პროკურატურა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან, ზაქრო ალბუთაშვილთან და ნიკა გვენცაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს დანაშაული (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 19 ივნისს, ხუთ სხვა პირთან ერთად, ორივე დამნაშავედ ცნო და 5-5 წლის პატიმრობა განესაზღვრათ. თუმცა, საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, ჩახუნაშვილის სასჯელი შემცირდა — მას განესაზღვრა მხოლოდ 3 თვის რეალური თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის პირობითი მსჯავრი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროცესო გაუფორმა ნიკა გვენცაძესაც. მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

"მსჯავრდებულები ზაქრო ალბუთაშვილი და გიორგი ჩახუნაშვილი ხუთ პირთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 19 ივნისს დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 -5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გიორგი ჩახუნაშვილს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. რაც შეეხება ზაქრო ალბუთაშვილს მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძესთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 7 მაისის განაჩენით ნიკა გვენცაძე სხვა პირებთან ერთად დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა", — ნათქვამია ინფორმაციაში.

IPN-ის ინფორმაციით, პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

გიორგი ჩახუნაშვილი 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, 9 ოქტომბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. თუმცა ორ დღეში, 20 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

მეორე ის 19 ივნისს დააკავეს. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ჩახუნაშვილი (და კიდევ 6 ბრალდებული) დამნაშავედ სცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 71 წლის ექიმი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს, განაჩენის გამოცხადებისთანავე.

გამოძიების ვერსიით, ჩახუნაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში იმყოფებოდა იმ დროს, როცა ღობე გადანგრეული იყო და ნაწილი მომიტინგეებისა შიგნით გადავიდა — პროკურატურის გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ ის იქ ხალხს პროფესიულად ეხმარებოდა (ფიზიოლოგიური ხსნარით). ვიდეოკადრებში მისი მხრიდან ძალადობის ეპიზოდები არ ჩანს.