კი დაიღუპა.
მეცნიერებმა ახლა კორონავირუსზე ექსპერიმენტების ჩატარება, მისი უცნობი მხარეების აღმოჩენა და ამ ინფორმაციის მსოფლიოსთვის გაზიარება უპრეცედენტო ტემპებით დაიწყეს.
"პროცესები ასეთი სისწრაფით არასდროს განვითარებულა. ეს ძალიან ახლებური მიდგომაა. ხშირად მეცნიერები საკუთარ ნაშრომებს გამოქვეყნებამდე სხვადასხვა მიზეზის გამო არ ავრცელებენ ხოლმე. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეგო და ის, თუ ვინაა პირველი, უმნიშვნელოა. ჩვენ უბრალოდ ყველანი ვცდილობთ, რომ პრობლემა გადავჭრათ", — აცხადებს ნორთვესტერნის უნივერსიტეტის ფეინბერგის სამედიცინო სკოლის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი კარლა სეჩელი The Washington Post-თან საუბარში.
ელვის სისწრაფით
გენომის გამოქვეყნებიდან 12 დღის შემდეგ (22 იანვარს) აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა პირველი ანალიზი, სადაც მიუთითებდნენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანის უჯრედებში შესაღწევად, სავარაუდოდ, იმავე მექანიზმს იყენებდა, რომელსაც SARS-ის ვირუსი. 12 საათის შემდეგ კი ჩინელმა მეცნიერებმა პაციენტის ორგანიზმიდან გამოყოფილი ვირუსის გამოყენებით ეს მოსაზრება დაამტკიცეს.
ამავე დღეს (22 იანვარს) უისკონსინის პრიმატების კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა, დეივ ო'კონორმა და ტომ ფრიდრიხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფანტული კოლეგები საკომუნიკაციო პლატფორმა Slack-ში ახლადშექმნილ ჯგუფში (სახელად Wu-han Clan) მოიწვიეს.
მკვლევრებს ახლადგავრცელებული ვირუსის შესახებ ცნობები მიღებული ჰქონდათ. მათ გაიაზრეს, რომ ახალი პათოგენის ბიოლოგიის შესასწავლად და მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გასაცემად მკვლევრებს ვირუსის შესწავლა პრიმატის სამოდელო ორგანიზმში დასჭირდებოდათ.
"ჯგუფის შექმნის მთავარი იდეაა, რომ კვლევების კოორდინირება მოხდეს", — აცხადებს დეივ ო'კონორი.
Wu-han Clan კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ იცვლება "მეცნიერების კეთების" მეთოდები თანამედროვე სამყაროში.
განსხვავებით 2010 წლისგან, ახლა არსებობს უამრავი პრეპრინტ სერვერი, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას სხვა მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომს მანამდე ხდის, სანამ სამეცნიერო ნაშრომი ოფიციალურ განხილვას და ჟურნალში გამოსაქვეყნებლად საჭირო სხვადასხვა პროცედურებს გაივლის.
აღსანიშნავია სამეცნიერო ჟურნალებში დასაქმებული ადამიანების თავდაუზოგავი შრომაც, რომლებიც დამატებით საათებს მუშაობენ იმისათვის, რომ დარეგისტრირებული ნაშრომები რეკორდულ დროში შეამოწმონ, განიხილონ და დაბეჭდონ, რათა ინფორმაცია ხელმისაწვდომი მაქსიმალურად სწრაფად გახდეს. მაგალითად, New England Journal of Medicine-ში (NEJM) COVID-19-ის შესახებ ერთ-ერთი სტატია დარეგისტრირებიდან 48 საათში გამოქვეყნდა, რაც ამ საქმისათვის ძალიან მცირე დროა.
ამჟამად პლატფორმა GISAID-ზე ახალი კორონავირუსის უკვე 200-ზე მეტი გენომია ატვირთული, რომელსაც ბიოლოგები ელვის სისწრაფით აანალიზებენ.
"ეს ძალიან განსხვავებული რამაა. სწრაფი კომუნიკაციის საშუალებებმა მეცნიერებს შორის უჩვეულო კოლაბორაცია გამოიწვია. ბოლო 6 კვირის განმავლობაში მათი წყალობით უპრეცედენტო რაოდენობის ცოდნა შეიქმნა", — აცხადებს Wellcome Trust-ის (კომპანია, რომელიც მეცნიერებისთვის გრანტებს გასცემს) ხელმძღვანელი ჯერემი ფარარი ჟურნალ Science-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
პირველი ექსპერიმენტული ვაქცინა — რბოლა ვირუსის წინააღმდეგ
მას შემდეგ, რაც მეცნიერებს კორონავირუსის გენომი ხელში ჩაუვარდათ, ვაქცინის შექმნაზე მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა ჯგუფმა დაიწყო.
გენომის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს (10 იანვარს) აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ვაქცინების კვლევითი ცენტრის დირექტორი ბერნი გრეჰემი და მისი კოლეგები ლაბორატორიაში შეიკრიბნენ. რამდენიმე საათში კი დაადგინეს გენეტიკური კოდის ის რეგიონი, რომელიც, შესაძლოა, ვაქცინის შესაქმნელად გამოსადეგი იყოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ტედროს გებრეისუსი თქმით, ვაქცინის შექმნაზე 20-ზე მეტი კომპანია მუშაობს, მათ შორისაა Johnson & Johnson, Sanofi, Novavax, Inovio, Vaxart, Moderna და Gilead.
Inovio-მ კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად Coalition for Epidemic Preparedness Innovations-სგან $9 მილიონი მიიღო. მსგავსი გრანტი მიიღო Moderna-მაც, რომელიც პროფესორი გრეჰემის ჯგუფთან ერთად მუშაობს. ასევე დაფინანსდნენ ავსტრალიელი მეცნიერები ქუინსლენდის უნივერსიტეტიდან.
ისტორიულად, ვაქცინები დაავადებების თავიდან ასარიდებლად საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტექნოლოგიების და სწრაფი კომუნიკაციის საშუალებების წყალობით მეცნიერებს შედეგების მიღწევა უპრეცედენტოდ მცირე დროში შეუძლიათ, ვაქცინის შექმნა მაინც საკმაოდ ძვირი და ჩახლართული პროცესია.
გრეჰემმა ახალი ვირუსის გენომური თანმიმდევრობა გუნდთან ერთად გააანალიზა და ის SARS-ის და MERS-ის (კიდევ ერთი კორონავირუსი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს იწვევს) გენომებს შეადარა. მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ ცილა SPIKE-ზე ფოკუსირებულიყვნენ, რომელიც კორონავირუსის გარე ნაწილზეა მოთავსებული. სწორედ ამ ცილის საშუალებით აღწევს ვირუსი უჯრედებში.
"თუ SPIKE ცილას ისე დაბლოკავ, რომ ის უჯრედს ვეღარ მიებას, ამით ინფექციის თავიდან აცილებაა შესაძლებელი", — აცხადებს გრეჰემის გუნდის ლიდერი კიზმეკია კორბეტი.
თავის დროზე კორბეტი და სხვები SPIKE ცილას SARS-ისა და MERS-ის ექსპერიმენტული ვაქცინის შესამუშავებლად იკვლევდნენ, თუმცა ვაქცინა ბაზარზე არასდროს გამოსულა, რადგან აღნიშნული ეპიდაფეთქებების შეჩერება მალევე მოხერხდა (აღსანიშნავია, რომ, გასულ წელს MERS-ის საცდელმა ვაქცინებმა ადამიანებში წარმატება აჩვენა.)
გრეჰემის გუნდმა გადაწყვიტა, რომ SARS-ის ექსპერიმენტული ვაქცინის მოდელი (ნიმუში) გადაეწყო და მასში ისეთი გენომური თანმიმდევრობები ჩაესვა, რომლებიც ვაქცინას ახალი კორონავირუსის მიმართ ეფექტიანს გახდიდა. ვაქცინის ახალი "გეგმა" კი Moderna-ს გადაუგზავნა.
კომპანიაში მეცნიერებმა ამ გენეტიკური ინფორმაციით სინთეტური მესენჯერული-რნმ დაამზადეს. ეს ერთგვარი ინსტრუქციაა უჯრედისთვის, რომელიც მას ასწავლის, ვირუსის წინააღმდეგ როგორი ანტისხეულების დამზადებაა საჭირო.
26 თებერვალს კი Moderna-მ პირველი ექსპერიმენტალური ვაქცინა ტესტირებისთვის აშშ-ს ალერგიებისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს გაუგზავნა. თავდაპირველად ვაქცინის გამოცდა კორონავირუსით ინფიცირებულ თაგვებზე მოხდება.
აპრილის ბოლოს კი, გეგმის მიხედვით, ტესტირება მოხალისეებშიც დაიწყება.
აღნიშნული ამბავი, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ვაქცინების ფართო მოხმარებაში ჩაშვებამდე მეცნიერებს დაახლოებით ერთი წელი სჭირდებათ, ხშირად კი, ბევრად მეტიც. ამის მიზეზი ისაა, რომ ვაქცინამ ცხოველებსა და ადამიანებში ტესტირება უნდა გაიაროს. აუცილებელია მრავალჯერ გადამოწმდეს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.
მედიკამენტებმა, შესაძლოა, ვაქცინებს დაასწრონ
ეპიდემიის წინააღმდეგ ეფექტური პასუხისთვის ვაქცინების გარდა უმნიშვნელოვანესია სამკურნალო მედიკამენტების არსებობა. მედიკამენტები იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც ვირუსი უკვე აქვთ, ვაქცინები კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ნფიცირებულთა რიცხვი არ გაიზარდოს.
მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე მუშაობა ჯერ კიდევ SARS-ისა და MERS-ის აფეთქებების დროს დაიწყეს, თუმცა, რადგანაც აღნიშნულ ეპიდემიებთან გამკლავება სწრაფად მოხერხდა, მედიკამენტებზე დაწყებული მუშაობა ბოლომდე არ დასრულებულა.
საბედნიეროდ, ამ პროცესში დაგროვილი ცოდნა დღესაც ხელმისაწვდომია და მკვლევრები ცდილობენ, რომ ეს "ფორა" მათ სასიკეთოდ გამოიყენონ. მედიკამენტებს შორის ყველაზე დამაიმედებელი კანდიდატი რემდესივირია, რომელიც კომპანია Gilead-ის მიერ ებოლას საწინააღმდეგოდ შეიქმნა.
თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ რემდესივირს უჯრედებში SARS-ისა და MERS-ის ვირუსების განეიტრალება შეუძლია. კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ რადგანაც რემდესივირს ებოლას წინააღმდეგ ცდიდნენ, მას კლინიკური ცდები უკვე გავლილი აქვს და დადასტურებულია, რომ ის ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანო არ არის.
ამის გამო ჩინელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა COVID-19-ის პაციენტებში რემდესივირის გამოცდა სწრაფად დაიწყეს, მისი ეფექტიანობის შესახებ პირველი შედეგები, სავარაუდოდ, აპრილში გახდება ხელმისაწვდომი. თუ მედიკამენტი გაამართლებს კომპანია Gilead, დიდი ალბათობით, მის დაჩქარებულ წარმოებას დაიწყებს, რათა ის პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
რემდესივირის გარდა ცდები მიმდინარეობს სხვა მედიკამენტებზეც, მაგალითად, ჩინეთმა ადამიანებში მალარიის საწინააღმდეგო წამლის, ქლოროქინის კორონავირუსის წინააღმდეგ ტესტირება დაიწყო. ქლოროქინმა უჯრედულ კულტურებში კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურობა აჩვენა.
მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორის, მეთიუ ფრიმენის ლაბორატორიამ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისგან კორონავირუსი 7 თებერვალს მშრალ ყინულსა და დამცავ შეფუთვაში მოთავსებული ცერა თითისხელა ორი სინჯარის სახით მიიღო.
ნიმუშები მომდევნო სამი დღის განმავლობაში ღრმა გაყინვის მდგომარეობაში შენარჩუნდა, 10 თებერვალს კი პროფესორმა უნივერსიტეტის ბიოუსაფრთხოების კომიტეტისგან ექსპერიმენტების დასაწყებად სინჯარების გახსნის უფლება მიიღო.
წელზე მიმაგრებული ჰაერის ფილტრებით, თავიდან ფეხებამდე დამცავ კოსტუმებში გამოწყობილმა ფრიმენმა და კოლეგებმა კოლბებში მოთავსებული მაიმუნის თირკმლის უჯრედების ახალი კორონავირუსით ინფიცირება და ვირუსის ქცევის შესწავლა დაიწყეს.
ფრიმენის გეგმა იმ 24 სხვადასხვა ანტივირუსული პრეპარატის კორონავირუსის წინააღმდეგ გამოცდას ითვალისწინებს, რომლებმაც თავის დროზე SARS-ისა და MERS-ის წინააღმდეგ ეფექტურობა აჩვენეს. კარგი ისაა, რომ აღნიშნული მედიკამენტები ადამიანებში უკვე გამოცდილია, რაც ნიშნავს, რომ თუ ისინი კორონავირუსის განადგურებას შეძლებენ, მათი ადამიანებში გამოყენება შესაძლებელი მალევე გახდება.
ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 80-ზე მეტი კლინიკური ცდა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების გამოვლენაა. აღნიშულ პროცესში ძლიერადაა ჩართული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.
ომი დაწყებულია
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ინფექციები სწრაფად მრავლდება, თუმცა ასევე სწრაფად იწყებს გამრავლებას SARS-CoV-2-ის ნიმუშები მსოფლიოს ლაბორატორიებში.
ვირუსის შესწავლა პირველი ნაბიჯია იმ გზაზე, რომელიც ბოლოს მისი განკურნების ან თავიდან აცილების მეთოდამდე მიგვიყვანს. ამ გზაზე უამრავ სირთულეს ვხვდებით — უნდა გამოიცადოს პოტენციური მედიკამენტები, უნდა მოხდეს პათოგენის შესწავლა ცხოველურ მოდელებში, უნდა დაისვას ყველა კითხვა, რომელმაც, შესაძლოა, ვირუსის დამარცხების გასაღები გვაპოვნინოს.
სამწუხაროდ, კორონავირუსის შესახებ სათანადო ცოდნისა და საჭირო ლაბორატორიული აღჭურვილობის მქონე მეცნიერების სია არც ისე დიდია. ამის ერთ-ერთი მიზეზი სფეროს არასტაბილური დაფინანსებაა. ლეტალური ეპიდემიების დროს კონკრეტული სფეროების მიმართ ინტერესი იმატებს, ხოლო როდესაც მყისიერი საფრთხე ქრება, ის იკლებს.
ყველა ლაბორატორიას მაღალი საფრთხის შემცველი ვირუსების შესწავლა არ შეუძლია, რადგან ამ საქმისთვის სათანადო ბიოუსაფრთხოების ნორმებია საჭირო. მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერის, მეთიუ ფრიმენის ლაბორატორიის კარებზე “ბიოლოგიური საშიშროების” ყვითელ სტიკერს შეხვდებით. კარების მიღმა დალუქული ოთახია, სადაც მკვლევრები ბიოუსაფრთხოების სათანადო აღჭურვილობას იცვამენ.
ლაბორატორიაში ხელოვნურად კონტროლდება ჰაერის წნევაც და ის გარეთ არსებულზე დაბალია, რათა ჰაერში გავრცელებული შესაძლო პათოგენის ლაბორატორიიდან გადინება არ მოხდეს. ექსპერიმენტების შედეგად დარჩენილი ნებისმიერი ნარჩენი ლაბორატორიას სპეციალური კარების მეშვეობით ტოვებს, რომელიც წყალქვეშა ნავის ლუქს ჰგავს. ლუქის მიღმა კი მაღალი წნევის კამერაა, სადაც მაღალი ტემპერატურის მეშვეობით ნარჩენები დნება და ნადგურდება.
"Highest level of alert"
"რისკის ყველაზე მაღალი დონე"
28 თებერვალს მსოფლიო ჯანდაცვის ორაგნიზაციამ კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელების რისკი "ძალიან მაღალ" კატეგორიაში გადაიყვანა, რომელიც WHO-ს კლასიფიკაციაში ყველაზე მაღალი საფეხურია.
29 თებერვლის მონაცემებით მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 85 400-ს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 2 921-ს აჭარბებს. კორონავირუსი ამჟამად 57 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
სიტუაცია რთულია, თუმცა ერთი რამ ცხადია:
ჩვენ ახლა უპრეცედენტო კოლაბორაციის მომსწრენი ვართ და პირდაპირ რეჟიმში ვუყურებთ, თუ როგორ ცდილობს მეცნიერება კაცობრიობის კიდევ ერთხელ გადარჩენას.
კომენტარები