კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს
ფოტო: moonlock.com
კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა OpenAI-ის შიდა სისტემა გატეხეს. საგულისხმოა, რომ ამისთვის მათ კომპანიის მთავარი კონკურენტის, Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტი (AI), Claude გამოიყენეს. შეიძლება ითქვას, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ მზარდ საფრთხეებს, რომლებზეც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები აქტიურად საუბრობენ.
ასევე იხილეთ: ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
სტარტაპ Hacktron AI-ის მკვლევრებმა OpenAI-ს ერთ-ერთი თანამშრომლის ChatGPT-ის ანგარიშში შეაღწიეს, საიდანაც კომპანიის შიდა კოდზე GitHub-ზე წვდომა მიიღეს. როგორც ირკვევა, გუნდი OpenAI-ს ხარვეზების აღმოჩენის პროგრამაში მონაწილეობდა. The Wall Street Journal-ის ცნობით, გაწეული სამუშაოსთვის კომპანიამ ისინი 6 500 დოლარით დააჯილდოვა და უსაფრთხოების პრობლემა უკვე გამოასწორა.
მკვლევართა ანგარიშის თანახმად, მათ სისტემაში შესაღწევად ჯერ Anthropic-ის Claude Opus 4.8 გამოიყენეს, მაგრამ მოდელმა დავალებას თავი ვერ გაართვა. სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც კომპანიამ განახლებული ვერსია, Opus 5 ჩაუშვა, მცდელობა წარმატებით დასრულდა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ყოველი ახალი მოდელი სულ უფრო იხვეწება და მასშტაბური შესაძლებლობებისა ხდება. კვლევისას ისინი Claude-ის იმ სპეციალურ ვერსიას იყენებდნენ, რომელიც მხოლოდ კვალიფიციური კიბერსპეციალისტებისთვის არის ხელმისაწვდომი.
პროცესი დროისა და რესურსების კუთხითაც საყურადღებოა. სისტემის გასატეხად AI აგენტის რამდენიმე დღე და ადამიანის მხოლოდ რამდენიმესაათიანი ჩართულობა იყო საჭირო. ეს ოპერაცია უფრო დიდი კვლევითი პროექტის ნაწილი იყო, რომელზეც სამი მეცნიერი 2 თვის განმავლობაში მუშაობდა; AI ტოკენების სახით ჯამში მათ 3 000 დოლარზე ნაკლები დახარჯეს.
"პროგრამულ უზრუნველყოფას დიდი ხანი ჰქონდა ერთგვარი უსაფრთხოება, რომელსაც მისი სირთულე უზრუნველყოფდა. ხელოვნური ინტელექტი ამ დაცვას ანადგურებს", — წერენ მკვლევრები დასკვნაში.
მათი განმარტებით, სამუშაო, რომელსაც ადრე კარგად დაფინანსებული გუნდი და თვეობით შრომა სჭირდებოდა, ახლა უკვე რამდენიმე დღეში სრულდება, ამიტომ უსაფრთხოების სტანდარტები ჰაკერების განვითარებულ შესაძლებლობებს სასწრაფოდ უნდა დაეწიოს.
კომენტარები