ისტორიაში პირველად, იაპონიაში 100 წელს მიღწეული და გადაცილებული ადამიანების რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტრომ განაცხადა. ეს ნიშნავს, რომ თუ იქ მცხოვრებ ამ ასაკის ხალხს ერთად შევკრებთ, მათ იაპონიის მასშტაბით უდიდესი იოკოჰამას საერთაშორისო სტადიონიც ვერ დაიტევს.

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ამჟამად 100 ან მეტი წლის 107 677 ხანდაზმული ცხოვრობს. გამოდის, რომ 2025 წლის შემდეგ ამ რაოდენობამ 7914-ით მოიმატა.

შედარებისთვის, 1963 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 153 იყო, 1981 წლისთვის 1000-ს მიაღწია, 1998 წელს კი — 10 000-ს. 2012-ში მაჩვენებელი უკვე 50 000 გახდა.

იაპონიაში მცხოვრები 100 ან მეტი წლის ადამიანების უმრავლესობა — 94 298 (87.6%) — ქალია. უნდა აღინიშნოს, რომ ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა კაცებისას ზოგადადაც აღემატება, თუმცა, როგორც ჩანს, ეს სხვაობა უკიდურეს ხანდაზმულობაში კიდევ უფრო მეტად ღრმავდება.

ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო

იაპონიაში ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84.1 წელია, ანუ ის ამ მხრივ ისედაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა (ტოპ სამეულში მონაკო, სან-მარინო და ჰონგ-კონგია). ამის მიზეზად იქ მცხოვრებ ხალხში გულის იშემიური დაავადებებისა და სიმსივნის — განსაკუთრებით ძუძუსა და პროსტატის კიბოს — ნაკლებობას ასახელებენ. ასევე, მათში იშვიათია სიმსუქნეც, რომელიც ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას იწვევს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საკვებია. იაპონურ სამზარეულოში გავრცელებულია როგორც მთლიანი მარცვლეული, ასევე ბოსტნეული, ზომიერი რაოდენობით სოია და ცხოველური პროდუქტები. იქ რძის ნაწარმს მხოლოდ მინიმალურად მოიხმარენ, თევზი კი რაციონში ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. იაპონიაში უყვართ მწვანე ჩაი, ზღვის წყალმცენარეები და ფერმენტირებული საკვები, რომლებიდანაც ყველა საკუთარი სარგებლითაა ცნობილი.

ფოტო: Shutterstock.com

იაპონიაში მცხოვრები ადამიანები ფიზიკურადაც აქტიურები არიან. კვლევის თანახმად, 50 ან მეტი წლის მოქალაქეები ყოველდღიურად სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში მაინც დადიან, 17.5% კი ფეხით სიარულს ერთ საათს ან უფრო მეტ დროს უთმობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სოციალური კავშირებია. ცნობილია, რომ სხვებისგან იზოლაცია გულსისხლძარღვთა და ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს უკავშირდება. ხანდაზმულებში ეს მოწევისა და სიმსუქნის რისკფაქტორადაც მიიჩნევა. იაპონელებში კი მჭიდრო სოციალური ურთიერთობებია გავრცელებული, მათ შორის ოჯახის წევრებს შორის. ისიც აღსანიშნავია, რომ იაპონია ჯანდაცვის სისტემითაც გამოირჩევა, რადგან მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურება ადვილად ხელმისაწვდომია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, უცნობია, მსგავსი ტენდენცია მომავალშიც თუ გაგრძელდება. საქმე ისაა, რომ კვლევების მიხედვით, ბოლო წლებში იაპონიაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიცოცხლის ხარისხის გაუარესება შეინიშნება, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის დროს და შემდეგ წლებში. ეკონომიკაც შედარებით რთულ მდგომარეობაშია, რამაც შეიძლება ასევე უარყოფითად იმოქმედოს.

ასეა თუ ისე, დღეს იაპონიაში საკმაოდ ბევრი ასწლოვანია. იცხოვრებენ თუ არა ამდენივე ხანს ამჟამად დაბადებული ადამიანები, მომავალი გვიჩვენებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.