პანამის დოკუმენტები — მოკლედ და გასაგებად

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა მოხდა?

ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იურიდიული ფირმა მოსაკ ფონსეკას საიდუმლო დოკუმენტები. 11 მილიონ საბუთში ცხადად ჩანს, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ოფშორულ ზონებს ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.

გამოჟონილი დოკუმენტების რაოდენობა კოლოსალურია. იურიდიული ფირმის შიდა ბაზიდან 2.6 ტერაბაიტის მოცულობის 11.5 მილიონი დოკუმენტია ამოღებული, რაც ბევრად მეტია, ვიდრე 2010 წლის ვიკილიქსის ან 2013 წლის სნოუდენის დოკუმენტები.

ვინ შეაგროვა ეს დოკუმენტები?

პანამის დოკუმენტები უპრეცედენტო ჟურნალისტური გამოძიებაა. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) გერმანულ გაზეთ Suddeutsche Zeitung-თან, OCCRP–სა და სხვა 100-ზე მეტ მედია-პარტნიორთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდა დოკუმენტებს, რათა გამოეაშკარავებინა მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერთა კავშირები ოფშორულ ჰოლდინგებთან, გლობალურ სკანდალებთან, მათი ფარული ფინანსური ოპერაციები თაღლითებთან, ნარკომოვაჭრეებთან, მილიარდელებთან და ვარსკვლავ სპორტსმენებთანაც კი.

სრული ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ICIJ-ს სპეციალურ საიტზე, სადაც მასალები და მომზადებული რეპორტაჟები ქვეყნების და მოქმედი პირების მიხედვითაა დალაგებული.

რა არის Mossack Fonseca?

Mossack Fonseca პანამური იურიდიული ფირმაა. მათი სერვისებიდან ერთ-ერთი უმთავრესი ოფშორულ ზონებში კომპანიების დარეგისტრირებაა. ისინი ყოველწლიური საფასურის სანაცვლოდ არეგისტრირებენ და ადმინისტრირებას უწევენ კომპანიებს ისეთ ზონებში, როგორიც არის მაგალითად შვეიცარია, კვიპროსი და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები.

Mossack Fonseca ოფშორული სერვისების მქონე ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმაა მსოფლიოში. იგი 300 ათასზე მეტ კომპანიას წარმოადგენს.

რას ნიშნავს ოფშორული ზონა?

როგორც წესი, ამ ტერმინით მოიხსენიებენ მცირე ზომის, ნაკლები გადასახადების მქონე იურისდიქციებს, რომელთა მთავარი ფუნქცია, ქვეყნის არა-რეზიდენტი პირებისთვის ფინანსური სერვისებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნაა.

ქვეყნები, საიდანაც არიან დოკუმენტებით გამოაშკარავებული პოლიტიკოსები და სხვა პირები

ფოტო: JCRules / Wikipedia

ყველა თაღლითია, ვინც ბიზნესს ოფშორულ ზონაში აწარმოებს?

არა. ოფშორული საქმიანობა სრულიად ლეგალურია და ამისთვის ბევრი ლეგიტიმური მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ოფშორულ ზონებში ახერხებენ საკუთარი ქონების უსაფრთხოდ შენახვას ბიზნესმენები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც რუსეთია, სადაც მათი საკუთრება არც კრიმინალისგანაა დაცული და არც სახელმწიფოსგან.

საქართველო არის ნახსენები დოკუმენტებში?

გასაჯაროვებულ დოკუმენტებში საქართველოსთან დაკავშირებული მხოლოდ ბრიტანული ვირჯინიის კუნძულების საფინანსო გამოძიების სააგენტოსა და Mossack Fonseca-ს შორის არსებული მიმოწერაა. ფინანსური გამოიძიების სააგენტოს, ფულის გათეთრების საქმეებზე მომუშავე აგენტი ნიზბეტ მადურო დაინტერესდა ვინ იდგა კომპანია Lynden Management Ltd.-ს უკან და რა საქმიანობას ეწეოდა ეს კომპანია, რომელიც ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსდა.

Mossack Fonseca-ს სინგაპურის ოფისმა ოფიციალურ შეკითხვაზე საგამოძიებო სააგენტოს უპასუხა, რომ Lynden Management Ltd.-ს მფლობელი საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილია (იხილეთ დოკუმენტი და სრული სტატია ნეტგაზეთზე). Mossack Fonseca-მ სინგაპურის ოფისს მოსთხოვა მოეპოვებინა ივანიშვილის პირადობის დამადასტურებელი საბუთები და Lynden Management Ltd.-ს მფლობელობაში არსებული თანხების წყარო. სინგაპურის ოფისმა აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლო, რის შემდეგაც თავის კლიენტს Credit Suisse-ს მიმართა თხოვნით აეღო მოვალეობრივი მზრუნველობა Lynden Management Ltd.-ზე. აღნიშნული კომპანია ბიძინა ივანიშვილს არ აქვს შეტანილი ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც მან პრემიერის პოსტზე ყოფნისას ორჯერ შეავსო.

2016 წლის მარტში, ივანიშვილის ადვოკატებმა ჟენევის პროკურატურაში შეიტანეს საჩივარი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრემიერი Credit Suisse-ს ყოფილ თანამშრომელს თაღლითობაში ადანაშაულებს.

ვის ეხება გამოაშკარავებული დოკუმენტები?

ჟურნალისტების მიერ გამოაშკარავებული დოკუმენტაცია ეხება მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს, ხელოვანებს, სპორტმენებს.

აღნიშნულმა დოკუმენტებმა გამოაშკარავა, რომ რუსეთის პრეზიდენტს პანამაში 2 მილიარდი აშშ დოლარი აქვს გადამალული თავისი უახლოესი მეგობრების დახმარებით. პანამის დოკუმენტებში ასევე არის ჩინეთის პრეზიდენტის, პაკისტანის, ისლანდიის, ბრიტანეთის პრემიერების სახელები და ინფორმაცია მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე, დოკუმენტებში ასევე ფიგურირებს ფეხბურთელ ლიონელ მესისა და მისი მამის სახელები. ესპანეთში უკვე დაწყებულია გამოძიება მესის მიერ გადასახადებისთვის თავის არიდებასთან არსებული ეჭვების გამო. გასაჯაროვებული დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ფინანსებსაც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…