ევროკომისია დღეს, 18 სექტემბერს უკრაინას თავდაცვითი შესყიდვებისთვის 3.3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს. ეს თანხა 90 მილიარდი ევროს მოცულობის უკრაინის მხარდაჭერის სესხის ნაწილია.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროპა გააგრძელებს იმ მხარდაჭერის მიწოდებას, რომელიც უკრაინას თავისი ხალხისა და ტერიტორიის დასაცავად სჭირდება.

"დღეს ჩვენ 3.3 მილიარდ ევროს გამოვყოფთ უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებში დრონებისა და რაკეტების შესყიდვაში დასახმარებლად. ევროპა გააგრძელებს იმ მხარდაჭერის მიწოდებას, რომელიც უკრაინას თავისი ხალხისა და ტერიტორიის დასაცავად სჭირდება", — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ეს უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებში მეოთხე გადახდაა. ამ თანხის ჩათვლით, კომისიას წელს უკრაინისთვის, თავდაცვისა და ფართო მხარდაჭერისთვის, თითქმის 15 მილიარდი ევრო აქვს ჩარიცხული.

ცნობისთვის, დღევანდელი ტრანზაქცია კომისიის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც უკრაინისთვის 6.1 მილიარდი ევროს (საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის და სხვა თავდაცვითი საჭიროებებისთვის) გადაცემა დამტკიცდა. 2026 წლის თებერვალში ევროპულმა პარლამენტმა და საბჭომ მიიღეს რეგლამენტი (EU) 2026/467, რომლითაც დამტკიცდა უკრაინის მხარდაჭერის სესხი, რომელიც უკრაინას 90 მილიარდ ევრომდე დახმარებით უზრუნველყოფს.