ასტრონომებმა ცნობილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტას მიაგნეს. საინტერესოა, რომ მეცნიერებმა ამ კოსმოსურ "ახალშობილს" ძველ არქივებში მიაკვლიეს.

ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტა, სახელად Elias 2-24 b, მასით დაახლოებით იუპიტერს უტოლდება. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ზომისა, იგი დღემდე დაფიქსირებულ პლანეტებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა — მისი ასაკი მილიონ წელზე ნაკლებია. ჩვენი მზის სისტემის მიღმა მდებარე ეს ობიექტი დედამიწიდან 450 სინათლის წლის მოშორებითაა და ჯერ კიდევ იმ მტვრისა და აირის ღრუბელშია, რომელშიც წარმოიქმნა.

აქამდე ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტის სტატუსს ოთხი სხვადასხვა სხეული ინაწილებდა, რომელთა ასაკიც 5 მილიონ წელს აღემატება.

"პლანეტების ფორმირების არსებული მოდელები ადრე რეკორდულად ახალგაზრდად მიჩნეული ობიექტების წარმოშობასაც ძლივს ხსნიდა. Elias 2-24 b გვიჩვენებს, რომ ჩვენს საუკეთესო მოდელებშიც კი მნიშვნელოვანი პროცესები გვაკლია", — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, ჩილეს ასტროფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი, ლუკას სიესა.

დიეგო პორტალესის უნივერსიტეტში დოქტორანტის კანდიდატ ანდრეა ბერნარდის ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფმა კეკის ობსერვატორიის არქივები გამოიკვლია. დაკვირვების მთავარი ობიექტი ვარსკვლავი Elias 2-24 იყო, რომელსაც გარს მატერიის დისკო ეკვრის. მიღებულმა შედეგებმა ინტერფერომეტრ ALMA-სა და ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ადრეული დაკვირვებები დაადასტურა — ვარსკვლავის გარშემო არსებულ აირ-მტვრის დისკოში რაღაც მართლაც იმალებოდა.

არქივის მონაცემები კეკის ტელესკოპზე დამონტაჟებული კორონოგრაფის მეშვეობით იყო შეგროვებული. ის ვარსკვლავის სიკაშკაშეს ბლოკავს, რაც მის ორბიტაზე მოძრავი პლანეტების მიერ არეკლილი სინათლის დაფიქსირებას გაცილებით აიოლებს. მკვლევრებმა მონაცემებში შვიდი შორეული მნათობის გარშემო არსებული არეალები შეამოწმეს, სადაც, სავარაუდოდ, პლანეტების წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობდა. მათ იფიქრეს, რომ ეგზოპლანეტები მატერიის ღრუბლის იმ რეგიონში უნდა მოეძებნათ, რომელიც აირ-მტვრისგან დაცარიელებული იყო (ანუ იმ ორბიტაზე ნივთიერებები რაღაცამ მიიზიდა).

"პლანეტები სწორედ ამ ცარიელ სივრცეებში უნდა იყოს, რადგან ისინი მათივე გავლენით წარმოიქმნა. Elias 2-24 b სწორედ ასეთ ადგილას აღმოვაჩინეთ", — აღნიშნავს ანდრეა ბერნარდი.

მსგავს დისკოებში განვითარების ასეთ ადრეულ ეტაპზე არსებული პლანეტის მიგნება მეცნიერებს საშუალებას აძლევს, პლანეტათა ჩამოყალიბების საწყისი ფაზები უკეთ შეისწავლონ.

"გალაქტიკა ახალ ვარსკვლავებსა და პლანეტებს უწყვეტად წარმოქმნის, შესაბამისად, ევოლუციის თითოეულ ეტაპზე უამრავი ობიექტია. თეორიულად, ამ პროცესის სრულად დანახვა შეგვიძლია, თუმცა ბევრი რამაა, რისი დაფიქსირებაც ტელესკოპების უმეტესობით ვერ ხერხდება. ამ ეტაპზე ასეთ ახალგაზრდა პლანეტებს თითქმის ვერ ვხედავთ“, — განმარტავს სიესა.

ასტრონომები იმედოვნებენ, რომ მომავალში ეგზოპლანეტებზე პირდაპირ დაკვირვებას NASA-ს ნენსი გრეის რომანის სახელობის კოსმოსური ტელესკოპის კორონოგრაფით შეძლებენ. ეს კოსმოსში გაშვებული ყველაზე დახვეწილი ინსტრუმენტია, რომელიც ეგზოპლანეტებისა და მათი ატმოსფეროების სიღრმისეულად შესწავლის საშუალებას მოგვცემს.

"ხშირად გვესმის, რომ ტელესკოპები ცალ-ცალკე მუშაობს, თუმცა ეს აღმოჩენა მხოლოდ რამდენიმე ობსერვატორიის ძალისხმევის გაერთიანებით გახდა შესაძლებელი. Elias 2-24 b იმის ზღვარზეა, რისი დაფიქსირებაც თანამედროვე ტელესკოპებს შეუძლია, თუმცა ახალი ინსტრუმენტების დახმარებით ასეთი ობიექტების მიგნება ბევრად გამარტივდება", — დასძენს ანდრეა ბერნარდი.

აღნიშნული კვლევა სამეცნიერო ჟურნალ The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.